ფეხბურთი

20:07 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გეგუჩაძის სემინარი “საბურთალოში”

როგორც საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 49 წლის გამოცდილმა ქართველმა სპეციალისტმა გია გეგუჩაძემ, რომელიც ამჟამად უმუშევარია, კლუბის ახალგაზრდა მწვრთნელებს სემინარი ჩაუტარა. სემინარი სათამაშო ეპიზოდების განხილვას, ტაქტიკურ განლაგებებს, აღდგენით პროცესებს, ფიზიკური კონდიციების ამაღლებასა და სხვა საკითხებს, ასევე ბავშვთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებს ეხებოდა.

“პირველყოვლისა დიდი მადლობა შეკრებისთვის. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ მოგვეცა შეხვედრის საშუალება. ვფიქრობ ორივე მხარესთვის საინტერესო იქნება მსგავსი ტიპის კომუნიკაცია, აზრების გაცვლა. რთულია, როდესაც ადამიანი ყოველდღიურ სამუშაო პროცესს მოწყდები და გარკვეული დრო უქმად ყოფნა გიწევს, იმედი მაქვს მსგავსი სემინარები მეც წამადგება და თქვენც.

“ჩემი შვილები “საბურთალოს” სკოლაში ეუფლებიან ფეხბურთს, ბუნებრივია ხშირად ვესწრები მათ თამაშებს. ასევე თვალს ვადევნებ სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ასპარეზობას, პირველი ლიგის მატჩებს. რასაც ვუყურებ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ფეხბურთზე ერთი ხედვა გვაქვს.

“მსგავსი ტიპის სემინარებიდან მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიიღოს მწვრთნელმა. თუ რამე კითხვები იქნება, უნდა იყოს დასმული. მინდა ჩვენი შეხვედრები საინტერესო იყოს, თუ ამ ყოველივემ ინტერესი დაკარგა, ჩვენს შეკრებას აზრი აღარ ექნება” – აღნიშნა გია გეგუჩაძემ.

როგორც “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მსგავსი ტიპის შეხვედრა შემდეგ ოთხშაბათსაც იგეგმება.

0.131673