ფეხბურთი

0:37 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “გამარჯვება გუნდში განწყობას აუცილებლად აამაღლებს”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა და მალტის ნაკრები ანგარიშით, - 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. ბუნებრივია, რომ “ჯვაროსანთა” თავკაცის მიმართ გაცილებით მეტი ინტერესი და კითხვა იყო.

პიეტრო გედინი (მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “რთული თამაში იყო. უნდა აღვნიშნო, რომ მთლიანობაში სანახაობრივი თამაში გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა. 2:0 რეალურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მოედანზე იყო შექმნილი”.

კახა ცხადაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ დღევანდელი თამაში მოგვეგო. სამომავლოდ ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვება გუნდში განწყობას აუცილებლად აამაღლებს. ვნახეთ მალტის ნაკრების ბოლო ორი თამაში ბულგარეთისა და იტალიის ნაკრებებთან. იტალიასთან 10 კაციანმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით წააგო და 70 წუთი გოლი არ გაუშვა. საერთოდ ძნელია მოგება, როცა მოწინააღმდეგე მთელი გუნდით დაცვაში დგას. ჩვენს გუნდს კი პოტენციალი ნამდვილად გააჩნია”

- დღევანდელი ტაქტიკა რამდენად გამოადგება გუნდს გერმანიასთან მატჩისას და უნდა ველოდეთ თუ არა ავანტურას?

- ბოლო ორი თამაშის დროს ტაქტიკა გერმანელებმაც შეცვალეს. ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ტაქტიკით ითამაშებენ ისინი. ჩვენ ყველაფერს გავუკეთებთ ანალიზს.

- გურამ კაშიამ დღეს ჯერ მარცხნივ ითამაშა, შემდგომ კი მარჯვნივ. ამაზე რას იტყოდით?

- მინდა აღვნიშნო, რომ დღეს რამდენჯერმე შევცვალეთ ტაქტიკური მონახაზი, რადგან მოგება გვინდოდა და შედეგს დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ.

- განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშა კობახიძემაც...

- სანდროს ამ პოზიციაზე სათამაშოდ ვამზადებდით. ასევე გვყავს უჩა ლობჟანიძეც, თუმცა დღეს კობახიძის თამაშით კმაყოფილი ვარ.

- საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ ბევრი მომენტი შექმნა. რისი თქმა შეგიძლიათ მომენტების რეალიზების მხრივ?

- პირველი თამაში იყო, ემოციური დატვირთვაც ჰქონდა. მე ვიტყოდი, რომ 0:0-ის გამო უფრო მეტი ნერვიულობა იყო. გულშემატკივარი გოლს ითხოვდა. ახალი მწვრთნელია, ახალი სქემა... ამასთან, ტაქტიკაც რამდენჯერმე შევცვალეთ, ასეთ დროს ყველაფრის ხუთიანზე გაკეთება შეუძლებელია. მთავარია მოვიგეთ და ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ.

- გუნდმა თავიდან 3 მცველით თამაში დაიწყო. შემდეგ გადაეწყო 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაზე, ბოლოს კი 4-4-2 სქემით დაასრულა თამაში. რით იყო ეს გამოწვეული?

- დღეს მოგება გვინდოდა. გოლის გატანას კი კარგა ხანს ვერ ვახერხებდით და სწორედ მაგიტომ. თამაშის მოგების სურვილით იყო გამოწვეული.

- მეორე ტაიმში თამაშში აქტიურად ჩაერთო ლევან ყენია. მიგაჩნიათ თუ არა იგი ძირითადი შემადგენლობის წევრად?

- პირველ ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ყველა ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის წევრია და არა მხოლოდ ის 11 მოთამაშე, რომელიც მოედანზე პირველი წუთიდან გადის. ძალიან მოხარული ვარ, ლევანის ასეთი თამაშით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანონ. ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ ვარსკვლავზე ავალთ.

- დღევანდელი ორი ტაქტიკიდან რამდენად არის იმის შანსი, რომ ერთ-ერთი გერმანიასთან გამოიყენოთ?

- რა თქმა უნდა ერთ-ერთი სქემა იქნება. მათ გაცილებით დიდი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. განსაკუთრებით ყურადღებით გადმოვარდნილ ბურთებზე უნდა ვიყოთ.

- რას იტყოდით მახარაძის თამაშზე, რომელიც მეორე ტაიმში დაცვაშიც ვნახეთ?

- მახარაძეს კარგი დებიუტი ჰქონდა. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა მას ცენტრალურ მცველად ნამდვილად არ მოვიაზრებ, რადგან შესაბამისი სისწრაფე არ აქვს.

- რა განწყობა აქვთ ფეხბურთელებს?

- იმედია კარგი განწყობა აქვთ. ძალიან მონდომებულები არიან და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოუვათ.

- რამდენად კმაყოფილნი ხართ ფიზიკური მომზადებით?

- სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ეს, ის შემთხვევა იყო, როცა ძირითადის ყველა ფეხბურთელს თავიანთ კლუბებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი ვარ.

- როგორია ჯანო ანანიძის მდგომარეობა?

- ჯანო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მე მას ვამშვიდებდი, რადგან თამაში უნდოდა. საზარდულის ტრავმა აწუხებს და მე არანაირად არ გავრისკავ მის თამაშს გერმანიასთან, რადგან თვითონაც ფეხბურთელი ვიყავი და რისკის ქვეშ არავის დაყენება შეიძლება. იგი სხვა თამაშებზე ჯანმრთელი უფრო გამოგვადგება.

0.127047