საქართველო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მალტასთან მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
25 წლის ფორვარდის თქმით, რთული შეხვედრა გამოდგა, რადგან მეტოქე 10 კაცით დაცვაში იდგა და თავის შანსს ელოდა, თუმცა რაც მთავარია ნაკრებმა მაინც გაიმარჯვა. ლევანს ასევე იტალიის ჩემპიონატში დამყარებულ რეკორდზეც ვკითხეთ.
ლევან მჭედლიძე: “მთელ ერს ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას. რთული შეხვედრა იყო, რადგან მალტელები 10 კაცით უკან იდგნენ და თავის შანსს ელოდნენ. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ის მოხდა – მეტოქე გავტეხეთ და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველივე შეხვედრა მოვიგეთ. გერმანიასთან ბევრად უფრო რთული მატჩი გველის, თუმცა იმედი მაქვს ღირსეულად ვითამაშებთ”.
- როგორი გრძნობაა, როდესაც სერია A-ში რეკორდს ამყარებ?
“ნამდვილად შესანიშნავი გრძნობაა და ეს ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ამ ფაქტის გამო ეიფორიას არ უნდა გადავყვე და მეტის გაკეთებაზე უნდა ვიფიქრო”, - განაცხადა “ემპოლის” ფორვარდმა.
გასულ კვირას ლევანმა “სასუოლოს” მოედანზე შესვლიდან 14 წამში გაუტანა გოლი, რაც სერია A-ს რეკორდი აღმოჩნდა.
მალტასთან მოგებულ შეხვედრაში მჭედლიძემ 71 წუთი დაჰყო მინდორზე.