რაგბი

17:33 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

The Telegraph: “გაუღეთ საქართველოს ექვსი ერის კარი”

საქართველოს ეროვნული ნაკრების წინსვლა მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში უყურადღებოდ არ დარჩენიათ წამყვან სარაგბო ქვეყნებში და ისეთმა პოპულარულმა გამოცემამ, როგორიც The Telegraph-ია, “ბორჯღალოსნებს” და მათ ექვს ერში გაწევრიანების პერსპექტივას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

რა თქმა უნდა ეს გადამწყვეტი ვერ იქნება, მაგრამ ყოველი მსგავსი ნაბიჯი საქართველოს ევროპის უმთავრეს ტურნირთან აახლოვებს და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ექვსი ერის ჩაკეტილი წრე კიდევ ერთხელ გაიღება. აი რას წერს გამოცემის სპორტული მიმომხილველი ოლივერ ბრაუნი ქართველთა პერსპექტივებზე:

“მაღალ დონეზე თამაშის უფლებისთვის ევროპის ერთა თასისა და ექვსი ერის ბოლოადგილოსანს შორის პლეი ოფის გამართვით, დასრულდება კარჩაკეტილობა და ეს ხელს შეუწყობს რაგბის გლობალიზაციას.

ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად, კვირის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში იტალია დააქვეითა. და ეს სრულიად კანონზომიერად მოხდა, რადგან მაშინ, როდესაც ჟაკ ბრუნელის იტალია დიდი სხვაობებით მარცხდებოდა, “კავკასიურმა გიგანტმა” ზედიზედ მეხუთედ მოიგო ერთა თასი. და მაინც, ექვსი ერის თამაშების კომენტატორებს ჯერ კიდევ უჭირთ მერაბ კვირიკაშვილის გვარის გამოთქმა.

ქართველების “მოკვეთას” რაგბისთან არაფერი აქვს საერთო. საქართველოს ნაკრები აგერ უკვე მესამე წელიწადია ერთი თამაშის არ წაუგია მეორე დონის ექვს ერზე და ამ ქვეყნის რაგბის კავშირს აქვს გრანდიოზული პროექტი, როგორ უნდა მოხვდეს გუნდი მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ამა წლის შემადგომაზე. გუნდის 27 წევრიდან 17 საფრანგეთში, უმაღლეს დონეზე თამაშობს, მაგრამ იტალიის ვერჩანაცვლების მიზეზი ეკონომიკაა. ევროპელებისთვის უფრო მისაღებია წელიწადში ერთხელ რომის უბნებში ხეტიალი, ვიდრე თბილისის ვიწრო ქუჩებში წვნიანისა და პელმენის ძებნა.

შემიძლია ვეკამათო ექვსი ერის ფორმატის შეცვლის მოწინააღმდეგეებს, რომ საქართველო ამ ტურნირს დამატებით ხიბლს შესძენს. მიუხედავად გასულ შაბათს გამართული სამი უმშვენიერესი თამაშისა, ექვსი ერის თამაშიც ხარისხით არ რეგულირდება. აქ ბევრი რამ ტელევიზიებისა და ტუროპერატორების, ბრენდ-მენეჯერებისა და პიარ-მენეჯერების სურვილით კეთდება.

არავინ ამბობს, რომ თუნდაც გარკვეული პერიოდით, მათ უნდა ჩაანაცვლონ იტალია, გნებავთ შოტლანდია, მაგრამ ნამდვილად დადგა დრო, რომ მათ მიიღონ შანსი. წერტილი უნდა დაესვას ევროპულ რაგბიში გახლეჩილობას და ცუდ დამოკიდებულებას “მეორე ეშელონის” გუნდებისადმი და შეიქმნას ორმატჩიანი პლეი ოფი. სამართლიანი იქნება, რომ ერთა თასის გამარჯვებულმა საქართველომ, ექვსი ერის ბოლოადგილოსან შოტლანდიასთან იბრძოლოს და ასე გაირკვეს მომავალი გათამაშების მონაწილეთა შემადგენლობა.

არავისთვის უნდა იყოს საეჭვო, რომ ასეთ შემთხვევაში ექვსი ერის თამაშების ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება. იტალიას და შოტლანდიას რომ სცოდნოდათ, მათი ელიტაში დარჩენა ეჭვქვეშ დადგებოდა, 2015 წლის მატჩების მეორე ტაიმებში არ გავხდებოდით მათი კაპიტულაციის მომსწრენი. გარდა ამისა, საფრანგეთი, რომელმაც ნამდვილი ბრძოლა მხოლოდ “თვიქნემზე” შემოგვთავაზა, უფრო მეტისთვის იბრძოლებს, ვიდრე მთავარ მწვრთნელ ფილიპ სენტ-ანდრესთვის სამუშაო ადგილის შენარჩუნებაა. იმის გათვალისწინებით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, 2013 წელს “ხის კოვზს” დაეუფლნენ, მომავლისთვის ითამაშებენ.

ქართველებს აქვთ იმის სურვილი, რომ სერიოზულად აღიქვან “დიდმა ბიჭებმა”. შარშან ნოემბერში, ექვსი ერის გამარჯვებულ ირლანდიასთან ოფიციალური თამაშის შემდეგ, ქართველები ამბობდნენ, რომ ამაყობენ მიღწეულით და საკუთარი ქვეყნის ელჩებს წარმოადგენენ მთელს მსოფლიოში. ისინი 7:49 დამარცხდნენ, მაგრამ 2007 წლის მსოფლიო თასზე, ბორდოში ამავე გუნდთან მცირედით დამარცხდნენ - 10:14. მსოფლიო რაგბიმ საქართველო “ყველაზე განვითარებად გუნდად” აღიარა და თავადვე აღიარებენ, რომ ექვსი ერისთვის გადაზრდილები არიან. საქართველო ნამდვილად იმსახურებს უფრო მაღალ დონეზე თამაშს, რათა საკუთარი სიძლიერე დაამტკიცოს.

ექვსი ერის მონაწილეთა უმრავლესობას, ირლანდიის გამოკლებით, არაფრის გაგონება არ უნდა. ისინი საქართველოს საერთაშორისო კალენდარში ჩასმის შესაძლებლობის განხილვასაც კი ეწინააღმდეგებიან. ეს იმის გათვალისწინებით ხდება, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდებთან თამაშით უფრო დიდი ფული კეთდება. პარადოქსია, მაგრამ როდესაც ყველგან ისმის რაგბის გლობალიზაციის რიტორიკა, რეალურად წამყვანი სარაგბო ქვეყნები იმაზე უფრო ეგოისტურად იქცევიან, ვიდრე ოდესმე. ხუთი ერის პერიოდში ირლანდია იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც იტალიას ხუთ წელიწადში ოთხჯერ ეთამაშა და ახლა საქართველოს ჯერია.

საერთო აღიარებით, საქართველოს ექვს ერში მიღებამდე გარკვეული ტექნიკური დეტალები იქნება მოსაგვარებელი. ლონდონიდან თბილისამდე 2500 მილია და ის ძალიან ახლოსაა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან. მაგრამ ქალაქის ძველი ნაწილის ლამაზ შენობებს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ტურისტული თვალსაზრისით კონკურენცია გაუწიოს “წმინდა პეტრეს” მოედანს.

ამა წლის ივნისში, ათწლეულების დიდი ბრძოლის შემდეგ, ახალი ზელანდიის ნაკრები სამოას აპიაში ეწვევა და იქ თავის პირველ ტესტს გამართავს. 2019 წლის მსოფლიო თასი იაპონურ მიწაზე გაიმართება. იმპულსი შეუჩერებელია. დადგა დრო, რომ მათსავე საკეთილდღეოდ, ჩრდილოეთ ნახევარსფერომ დაკეტილი კარები გახსნას”.

სტატიას თან ერთვის გამოკითხვა - “გავხსნათ ექვსი ერის კარები, მივცეთ საქართველოს მონაწილეობის უფლება”. 26 მარტს, დაახლოებით 16:30 საათისთვის, მასში 430 ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული და მათი 75 პროცენტი ექვსი ერის კარის გაღების მომხრეა.

0.156577