საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ივარჯიშა. ჯვაროსნები ამჯერად სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ. საქართველოს ნაკრებმა მალტის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ ბოლო საწვრთნელი მომზადება გაიარა.
დღევანდელი ვარჯიში ჯანო ანანიძემაც დაიწყო, რომელსაც მცირე ტრავმის გამო გუშინდელ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა თავი ამჯერადაც შუუძლოდ იგრძნო და ვარჯიში ნაადრევად დატოვა. დიდი ალბათობით, იგი ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.
ვარჯიშის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ, ნაკრების ფეხბურთელებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს:
ლევან ყენია: ”გუნდში კარგი განწყობააა. პირადად მე ძალიან გახარებული ვარ მოცემული შანსით და ვეცდები რომ ეს შანსი ბოლომდე გამოვიყენო. რაც შეეხება გერმანიასთან თამაშს, მძიმე თამაში იქნება და ვეცდებით წარმატებას მივაღწიოთ, მაგრამ ჯერ მალტასთან თამაშზე ვფიქრობთ”.
გურამ კაშია: ”გუშინ ყველაზე დიდი დრო ტაქტიკურ ვარჯიშს დაეთმო. მიხარია, რომ კახა ცხადაძემ ბევრი “ძველი სახე” დააბრუნა ნაკრებში და დიდი იმედი მაქვს, ეს ბიჭები მწვრთნელის იმედებს გაამართლებენ. გერმანიასთან თამაშს კი რაც შეეხება, ვეთამაშებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს. ფაქტია, რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ არაფერს დავიშურებთ წარმატების მისაღწევად”.
სანდრო კობახიძე: “გერმანიასთან თამაშზე ჯერ არ ვფიქრობთ. თავში მხოლოდ მალტასთან მატჩი გვაქვს, რადგან ეს თამაში მსოფლიოს ჩემპიონებთან თამაშის წინ ერთგვარი ვარჯიში უნდა გამოდგეს და ხვალინდელი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ”.
ნუკრი რევიშვილი: “რა თქმა უნდა მალტასთან და გერმანიასთან განსხვავვებული თამაშები გველოდება. მალტასთან უნდა მოვიგოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. პირველ რიგში, რომ გვერდში დავუდგეთ კახას, რადგან ეს სადებიუტო მატჩია. აგრეთვე იმისათვის, რომ ხალხი მოვაბრუნოთ სტადიონზე. გერმანიასთან კი ყველაფერს გავიღებთ რაც შეგვეძლება. ფაქტია, რომ რთული თამაში გველოდება. რაც შეეხება “ტოსნოში” ჩემი უთამაშებლობის მიზეზს, რთულია რამის თქმა. ლეგიონერებზე ლიმიტია დაწესებული და მოედანზე ერთდროულად მხოლოდ 3 ლეგიონერს შეუძლია ყოფნა. დაველოდები სეზონის დასრულებას და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება”.
საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 25 მარტს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.