საქართველოს ეროვნული ნაკრები კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ოთხშაბათს პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები “მიხეილ მესხზე” მალტის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მალტა საფეხბურთო ქვეყნების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება, ამიტომაც ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, რომელიც ამ ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებაში ჩახედულია. სტატიაში შეძლებისდაგვარად ვეცდები, რომ მალტაზე გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ.
მალტის რესპუბლიკა კუნძულოვანი ქვეყანაა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში, სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის მდებარეობს. განლაგებულია მალტის არქიპელაგზე. მთავარი კუნძულებია მალტა, გოცო და კომინო. სულ ფართობი 316 კვ.კმ. შეადგენს. რესპუბლიკაში 410567 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 96.6% მალტელია. სახელმწიფო ენა მალტური და ინგლისურია, ხოლო მთავარი რელიგია კათოლიციზმი. ქვეყნის დედაქალაქია ვალეტა, სადაც 114 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სხვა ქალაქებია: კორმი (18 ათასი მცხოვრები), შლიემა (12 ათასი), ატარდა (10 ათასი) და ბირკირკარა (22 ათასი).
ძირითადი ეროვნული შემოსავალი ტურიზმიდანაა. ქვეყანა მდიდარია კირქვით, მარილით და სასოფლო-სამეურნეო მიწებით. სახელმწიფო ვალუტა ევროა, რომელმაც 2008 წლიდან მალტური ლირა ჩაანაცვლა.
მალტა დიდი ხნის განმალობაში დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო (1814 წლიდან. აღსანიშნავია, რომ ახლაც კუნძულის მოსახლეობის 1.6% ბრიტანელია), ხოლო 1964 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2004 წლიდან კი ევროკავშირის წევრია.
ეს ძალიან მოკლედ ზოგადად ქვეყანაზე, ახლა კი უშუალოდ საფეხბურთო ასპარეზზე გადავინაცვლოთ. მალტა საფეხბურთო წარმატებით დიდად ვერ გამოირჩევა. “შევარდენები” სანაკრებო დონეზე ფიფას რეიტინგში 145-ე პოზიციაზე იმყოფებიან. მალტის ნაკრებისთვის ყველაზე კარგი შედეგი 1994 წლის სექტემბერში დაფიქსირდა (66-ე ადგილი), ხოლო უარესი 2011 წლის ივლისში (173-ე პოზიცია). საკლუბო დონეზე მათი ჩემპიონატი უეფას რეიტინგით 47-ეა და მხოლოდ 7 ქვეყანას უსწრებს (გიბრალტარი, სან-მარინო, ფარერები, ანდორა, სომხეთი, უელსი და ესტონეთი).
მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიეტრო გედინია. 62 წლის სპეციალისტი 1993-1995 წლებში მალტას წვრთნიდა, 1996-2005 წლებში იტალიის ნაკრებში ასისტენტად მუშაობდა, 2005-2012 წლებში უკვე “სკუადრა აძურას” ქალთა გუნდს მოძღვრავდა, ხოლო 2012 წლიდან კვლავ მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
ქვეყნის მთავარი საფეხბურთო არენა “ტა’ქალი ნასიონალ სთედიუმია”, რომელიც ქალაქ ატარდში მდებარეობს. სტადიონი 1980 წელს აშენდა და 17797 ადამიანს იტევს.
“წითლების” ისტორიაში ყველაზე მეტი, 122 შეხვედრა (12 გოლი) დავიდ კარაბოტს აქვს ჩატარებული, რომელიც ნაკრებში 1987-2005 წლებში თამაშობდა და ამპლუით მცველი იყო.
რაც შეეხება საუკეთესო ბომბარდირს, მიჩელ მიფსუდი დღესაც ნაკრებშია. 33 წლის ფორვარდი ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობს და 104 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი. კარიერის საუკეთესო წლებში ის “კაიზერსლაუტერნის”, “ლილესტბრიომის”, “ქოვენთრისა” და “ბარნსლის” ღირსებას იცავდა. 2013-2014 წლებში ის ავსტრალიურ “მელბურნში” ირიცხებოდა (14 მატჩში 1 გოლი), საიდანაც მშობლიურ “სლიმა ვანდერერს” დაუბრუნდა. ნაკრების კაპიტანი უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის განაცხადში არაა.
რასაკვირველია, მალტის ნაკრები არასდროს გასულა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. თუმცა, სხვა პატარა ქვეყნებისგან განსხვავებით, მალტელები გამარჯვებას წლების განმალობაში არ ელოდებიან. “შევარდენები” ამხანაგურ მატჩებში საკმაოდ ხშირად ახერხებენ თავის კალიბრის გუნდების დამარცხებას. 2012 წელს მალტამ 4 ამხანაგური ჩაატარა და ოთხივე მოიგო (ლიხტენშტეინთან ორჯერ, ლუქსემბურგთან და სან-მარინოსთან), ხოლო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული სამივე შეხვედრა დათმო (იტალიასთან, ჩეხეთთან და სომხეთთან).
2013 წელს მალტამ სამი ამხანაგური გამართა, საიდანაც თითოჯერ ყველა შედეგს გაუგო გემო (ფარერებს მოუგო, ჩრდილო ირლანდიასთან ფრე და აზერბაიჯანთან წააგო), მსოფლიოს შესარჩევზე კი 7-დან 6 შემთხვევაში დამარცხდა. ისტორიული გამარჯვების მოპოვება მალტელებმა ერევანში მოახერხეს (1:0).
პირველი საერთაშორისო შეხვედრა მალტამ 1957 წლის 24 თებერვალს ჩაატარა ავსტრიის წინააღმდეგ. კუნძულელები შინ 2:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით “წითლებმა” 2008 წლის 26 მარტს “ტა’ქალიზე” იმარჯვეს “ლიხტენშტეინის” წინააღმდეგ (7:1), ხოლო ყველაზე მწარე მარცხი 1983 წელს ესპანეთის ნაკრებისგან იწვნიეს (1:12) “სანჩეს პისხუანზე”.
გასულ წელს მალტამ 7 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 6 წააგო და 1 ფრედ ითამაშა. “წითლებმა” სამივე ამხანაგური მატჩი წააგეს (გიბრალტართან, ალბანეთთან და სლოვაკეთთან), ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამი შეხვედრა წააგეს (ხორვატიასთან, ნორვეგიასთან და იტალიასთან) , ხოლო სოფიაში ბულგარეთის ნაკრებთან არ წააგეს (1:1). საქართველოს ნაკრების მსგავსად, 2015 წელს მალტელებიც პირველ შეხვედრას ატარებენ.
პიეტრო გენინმა საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ჩასატარებელი მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა (სია უკვე შემოგთავაზეთ და ამაზე აღარ შევჩერდებით), რომელთაგან 23 ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს და 3 ლეგიონერია: მეკარე ენდრიუ ჰოგი (“კოლონი”, საბერძნეთი), ნახევარმცველი როუენ მუსკატი (“დუნაივაროში”, უნგრეთი) და თავდამსხმელი ანდრე შემბრი (“ომონია”, კვიპროსი).
გამოძახებულთა შორის, ყველაზე მეტი, შვიდი მოთამაშე “ჰიბერნიანსის” რიგებში ირიცხება, რომელიც ამჟამად მალტის პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ “ბირკირკარას” (საიდანაც ოთხი მოთამაშეა გამოძახებული) 8 ქულით უსწრებს. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები “სლიემა ვანდერერსი” (26), “ფლორიანა” (25) და “ვალეტა” (22) არიან. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელში 2014 წელს ორი ქართველი მოთამაშე ირიცხებოდა: მეკარე ნუკრი რევიშვილი და ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე. 28 წლის მეკარე “ჯვაროსნების” რიგებში გამოძახებულია და შესაძლოა, ნაცნობი ქვეყნის წინააღმდეგ ითამაშოს კიდეც. ქართველი ფეხბურთელების მალტურ კლუბში ყოფნის პერიოდში, “ვალეტას” პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. ასე რომ, მომავალი მეტოქე ჩვენთვის უცხო ნამდვილად არაა. მითუმეტეს, რომ მალტელებთან არაერთხელ გვითამაშია და მათთან ურთიერთშეხვედრებზე ცალკე სტატიაში ვისაურებებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მალტის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 25 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.
ასევე: იხილეთ მალტის ნაკრების შემადგენლობა