საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბელგიური “გენკის” შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა მალტის წინააღმდეგ მოგებულ (2:0) შეხვედრაში დამაჯერებლად იასპარეზა. თორნიკეს დარტყმული ერთ-ერთ ეპიზოდში მალტელთა მეკარემ მოიგერია, ხოლო მეორე ეპიზოდში კი მეტოქე გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა. მატჩის შემდეგ “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას ოქრიაშვილმა აღნიშნა, რომ ცხადაძის ახალი გუნდით კმაყოფილია.
თორნიკე ოქრიაშვილი: “პირველ ყოვლისა მინდა მივულოცო გულშემატკივრებს და კახა ცხადაძეს 2015 წლის პირველი მატჩში გამარჯვება. ასეთი თამაში დიდი ხანია არ გვიჩვენებია. მიუხედავად იმისა, რომ მალტა სუსტ გუნდად ითვლება, მათაც ჰქონდათ მომენტები. სამაგიეროდ, ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჩვენ გვქონდა. ახლა მოვემზადებით გერმანიასთან სათამაშოდ სრული დატვირთვით, შევეცდებით როგორც გამოგვივა თამაში ისე ვიასპარეზოთ. ნაკრებში პოზიტივი იგრძნობა და გუნდის ჩამოყალიბების პროცესი კარგად მიმდინარეობს და თუ ასე გავაგრძელებთ შედეგსაც მივიღებთ.
- რამდენად სწორი კურსით მიჰყავს ცხადაძეს ნაკრები?
- ყველას სხვადასხვა შესაძლებლობები გვაქვს და კარგი ნაკრები ყალიბდება. დაბრუნდნენ ის ბიჭები, რომლებიც გარკვეული ხნის განმავლობაში გუნდში არ იყვნენ და აგრეთვე გვყავს ახალწვეულები. საბოლოო ჯამში კარგი ნაკრებია და რაც მთავარია გუნდში ოჯახური გარემოა და ეს გვაძლიერებს ზუსტად.