ფინანსურ კრიზისში მყოფ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონში”ვითარება არ შეცვლილა. გაუცემელ ხელფასებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ელექტროენერგიის შეწყვეტაც მოჰყვა. ტელეკომპანია “არგომ” იმერული კლუბში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კლუბების დაფინანსების დაუბალანსებელ ფორმასაც ეხებოდა.
“საფეხბურთო კლუბი “სამტრედია,” რომელიც სრულად კერძო საკუთრებაშია, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მათ საკმაოდ მსხვილი თანხები სარეზერვო ფონდიდან და ქალაქის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს. თუ არ ვცდები, “სამტრედიამ” სახელმწიფოს მხრიდან ბოლო 2 წელიწადში 2 მილიონ 400 ათასი ლარი მიიღო. როგორც ჩანს, საქართველოში კერძო კლუბის დაფინანსების ეს ფორმა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რაც “ზესტაფონთან” მიმართებში არ ხორციელდება”, - აღნიშნა “ზესტაფონის” პრეს-სამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ.
“გაზაფხული ძალას იკრებს. ამ დროს სტადიონის გაზონი ყოველდღიურ მორწყვას ითხოვს, რადგან მოხდეს სასუქის ათვისება. ელექტროენერგიის არქონის გამო ვერ ვრწყავთ. ასეთი პირობები მინდორს დააზიანებს, უწყლობის გამო მინდორი დაიწყებს კვდომას”, - განაცხადა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის დირექტორმა გელა ქათამაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 მარტს “საქენერგოს” თანამშრომლებმა “ზესტაფონის” სტადიონსა და საწვრთნელ ბაზას დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს, თუმცა ამ დრომდე ვითარება უცვლელი რჩება.
https://www.youtube.com/watch?v=X9ujsXPJTNI