ფეხბურთი

23:28 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურას” საჭირო გამარჯვება

საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი “ზესტაფონი” საუკეთესო დროს ნამდვილად არ ითვლის. სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება. ზესტაფონური გუნდის წევრები თავგამოდებით თამაშობენ ყველა მატჩს, მათ დიდ უმრავლესობას არც ოსტატობა და გამოცდილება დაეწუნებათ, მაგრამ საფეხბურთო კოლექტივზე აშკარად უარყოფითად მოქმედებს ის გაურკვევლობა და ბუნდოვანება, რაც კლუბის მომავალთან არის დაკავშირებული.

მიუხედავად, სეროზული პრობლემებისა, იმერული კლუბი ქობულეთში სათამაშოდ მაინც ჩავიდა. “ჩელე არენაზე” ფეროელთა ფეხბურთელები სადებიუტო წუთებში აქტიურად გამოყურებოდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე გამოასწორეს მდგომარეობა და სათამაშო ინიციატივასაც დაეუფლნენ. პირველი დარტყმა მეტოქის კარისკენ სტუმრებმა განახორციელეს კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, როდესაც თავით სამუშია ცდილობდა გატანას, მაგრამ არაზუსტად. ამის საპასუხოდ ჩელებაძე ურტყამდა ახლო მანძილიდან არაზუსტად, როდესაც მას ასისტენტობა თუხარელმა გაუწია. ცოტა ხანში ზღვისპირელთა კაპიტანი ისევ ცდილობდა გატანას, ამჯერად შორიდან, მაგრამ მას მიზნამდე ცოტა დააკლდა.

სადებიუტო მღელვარების დაძლევის შემდეგ ქობულეთელებმა შეტევებს უხშირეს. მე-18 წუთზე დორნელესის ძლიერი შორეული დარტყმა მცირედით აცდა კუპატაძის დასაცავ ობიექტს. რამდენიმე წუთში ჩელებაძის ფლანგურ გადაცემის შემდეგ ნუნიესი ურტყამდა ძლიერად, მაგრამ მეტისმეტად არაზუსტად. თითქმის მაშინვე “შუქურას” ფეხბურთელებს კუთხურიდან შეეძლოთ ეხეირათ, როდესაც ბურთის დაჭერისას შეცდა კუპატაძე, მაგრამ ზესტაფონელებმა სიტუაციის განმუხტვა მაინც შეძლეს. 33-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი იერიში გოლით დასრულდებოდა ნინეს თუხარელის გადაცემისათვის ფეხი რომ მოეხვედრებინა, მაგრამ ფორვარდი ბურთს აცდა და საგოლე მომენტი განიავდა.

ტაიმის ბოლომდე არც ანგარიში შეცვლილა და არც სათამაშო სურათი. მასპინძლებს კიდევ რამდენიმეჯერ შეეძლოთ სერიოზულ ხიფათის შექმნა საბოლოო დარტყმებისათვის სიზუსტე რომ მიეცათ. თავს მხრივ ერთხელ ზესტაფონელებმაც სცადეს დარტყმა მოწინააღმდეგის კარსკენ, მაგრამ ილურიძის მცდელობა ერთ-ერთ ქობულეთელს შეეხო და კუთხურზე გადავარდა. შესვენებაზე გუნდები გატანილი გოლის გარეშე გავიდნენ.

თამაშის განახლებისთანავე რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდს შეექმნა. თავდაპირველად გატანის 100%-იანი შანსი მასპინძლებმა გაანიავეს. კუხიანიძის ჩინებული გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილმა ჩალაძემ ერთი შეხებით თუხარელს დაუგდო, რომელსაც ბურთამდე კუპატაძემ მიასწრო და გადაცემა ჩაჭრა. გამოვარდნილ ბურთს ნუნიესი ამატებდა, მაგრამ ზესტაფონელთა კიპერმა სწრაფი რეაქცია გამოავლინა და ჩინებული “სეივიც” გაიფორმა. საპასუხო შეტევაში მონაწილეობა ილურიძემ და მთივლიშვილმა მიიღეს. ზესტაფონელთა კაპიტანმა მარჯვენა მცველი შეტევის მარცხენა ფლანგზე გაიყვანა. მთივლიშვილის ჩაწოდების შემდეგ ერთ-ერთი მცველის ფეხისგან ბურთი ქობულეთელთა კარის ძელს მოხვდა, დამატებაზე კვირკვია ცდილობდა გატანას, მაგრამ ჯიოევმა ფეხით აუღო ფორვარდს დარტყმული. ცოტა ხანში სიხარულიამ დაარტყა ძლიერად შორიდან, მაგრამ ბურთმა მასპინძელთა კარის ხარიხას ზემოდან გადაუქროლა.

შეხვედრის 61-ე წუთზე ქობულეთელებმა ანგარიში გახსნეს. ადრიან პუკანიჩმა ჩინებული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე თუხარელი გაიყვანა, რომელმაც მახვილი კუთხიდან უსტად დაარტყა და თავისი გუნდი დააწინაურა – 1:0. გაშვებულმა გოლმა სტუმრები დააბნია და მალე მათ ერთმანეთის მიყოლებით კიდევ ორი გოლი გაუშვეს. ორივე გოლი შთამბეჭდავი სანახავი გახლდათ. გიორგი ჩელებაძემ მახვილგონივრული დარტყმით ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო და მეტოქის კარში “ჩასვა”. ხოლო პუკანიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან კუპატაძეს აუღებელი დაურტყა და 3:0 დააფიქსირა.

მოვლენების ამგვარი განვითარებიდან გამომდინარე გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს აღარ იწვევდა, მაგრამ ზესტაფონელებს ფარ-ხმალი არ დაუყრათ და მათ პრესტიჟის გოლის გატანაც მოახერხეს. მანამდე ფეროელებმა ერთხელ ხარიხასაც მოარტყეს. გატანილი გოლი სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა, რომელიც გაგოშიძემ მეურვეებთან ჭიდლში თავით დააგვირგვინა – 3:1. საბოლოოდ, სწორედ ასეთი ანგარიში დაფიქსირდა ტაბლოზე ქობულეთელთა სასარგებლოდ, რომლებმაც ეს გამარჯვება ალალად დაიმსახურეს.

“შუქურა” – “ზესტაფონი” 3:1 (0:0)

22 მარტი. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 1200 მაყურებელი

“შუქურა”: ჯიოევი, კუხიანიძე, გიორგი გურული, ჩალაძე, ჩელებაძე, ტვილდიანი, ხოჭოლავა, დორნელესი (მესხი, 81), თუხარელი (ხუჭუა, 85), ნუნიესი (მეტრეველი, 62), პუკანიჩი.

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

“ზესტაფონი”: კუპატაძე, ხიზანეიშვილი, გაგოშიძე, მთივლიშვილი, (გაჩეჩილაძე, 75), ვასაძე, რაჟამაშვილი, სიხარულია, სამუშია (ბერიძე, 71), კვირკვია (ჯერემია, 71), ილურიძე, მჭედლიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

გოლები: 1:0 თუხარელი (61), 2:0 ჩელებაძე (70), 3:0 პუკანიჩი (72), 3:1 გაგოშიძე (87).

გაფრთხილება: ჩალაძე (12), სამუშია (42), ხიზანეიშვილი (85).

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

გიორგი წურწუმია ქობულეთიდან

0.112335