პირველად ქართული, ევროპული და მსოფლიო რაგბის ისტორიაში, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ირლანდია დაამარცხა და თასის ნახევარფინალში გავიდა!
ესაა შედეგი იმ უდიდესი სამუშაოსი, რომელიც ქართულმა რაგბიმ მთელი 60 წლის განმავლობაში გაწია - “პირველმა მერცხლებმა” სპორტის ამ სახეობას საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კარგი გამოსვლით გაუთქვეს სახელი, საფრანგეთში წასულმა ლეგიონერებმა იქაურებს ქართველებისადმი ნდობა გაუღვივეს, ლეგიონერების მომრავლებამ საქართველო მეოთხედ გაიყვანა მსოფლიო თასზე, იქ კარგმა თამაშმა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გარჯამ კი, მოედნები და ახალგაზრდებში დაინტერესება გააჩინა.
ამ ყველაფერმა ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა დღემდე, როდესაც ქართული რაგბი 18-წლამდელებში ელიტაში გაერია. ბოლო ოთხწელიწადში გუნდმა თავი რომ არ შეირცხვინა, დადგა 2015 წლის 27 მარტი და “უმცროსი ბორჯღალოსნები” ახლა უკვე ევროპის საუკეთესო ოთხეულში არიან და ეს ყველაფერი არაა - წინაა ნახევარფინალი იტალიასთან და მერე ვინ იცის, ეგებ ფინალში თამაშიც გამოვიდეს.
მაგრამ ამ ნიჭიერ თაობას ახლა მეტი თანადგონა უნდა და უწინარესად, მსოფლიოს და ევროპის მმართველი ორგანიზაციებიდან, რათა ეს ნიჭი არ გაცვდეს ესპანეთთან და გერმანიასთან, გნებავთ რუსეთთან და რუმინეთთან თამაშში. უკვე ბრიტანული პრესაც ითხოვს, რომ ექვსი ერის კარი საქართველოსთვის გაიხსნას და სადაც სამართალია, ამ მოგების შემდეგ პირველ ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას. თუნდაც იმით, რომ ამ ეტაპზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მიეცეს მეტი მაღალი დონის შეხვედრების ჩატარების საშუალება. კარგია, თუ 2017 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო თასი საქართველოში ჩატარდება, მაგრამ წელიწადში მხოლოდ ოთხი-ხუთი თამაშის ჩატარება საკმარისი არაა.
თუ მსოფლიოს და ევროპას სურს, რომ რაგბის გლობალიზაცია მართლაც მოხდეს, იმავე 20-წლამდელებში უნდა დანერგოს 18-წლამდელების დარი ნაღდი ევროპის ჩემპიონატი, სადაც ექვსი ერის წარმომადგენლებს რეგულარულად შეხვდებიან ქვედა დივიზიონის მოწინავე გუნდები. თავის მხრივ, ეს უნდა იყოს საწინდარი დიდი ექვსი ერის გაფართოებისა, რადგან ქართველმა 18-წლამდელებმა ისტორიული გამარჯვებით რეალობა შეცვალეს და ფაქტს ევროპისა და მსოფლიო რაგბის მმართველები უბრალოდ ვეღარ გაექცევიან!
ისტორიული გამარჯვება!
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო 8:8 დასრულდა. ამის შემდეგ “შუთაუთის” სერია, იგივე ჯარიმების დუელი დაინიშნა, რომელშიც თითოეულ გუნდს რიგრიგობით 5-5 ჯარიმის შესრულება დაევალა.
ჯარიმა პირველმა ირლანდიელთა 24-მა ნომერმა ქონორ დინმა შეასრულა, რასაც შოთა არეშიძემ ზუსტი დარტყმით უპასუხა (1:1). ამის შემდეგ კელტთა კაპიტანს, ბილ ჯონსთონს გაუცუდდა დარტყმა, მირიან მოდებაძემ კი, შანსი ხელიდან არ გაუშვა (2:1). მესამედ ბურთთან თიმ ფოლი მივიდა და ააცილა, დავით მოძღვრიშვილმა დარტყმა ზუსტად შეასრულა (3:1) და მთელი სტადიონი ირლანდიელი მოთამაშის ჯარიმის მოლოდინში გაისუსა - ნეშ ქელვინმა ააცილა, რითაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ირლანდიის ასაკობრივ ნაკრებს ვძლიეთ და ელიტ ჯგუფის ნახევარფინალში გავედით!
“ეს უდაოდ ისტორიული გამარჯვება იყო. ასეთი შედეგი ამ ასაკობრივ ტურნირზე არასდროს გვქონია” - განაცხადა რაგბის კავშირის სანაკრებო და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ხურციძემ - “ასეთ წარმატებასთან ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ახლოს. მოგეხსენებათ, 2012 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში შესარჩევი ეტაპის შედეგად მოვხვდით ელიტაში. შემდეგ ზედიზედ ორჯერ იტალიის დამარცხებით მე-6 ადგილი დავიკავეთ, რითაც შესარჩევის გარეშე მოვიპოვეთ ასპარეზობის უფლება. დღეს კი, ოთხეულში პირველად შევედით. ეს რა თქმა უნდა ასაკობრივ და ზოგადად ქართული რაგბის მიმდინარე პროგრესზე მეტყველებს.
სასიხარულოა, რომ კარგი თაობა მოდის. კარგი და დაბალანსებული გუნდი გვყავს. ეს შედეგი ასაკობრივ ნაკრებებში უცხოურ გუნდებთან ხშირმა სპარინგებმაც მოიტანა, ვინაიდან ბიჭებს საერთაშორისო მატჩისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური წნეხი თითქმის აღარ აქვთ. ეს მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო, მაგრამ ჩვენ “ხმელეთზე” უნდა დავეშვათ და მოვემზადოთ შემდეგი მატჩისთვის”.
მატჩის პერიპეტიები
ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-3 წუთზე მას შემდეგ გახსნა, რაც რაქში ირლანდიელების მიერ წესების დარღვევისთვის დანიშნული ჯარიმა გელა აფრასიძემ გაიტანა. ნომინალურმა მასპინძლებმა 9 წუთში გვიპასუხეს - შებოჭილ მოთამაშეს “ვერ შეველიეთ”, დავჯარიმდით და ირლანდიელთა მგეზავმა ბილ ჯონსთონმა ზუსტად დაარტყა. ირლანდიელებმა ეს არ იკმარეს და მე-15 წუთზე, რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ ჩვენს ლელოში ბურთი დაამიწეს. 5 ქულა კელტთა ფრთამ, რობერტ ლითლმა მიითვალა, გარდასახვა კი არაზუსტი იყო - 8:3.
უნდა აღინიშნოს, რომ დაცვაში გუნდი კარგად ირჯებოდა, შერკინებაში ბევრად სჯობდა მოწინააღმდეგეს და ჯარიმებსაც ჰკიდებდა, მაგრამ დერეფანში თამაში ჭირდა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები თავდაჯერებულად ათამაშდა და შეტევებს უმატა. მატჩის განახლებიდან მე-10 წუთზე მოგებული დერეფნიდან აგორებულ მოლს, შეცვლაზე შესული ლევან ჭავჭავაძე მოწყდა და ლელოში ბურთი დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო (8:8). ამან ისედაც დრამატულ მატჩს დაძაბულობა შემატა. ორმხრივ შეტევებში ორივე გუნდმა მიიღო ორ-ორი ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ დარტყმა არავის გამოუვიდა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.
რადგან 70 წუთის ამოწურვის (18-წლამდელები 35 წუთიან ტაიმებს თამაშობენ) შემდეგ ნახევარფინალისტი ვერ გამოვლინდა, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ორივე გუნდს 5-5 ჯარიმის შესრულება დაევალა. აქ კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ირლანდიელებს 3 ჯარიმით 1-ის წინააღმდეგ ჩვენმა ბიჭებმა აჯობეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
შემდეგ შეხვედრაში (ნახევარფინალში) 18-წლამდელები უკვე კარგად ნაცნობ იტალიის ნაკრებს 31 მარტს დაუპირისპირდებიან. იტალიელებმა უელსელი თანატოლები მოულოდნელად 14:13 დაამარცხეს, რაც იმის წინაპირობა უნდა იყოს, რომ ნახევარფინალში დიდი ბრძოლა გაიმართება. კიდევ ორ მეოთხედფინალში მასპინძელმა საფრანგეთმა შოტლანდიას 22:10 სძლია, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა, ინგლისელებმა პორტუგალია 85:5 გაანადგურეს.
დავით ჩავლეიშვილი (18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი): “იყო ძალიან მაგარი ბრძოლა, რასაც ირლანდიელებიც არ ელოდნენ, მაგრამ ბიჭებმა რასაც ქვია თავი დადეს. თავიდან შეცდომები დავუშვით, მაგრამ დიდი ძალისხმევით და ხასიათით სიტუაციის შემობრუნება მოხერხდა. იყო რთული მომენტები, თუმცა ბიჭები არ გატყდნენ და ყველა მათგანმა მაქსიმუმი გაიღო ამ გამარჯვებისთვის. ირლანდიელები გვეუბნებიან, ეს რა გულიანი ბიჭები გყოლიათო და გაკვირვებულები არიან.
ირლანდიელებს ეგონათ, რომ საქმეს მალევე მოგვიმთავრებდნენ. ჩვენ მათი თამაში ნანახი გვქონდა, მაგრამ შემადგენლობაში ხუთი-ექვსი კაცი ჰყავდათ შეცვლილი. მეტოქისგან უფრო გაშლილ თამაშს ველოდით, მაგრამ დარტყმები ახლო-ახლო განახორციელეს და ბიჭებიც საკადრისად დახვდნენ. ვინც იყო მოედანზე ყველამ ბოლომდე იბრძოლა. ილია სპანდერაშვილი დაშავდა და თამაშიდან ძლივს გამოვიყვანეთ, სხვა ბიჭებმაც შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს. არანაკლებ იბრძოლეს შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა და ამ ერთიანმა ძალისხმევამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა.
გადამწყვეტი პირველი ტაიმის დასკვნითი წუთები იყო, როდესაც დაცვაში თამაშით, პრაქტიკულად ჩვენი ლელოდან მეტოქე 22-ს გარეთ ავიყვანეთ. ამის შემდეგ ბიჭებმა ირწმუნეს, რომ შეხვედრის მოგება შეიძლებოდა. გასატანი სიტუაციებიდან ორივე გუნდმა ერთნაირად დაკარგა ქულები - ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა ავაცილეთ.
იტალიასთანაც გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მეტოქის თამაში ჯერ არ გვინახია. დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვი ტრავმების მხრივ რა მდგომარეობა იქნება, თუმცა, ამ ეტაპზე საშიში არაფერია და წესით, მომავალი შეხვედრისთვის ყველა მწყობრში უნდა იყოს”.
უკვე ცნობილია, რომ სუსტი ტვინის შერყევის ნიშნები აქვთ ილია სპანდერაშვილსა და გიორგი გოგოლაძეს. მუხლი აწუხებს გიორგი კვესელაძეს.
მაშ ასე, ისტორიული გამარჯვება უკვე აქტივშია და ამისათვის მადლობა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სრულ შემადგენლობას! წინაა ნახევარფინალი იტალიასთან, რომელიც ამ ასაკობრივ დონეზე ორჯერ გვყავს დამარცხებული და იმედია, ამ მატჩის სთრიმის ხილვა მაინც გახდება შესაძლებელი.
2015 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეებს შორის
27 მარტი. მეოთხედფინალები
საქართველო 8:8 (3/1) ირლანდია
საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი გოგოლაძე (26. სანდრო სვანიძე 60), 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 გელა აფრასიძე; 1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი (17ი ლევან ჭავჭავაძე 36), 3ი ლაშა ტაბიძე (კაპ.), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი (21. გიორგი ელისაშვილი 68), 7. ილია სპანდერაშვილი (20. ერეკლე მაჭარაშვილი 47), 8. შოთა არეშიძე.
1 ლელო: ჭავჭავაძე
1 ჯარიმა: აფრასიძე
მსაჯი: რიძო (იტალია)
შუთაუთი: 0/1 დინ, 1/1 არეშიძე; = ჯონსთონ, 2/1 მოდებაძე; = ფოლი, 3/1 მოძღვრიშვილი; = ნეშ
პ.ს. სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც მსოფლიოსა და ევროპას ექვსი ერის გაფართოებას ვთხოვთ, ბევრს ქართველი მორაგბეების წარმატება საქართველოშიც არ უხარია. უცხო ქვეყნის გუნდებისა და ნაკრებების ქართველი გულშემატკივრებისგან ხშირად ისმის საყვედურები, რომ მორაგბეები ფეხბურთს მოედნებსა და ფინანსებს ართმევენ. იმედია, 18-წლამდელების ეს გამარჯვება ამ “ბევრის” ნაწილს აზრს შეაცვლევინებს და გარდა იმისა, რომ საქართველოს (!) გულშემატკივრები გახდებიან, რაგბის, სპორტის ამ ვაჟკაცურ, ქართველთა ხასიათისთვის ზედგამოჭრილ სახეობასაც მიაგებს საკადრის პატივს.