სხვა

16:08 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნების ევროსამზადისი

აპრილის შუა რიცხვებში, თბილისის სპორტის სასახლე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, უფროსი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის მეთაურობით ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრისთვის ინტენსიურად ემზადება.

გუნდი ამჟამად წყალტუბოში იმყოფება შეკრებაზე, სადაც ის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა, პარლამენტის წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა და სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა მოინახულეს.

ნაკრების მწვრთნელმა სტუმრებს დეტალურად გააცნო მზადების მიმდინარეობის პროცესი, სავარაუდო შემადგენლობა, რომლითაც გუნდი მოახლოებულ ევროპის პირველობაზე წარსდგება.

თავისთავად, საუბარი იყო „რიო 2016"-ზეც და მთავარი მიზანიც წლეულს ჰიუსტონში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე დამაჯერებელი ასპარეზობაა, სადაც ჩვენი ძალოსნები სრული საბრძოლო შემადგენლობით გამოვლენ, რამეთუ დისკვალიფიცირებულ სპორტსმენებს სასჯელის ვადა ეწურებათ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, არის შანსი ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში 3-4 ლიცენზია ავიღოთ. უფრო მეტიც – გიორგი ასანიძე ოქროს მედლის მოპოვებასაც არ გამორიცხავს.

ლერი ხაბელოვმა და შოთა ხაბარელმა გუნდს წარმატებები უსურვეს და მზადების ჭრილში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვეს.

www.geonoc.org.ge

0.118678