გუშინ დაწყებული “ა” ლიგის მეორე ტური დღეს “სეუ-ჰიუნდაისა” და “დილას” მატჩით განახლდა. მატჩის გმირი “დილასა” და ქართული კალათბურთის ვეტერანი სპორტსმენი, სტაჟიანი კალათბურთელებისათვის კარგად ნაცნობი ვლადიმერ ბეჟანიშვილი გახდა, რომელმაც 14 ქულით, ამდენივე მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა.
ბეჟანიშვილის გარჯამ “დილას” ვერ უშველა, გუნდი 79:87 დამარცხდა და ზედიზედ 2 წაგების შემდეგ გამოკვეთილი აუტსაიდერი გახდა.
პირველი სამი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც “სეუ-ჰიუნდაიმ” მოიგო.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა “დილას” კიდევ ერთმა ვეტერანმა კალათბურთელმა ვახტანგ მინაშვილმა დააგროვა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. “სეუ-ჰიუნდაის” შემადგენლობიდან 28 ქულითა და 11 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი მძიმე ფორვარდმა ირაკლი ალხანაიძემ აჩვენა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ალხანაიძის თანაგუნდელი ირაკლი გაბისონია, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 12 მოხსნა დაფიქსირდა.







