მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილი თავდამსხმელის, ამაჟამად გამოცემა “სოვეტსკი სპორტის” საფეხბურთო ექსპერტის, ვალერი რეინგოლდის აზრით, დროა ჯანო ანანიძე დაკაცდეს. ამის შესახებ მან რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში, “სპარტაკის” მიერ სტუმრად თანაქალაქელ “ტორპედოსთან” მოგებული მატჩის მერე განაცხადა. ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.
- დავიდოვისა და ანანიძის თამაში, რომლებიც წინა ტურში შეაქეთ, არ მოგეწონათ?
ვალერი რეინგოლდი: “არა. საერთოდ არ მომეწონა. გახსნილი თამაში იყო და ასეთ დროს ახალგაზრდა ბიჭები უნდა გამოირჩეოდნენ. კარგია, რომ იაკინი მათ და ტიმოფეევს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს. შეცდომებს პატიობს. მეც მზად ვარ ვაპატიო, მაგრამ ჩემო კარგებო, ავანსები, რომლებსაც მწვრთნელი გაძლევთ უნდა გაამართლოთ. მოსათმენია, მოვითმენთ, მაგრამ ბიჭები უნდა მიხვდნენ, რომ შანს აძლევენ. შანსი კი უნდა გამოიყენო. დროა უკვე დაკაცდნენ. განსაკუთრებით ეს ანანიძეს ეხება. მათ თამაშს მივესალმები, მაგრამ ხარისხი უკეთესი უნდა იყოს”.