ლატვიის დედაქალაქ რიგაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირ Federation Cup 2015-ის გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები იღებს. დღეს ვასილ მაისურაძის გუნდი უკრაინელ თანატოლებთან შეხვედრაში 1:3 დამარცხდა.
პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით უკრაინელი მოთამაშეების გამარჯვებით დასრულდა, მეორე ტაიმში მეტოქე გუნდმა კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო, მაისურაძის ფეხბურთელთაგან კი ერთადერთი გოლი “დინამო თბილისის” ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ გაიტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ისიანი, კაპანაძე, მამუჩაშვილი, გადრანი, ნადარაია, ბიძინაშვილი, ბაშალეიშვილი, ძარია, მიქელთაძე, კიკნაძე, გოშთელიანი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ქობულაძე, ალთუნაშვილი, გვარაძე, ღვინიაშვილი, ართმელაძე.
შეგახსენებთ, გათამაშების პირველ მატჩში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები პოლონეთის გუნდთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ვასილ მაისურაძის გუნდი შემდეგ მატჩს 27 მარტს ლატვიის 18-წლამდე ნაკრებთან გამართავს, რის შემდეგაც გუნდი შეკრებას დაასრულებს.