ფეხბურთი

19:11 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნაგვიანევი რევანში

ზამთრის შესვენების შემდეგ “ქუთაისი” და “სამტრედია” უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. წინა ორი შეხვედრა სათასო გახლდათ, სადაც სამტრედიელებმა ორრაუნდიან დუელში აჯობეს ქუთათურებს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. გასულ ტურში ორივე გუნდმა წარმატებით იასპარეზა. ქუთაისელებმა შინ 2:0 მოუგეს “ცხინვალს”, ხოლო სამტრედიელებმა ასევე შინ 3:0 დაამარცხეს საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”.

მატჩის დებიუტში პირველი სახიფათო დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით სტუმრებმა განახორციელეს, რომლებმაც ისარგებლეს ქუთაისელთა უყურადღებობით და სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც კარში დარტყმით გეწაძემ დაასრულა. სამტრედიელთა ნახევარმცველის მცდელობას მასპინძელთა კიპერმა მუშტებით დამაჯერებელი თამაშით უპასუხა. შეყრილაძის მოქმედებამ ხიფათი განმუხტა. მალე სამტრედიელთა მთავარ მწვრთნელს, ზაზა ზამთარაძეს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. გუნდის კაპიტნის დავით კვირკველიას ნაცვლად ზამთარაძემ მოედანზე თევზაძე შეუშვა. ცოტა ხანში დათუნაიშვილმა დაარტყა შორიდან ძლიერად, მაგრამ შეყრილაძე ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა და ბურთს იოლად დაეუფლა.

მასპინძლებმა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით პირველად მე-20 წუთზე დაარტყეს, როდესაც ტუღუშმა გაიარა რამდენიმე მეტოქე იოლად და საჯარიმოს მიახლოებულმა მოჭრილი დარტყმა განახორციელა, მაგრამ არაზუსტი. დაახლოებით ანალოგიური დარტყმა გამოუვიდა გურულსაც მასპინძელთა კარის მიმართულებით. 31-ე წუთზე კვერნაძე ურტყამდა სახიფათოდ მახვილი კუთხიდან, მაგრამ ისევ არაზუსტად. კარის ჩარჩოსკენ გაგზავნა ძლიერი დარტყმა თევზაძემ, მაგრამ შეყრილაძემ ყურადღებით და ბურთს დაეუფლა.

მე-40 წუთზე სამტრედიელთა ნახევარზე დიდებულად გაისარჯა დავით კირკიტაძე, რომელმაც ბურთი აართვა თევზაძეს, მახვილი კუთხიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მეკარის ბაქანს მიახლოებულმა ზუსტი გადაცემა გაუკეთა უკეთეს პოზიციაში მყოფ კვერნაძეს. თავის მხრივ ტანმაღალმა ფორვარდმა თანაგუნდელის გარჯა დააფასა და ახლო მანძილიდან საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა. ოთარის დარტყმა ზუსტი გამოდგა და “ტორპედო” დაწინაურდა - 1:0. ტაიმის ბოლომდე მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა და მასპინძლები მინიმალურ უპირატესობით გავიდნენ შესვენებაზე.

თამაშის განახლების შემდეგ სამტრედიელები ისევ აქტიურობდნენ. პირველად ტორპედოელთა კარისკენ ბეჭვაიამ “გაისროლა” არაზუსტად, ხოლო 53-ე წუთზე გეწაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ქუთაისელთა კარის ხარიხას მცირედით გადაცდა, თუმცა ამ სიტუაციაში შეყრილაძე მდგომარეობას სრულად აკონტროლებდა. 56-ე წუთზე ქუთათურებს არასასიამოვნო რამ შეემთხვათ. შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება გეწაძემ განახორციელა. ტორპედოელთა საჯარიმოში მყოფმა ქიმაძემ, რომელიც საკუთარი კარისკენ იდგა მკერდით შეეცადა თამაშს, მაგრამ ეს ყველაფერი არასასურველად გამოუვიდა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:1.

მასპინძლებმა მალევე შეძლეს თავიანთი უპირატესობის აღდგენა. გოლი სტანდარტულიდან კლიმიაშვილმა გაიტანა. ირაკლიმ მახვილი კუთხიდან მოჭრილად და რაც მთავარია მეკარისათვის უხერხულად დაარტყა, რის შემდეგაც ბურთი სამტრედიელთა კარის ბადეში აღმოჩნდა. თევდორაძის ნახტომი ამაო გამოდგა - 2:1.

სტუმრების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ისევ გეწაძემ სცადა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა ცაციათი, მაგრამ შეყრილაძე ნახტომში დაეუფლა ბურთს. სამტრედიელების სურვილი, რომ თამაში მთლიანად ქუთაისელთა ნახევარზე გადაეტანათ, არ გამოვიდა. ქუთათურებმა მეტოქეს მოედნის შუაგულში თავისუფლად მოძრაობის საშუალება არ მისცეს. 76-ე წუთზე მამასახლისის მოხდენილი გადაცემის შემდეგ თევდორაძესთან პირისპირ კვარაცხელია დარჩა, რომელმაც კიპერი მოატყუა და მახვილი კუთხით მოექცა მოწინააღმდეგის კარს. გამოცდილმა ფორვარდმა შენიშნა და დროულად მიაწოდა საჯარიმოში გახსნილ ტუღუშს, რომელმაც ცაციათი ზუსტად დაარტყა და ბურთი ძელის შეხების შემდეგ სამტრედიელთა კარის ბადეში გაეხვია - 3:1.

ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად სტუმრები აქტიურობას არ წყვეტდნენ. ძალზე რეალური მომენტი შეექმნათ სამტრედიელებს 85-ე წუთზე, როდესაც დოლიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კაპანაძე ურტყამდა საპენალტე ნიშნულიდან. “ელვას” დარტყმის შემდეგ ბურთი ძელმა აისხლიტა, რომელიც იაშვილს მიუვიდა. გამოცდილ ფორვარდს გატანა მირცხულავამ არ დაანება, რომელმაც ვარდნაში შეძლო სიტუაციის განმუხტვა და ბურთის კუთხურზე გადაგდება.

თამაშის საეპილოგო ნაწილში გატანის უფრო რეალური შანსები მასპინძლებს ჰქონდათ. ზედიზედ ორჯერ ტორპედოელებს შეეძლოთ სახიფათო კონტრშეტევის განხორციელება, მაგრამ ბოლო პასი ვერ გააკეთეს და სახიფათო მომენტიც ვეღარ შედგა. მიუხედავად ამისა “ცენტრალურზე” მოსულმა ქომაგებმა მაინც გულით გაიხარეს, რადგანაც “ტორპედომ” ზედიზედ მესამე გამარჯვება ლამაზ სტილში, დამსახურებულად მოიპოვა.

“ტორპედო” – “სამტრედია” 3:1 (1:0)

18 მარტი. 17:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1500 მაყურებელი

“ტორპედო”: შეყრილაძე, კირკიტაძე (ბაბუნაშვილი, 73), მირცხულავა, ქიმაძე, ადამაძე, ზ. ჭელიძე, კლიმიაშვილი (გოგუაძე, 79), იოსელიანი, მამასახლისი, ტუღუში, კვერნაძე (კვარაცხელია, 63).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

“სამტრედია”: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია (თევზაძე, 12), ბეჭვაია, დოლიძე, გეწაძე, კაპანაძე, დათუნაიშვილი, ალექსანდრე გურული (იაშვილი, 71), გორგიაშვილი (კერძევაძე, 79).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გოლები: 1:0 კვერნაძე (40), 1:1 ქიმაძე (56, საკუთარ კარში), 2:1 კლიმიაშვილი (59), 3:1 ტუღუში (76).

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (23), ბეჭვაია (25), ქიმაძე (36), კლიმიაშვილი (63).

არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი)

0.116134