მალტის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პიეტრო გედინიმ 24 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მისთვის შედეგი მნიშვნელოვანია.
პრესკონფერენციაზე შემოსული მალტის ნაკრების პრესატაშე ჟურნალისტების სიმრავლემ გააკვირვა, ხოლო თავად გედინიმ შემდეგი თქვა:
“გუშინ დიდი ხანი ვიმგზავრეთ და საკმაოდ დაღლილები ვართ. იმედია, ხვალ უკეთესად ვიქნებით. ჩემი გადმოსახედიდან საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს. ამ გუნდის მიერ ჩატარებული ბევრი თამაში გავაანალიზე. ჩვენი ნაკრების სათამაშო კონდიციები შედარებით დაბალია, მაგრამ ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ”.
- მომავალ ამხანაგურ მატჩში შედეგს თქვენთვის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს?
- რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია, ისევე როგორც საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც შემდეგ გერმანიას ეთამაშება, ხოლო ჩვენ აზერბაიჯანს ვხვდებით. კონდიციების აღდგენა და მომავალი მატჩისთვის კარგად მომზადება გვსურს. მითუმეტეს, 4 მოთამაშე გვაკლია.
- საქართველოს ნაკრებიდან ვის გამოარჩევთ?
- ლევან მჭედლიძეს, რომელიც “ემპოლიში” თამაშობს და იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები საკმაოდ კომპაქტური გუნდია. ინდივიდუალურად ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ყველას გვარი არ ვიცი. გიბრალტართან თამაში ვნახე, სადაც ბევრი ფეხბურთელი გამოირჩეოდა. პოლონეთთან 0:4 დამარცხდით, მაგრამ ასეთი ანგარიშით წასაგები არ იყო. იმ თამაშშიც საქართველოს ნაკრებში დადებითი მომენტები მაინც გამოჩნდა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, მალტელებმა “მიხეილ მესხზე” ივარჯიშეს, რომელზეც 25 მარტს, 21:00 საათზე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.