ირაკლი მოდებაძემ ტრავმის მოშუშების მერე სასტარტო შემადგენლობაში პირველი თამაში ჩაატარა და თავს კარგი საჩუქარი გაუკეთა. გორელების მიერ აღებულ სამ ქულაში მან ლომის წვლილი დაიდო. მოდებაძემ თავი 10 გოლს მოუყარა და პირველი წრის შემდეგ “ზესტაფონიდან” მოლდოვის “დაჩიაში” გადაბარგებულ ჯაბა დვალს გაუტოლდა.
“დილას” ანგარიშის გასახსნელად დიდი დრო არ დასჭირვებია. გიორგი სეთურიძე მარჯვენა ფლანგზე ორ მეტოქეს გასცდა და ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა მოდებაძემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
გატანილი გოლიდან მცირე ხანში, ისევ მარჯვნიდან რომან ახალკაცმა მეტოქის საჯარიმოში პასი გააკეთა და ბურთი საჩხერელთა ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
მალევე, “ჩიხურას” საჯარიმოსთან ბურთი ლაშა გვალიამ და ნიკა კვეკვესკირმა გაითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი, დასარტყმელ პოზიციაზე ახალკაცი გაიყვანა, რომელმაც მიზანს ააცილა.
ტაიმის შუაწელში სტუმრებმა იძულებითი ცვლილება განახორციელეს. “დილას” ცენტრალურ მცველ ალან ბაგაევთან ორთაბრძოლის დროს თავი მუხლის ტრავმა შეახსენა და ბესიკ დეკანოიძემ შეცვალა.
ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, გვალიას დარტყმის მერე, ქვილითაიას ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ მალე დაეუფლა, თორემ იქვე მყოფი კვეკვესკირი ანგარიშის გასაზრდელად მზად იყო.
შესვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ მიშიკო სარდალიშვილმა ბურთი კარგად შეაყოლა საჯარიმოში თორნიკე მუმლაძეს, რომლის დარტყმულისთვის გივი ქარქუზაშვილისთვის ფეხი რომ არ დაეხვედრებინა, შესაძლოა გოლი გასულიყო.
ტაიმის ბოლო წუთზე ისევ მუმლაძემ დაარტყა სახიფათოდ და სომხიშვილმა გორელები გოლის გაშვებისგან ნახტომში გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გორელთა საჯარიმოს გარედან ორჯერ შეუტია – ერთხელ ბურთი სომხიშვილის ნადავლი გახდა, ხოლო მეორედ კარს ასცდა.
გორელებმა საჩხერლებს საჯარიმო დარტყმით უპასუხეს, რომელიც შორი მანძილიდან სერბმა სლავკო მარიჩმა შეასრულა და ქვილითაიას ბურთის ხელებში შემაგრება არ გასჭირვებია.
მეორე ტაიმის შუაწელში გიული მანჯგალაძემ ორიგინალური პასი მისცა გორელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ სარდალიშვილს, რომელმაც სახიფათოდ ჩააწოდა, მაგრამ სომხიშვილი კარიდან დროულად გამოვიდა და ხიფათი გაანეიტრალა.
73-ე წუთზე, კვეკვესკირმა მარჯვნიდან გახსნილი დავით ხურცილავა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით პასი კარი წინ მდგომ მოდებაძეს არ დაუგვიანა და გორელმა ფორვარდ დუბლის შესასრულებლად ერთი შეხება დასჭირდა – 2:0.
“ჩიხურას” ანგარიშში სხვაობის შემცირება ცოტა ხანში შეეძლო, მაგრამ “დილას” კარის წინ მარტო დარჩენილმა მუმლაძემ გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა – ბურთი კარს გადააცილა.
84-ე წუთზე “ჩიხურამ” გოლი მაინც გაიტანა. ბესიკ დეკანოიძემ ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში მიიღო, ერთი მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და “ცაციათი” შორეულ კუთხეში ძალიან ზუსტად დაარტყა.
მატჩის მიწურულს მოდებაძე მარჯვენა ფრთაზე ორ მოწინააღმდეგეს გაექცა და პასი საჯარიმოში გააკეთა, ხოლო გიორგი თექთურმანიძემ ახლო მანძილიდან თავისი შანსი ვერ გამოიყენა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
სოსო ფრუიძე (“ჩიხურას” მთავარი მწვრთნელი): "საყურებლად ძალიან კარგი თამაში იყო. ჩვენთვის რთული მატჩი გამოვიდა, რადგან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ გვყავდა და თამაში ახალგაზრდებს მოუწიათ. “დილამ” გამოცდილების და თავდასხმაში მეტი კრეატიულობის ხარჯზე მოგვიგო. ჩვენ თავდასხმაში აგრესიულობა და შემოქმედებითი თამაში გვაკლდა".
უჩა სოსიაშვილი (“დილას” მთავარი მწვრთნელი):" “დილასა” და “ჩიხურას” მატჩი ყოველთვის დაძაბულია. საჩხერლებს რამდენიმე წელია სტაბილური გუნდი ჰყავთ. თამაში სანახაობრივი იყო, რადგან მეორე ნომრად არცერთ გუნდს არ უთამაშია. პირველ ნახევარში გაგვიმართლა, რადგან საწყის წუთებში სწრაფი გოლი გავიტანეთ. ამის შემდეგ მომენტი არ გვქონია და პირველი ტაიმი თანაბარი იყო. მეორე ტაიმში 4-4-2 სათამაშო სქემა 4-3-3-ით შევცვალე და ამან გაამართლა. ფლანგური გარღვევის შემდეგ გოლი გავიტანეთ. ბოლო 5 წუთში დაცვაში მკაცრად ვერ ვითამაშეთ და ბურთი მარტივ სიტუაციაში გავუშვით. მინდა ჩემს ბიჭებს გამარჯვება მივულოცო და სასიამოვნოა, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით.
-ჯაფარიძე და რაზმაძე გუნდის განაცხადში რატომ არ იყვნენ?
-რაზმაძეს კუნთი დაეჭიმა და ერთი კვირა დაისვენებს. ჯაფარიძემაც ტრავმა მიიღო და სამი კვირა ვერ დაგვეხმარება".
დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:1 (1:0)
დილა: სომხიშვილი (კ), მარიჩი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, გვალია, სეთურიძე, კვეკესკირი (თექთურმანიძე, 82), მოდებაძე (წიქარიძე, 90+3), ახალკაცი (გორელიშვილი, 60).
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.
ჩიხურა: მაქსიმე ქვილითაია, ლუბჩაკი, განუგრავა, მანჯგალაძე (ივანიშვილი, 70), კუჭუხიძე (დეკანოიძე, 23), მუმლაძე, კორიფაძე, სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, შოთა კაშია (კ)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლები: 1:0 მოდებაძე (8), 2:0 მოდებაძე (73), 2:1 დეკანოიძე (84)
გაფრთხილება: ლუბჩაკი (63)
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი