საქართველოს ეროვნული ნაკრების და არნემის “ვიტესის” მცველმა გურამ კაშიამ მალტასთან მოგებულ (2:0) ამხანაგურ შეხვედრაში შეუცვლელად იასპარეზა. “მსოფლიო სპორტი” გურამს მატჩის შემდეგ გაესაუბრა. კაშიამ მატჩისა და ვაკო ყაზაიშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.
გურამ კაშია: “მიუხედავად იმისა, რომ 2:0 მოვიგეთ, მძიმე თამაში გამოგვივიდა. ვცდილობდით მოედანზე გაგვეკეთებინა ყველაფერი რაც მთავარმა მწვრთნელმა ამ ორი დღის განმავლობაში ვარჯიშებზე მოგვთხოვა. ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ბურთი და გამოგვივიდა კიდეც. ბურთის ფლობის მიზანი მარტივი იყო, როდესაც დიდხანს ათამაშებ ბურთს მეტოქე იღლება, სივრცეები იხსნება და გოლიც აქედან მოდის. კარგი ვარჯიში გამოგვივიდა და ყველანი კმაყოფილნი ვართ.”
- ვაკო ყაზაიშვილმა მეორე გოლი გაიტანა და კარგად ითამაშა, რას იტყვით ნიჭიერ ახალგაზრდა თანაგუნდელზე?
- ფეხბურთელი რომელიც პროგრესირებს, უკვე ერთი წელია ძალიან დიდი პროგრესი აქვს და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. დღევანდელ მატჩში აგრესიული იყო და შემოიტანა გუნდში ის ძალა, რაც საქართველოს ნაკრებს სჭირდებოდა. იგი ისეთი ფეხბურთელია, შეუძლია რამდენიმე წუთში შექმნას მომენტი და გადაწყვიტოს თამაშის ბედი.