საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია მალტასთან მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.
გიორგი გამარჯვებით გახარებული ჩანდა. მისი თქმით, დღევანდელი მოგებით გუნდმა კარგი განწყობა შეიქმნა და გერმანიასთან გასამართ მატჩში ყველაფერს გაიღებენ შედეგის მისაღწევად.
“გახარებული ვარ, რომ წლის პირველ შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ახალ მწვრთნელთან ერთად გამარჯვება კარგია. მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრები ურთულესი მატჩის წინ გავახარეთ.
გერმანიასთან გასამართ შეხვედრამდე კარგი განწყობა შევიქმენით. თამაში ყველასთან შეიძლება, თანაც საკუთარ კედლებში ვიქნებით. კვირამდე ოთხი დღეა და მაქსიმალურად მოვემზადებით. ურთულესი შეხვედრა გველის, თუმცა ყველაფერს გავიღებთ შედეგის მისაღწევად.
საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვედი და ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ ნორმალურად ვითამაშე”, - განაცხადა “კლუჟის” 21 წლის ფეხბურთელმა.
“ჯვაროსნებმა” მალტის ნაკრები ჯაბა კანკავასა და ვაკო ყაზაიშვილის გოლებით დაამარცხეს.