ფეხბურთი

19:37 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პარიზიდან პარიზამდე

ამ უიკ ენდზე საფრანგეთში 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. ტური დღეს “პარკ დე პრენსზე” აიღებს სტარტს. პარიზელთა მეტოქე “ლორიენი” იქნება. ცენტრალურ შეხვედრად “სენტ ეტიენისა” და “ლილის” დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ. ჩემპიონატის ლიდერი “ლიონი” შინ “ნიცას” დაუპირისპირდება, ტური კი კვირას პარიზში, “სტად დე ფრანსზე” დასრულდება, სადაც საპირისპირო პოლუსებზე მყოფი “ლანსი” და “მარსელი” ითამაშებენ.

პსჟ – ლორიენი

20 მარტი, 23:30 წუთი

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

მთავარი მსაჯი: ტონი შაპრონი

30-ე ტური პსჟ-სა და “ლორიენის” მატჩით დაიწყება. ლორან ბლანის გუნდს ტრავმის გამო კაბაი, მარკინიო, ორიე და ლუკას მოურა ვერ დაეხმარებიან. “ლორიენის” დანაკლისი გერეიროს, აბდულაჰის, ლავინეს, უტრეტის და კუტადურის არ ყოფნით შემოიფარგლება.

პარიზული კლუბი ცხრილის მე-2 ადგილზე იმყოფება, “ლორიენი” კი მე-15 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს. გასულ ტურში პსჟ გასვლით მატჩში “ბორდოსთან” დამარცხდა. “ლორიენმა” კი საშინაო გამარჯვება “კაენთან” შეხვედრაში მოიპოვა.

ლიონი – ნიცა

21 მარტი, 19:00 საათი

სტად ჟერლანდი

მთავარი მსაჯი: ანტონი გოტიე

სატურნირო ცხრილის ლიდერი “ლიონი” საშინაო მატჩს “ნიცას” წინააღმდეგ გამართავს. ფურნიეს გუნდს გურკუფი, მვუემბა, ბისევაჩი, ბედიმო, ლაკაზეტი და უმტიტი დააკლდებიან. ლიგა 1-ში დარჩენისთვის მებრძოლ “ნიცას” პალუნი, პენტეკოტე, ტრაორე, დელე, პუელი და დიავარა ვერ დაეხმარებიან.

“ნიცამ” ბოლო ოთხ ტურში ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხა. “ლიონმა” უკანასკნელ მატჩებში ორი მატჩი მოიგო, ერთხელ დამარცხდა, გასულ ტურში კი “მარსელთან” ფრედ 0:0 ითამაშა.

ბასტია – გინგამი

21 მარტი, 23:00

ფურიანი, “არმანდ სეზარი”

მთავარი მსაჯი: სტეფან ლენო

ფურიანში ლუკა კიკაბიძის “ბასტია” “გინგამს” უმასპინძლებს. პრინტანტის გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ესენი არიან: სისე, კაჰუზაკი, სკილაჩი, ბუდებუზი, ბრანდაო, ბა, სიო და დიაკიტე. “გინგამს” ლევექუ, პაიე და ანგუა დააკლდებიან.

გასულ ტურში “ბასტია” “მონაკომ” დაამარცხა, “გინგამმა” კი “ნიცას” მოუგო. “გინგამი” სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილს იკავებს, მას დღევანდელი მეტოქე ორი საფეხურით ჩამორჩება.

კაენი – მეცი

21 მარტი, 23:00 საათი

კაენი, “სტად მიშელ დ’ორნანო”

მთავარი მსაჯი: ალექსანდრ კასტრო

საფრანგეთის ლიგა 1-ის დატოვების ყველაზე რეალური კანდიდატი, ბოლოადგილოსანი “მეცი” “კაენს” ესტუმრება. სტუმრებს კარასო, ფალკონი, როკი და ბენ იუსეფი ვერ დაეხმარებიან. “კაენის” დანაკლისს მუვასუ კინგისა და და სილვას არყოფნა შეადგენს.

“მეციმ” ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში უკანასკნელ გამარჯვებას გასულ წელს, მის დღევანდელ მეტოქესთან საშინაო დაპირისპირებაში მიაღწია. 29 ტურის შემდეგ “კაენი” მე-14, ხოლო “მეცი” მე-20 ადგილს იკავებენ.

ევიანი – მონპელიე

21 მარტი, 23:00 საათი

ანესი, “პარკ დე სპორტი”

მთავარი მსაჯი: მიქაელ ლესაჟე

ევროტურნირებზე მოსახვედრად მებრძოლი “მონპელიე” “ევიანს” ესტუმრება. მასპინძლებს სორლინი, საბალი, სანუ და კამბონი ვერ დაეხმარებიან. მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ “მონპელიეს” ფეხბურთელები რიბელინი, დეპლანე, აიტ-ფანა და მარტინი.

“ევიანმა” უკანასკნელი 2 ტურის მატჩი დათმო. დუპრაზის გუნდი “მონაკოსა” და “ნანტთან” მატჩებში დამარცხდა. “მონპელიე” 45 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, “ევიანი” კი 31 ქულით მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულითა და ერთი საფეხურით უსწრებს.

რენი – ნანტი

21 მარტი, 23:00 საათი

რენი, “სტად დე ლა რუტე დე ლორიენი”

მთავარი მსაჯი: ვილფრიდ ბიენი

რენში სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი კლუბები ითამაშებენ. მასპინძლებს პაიო და ჰოსინერი დააკლდებიან, სტუმრებს კი ვიენაუს, უდელისა და სისოკოს გარეშე მოუწევთ თამაში.

გასულ ტურში “რენი” “ლილთან” გასვლით მატჩში მინიმალური სხვაობით დამარცხდა, “ნანტმა” კი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი “ევიანი” დაამარცხა. “ნანტი” სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა, “რენი” კი მე-11 პოზიციას იკავებს.

ტულუზა - ბორდო

21 მარტი, 23:00 საათი

ტულუზა, “მუნიციპალი”

მთავარი მსაჯი: ნიკოლას რეინვილე

გასავარდნ ზონაში მყოფი “ტულუზა” “მუნიციპალზე” ვილი სანიოლის გუნდს უმასპინძლებს. მასპინძლებს დიდო ვერ დაეხმარება, ჟირონდელებს კი ტურე, პალოისი, საივე, ჟუსი და დიაბატე დააკლდებიან.

გასულ 4 ტურში “ტულუზამ” 3 გოლი გაიტანა და 11 გაუშვა, 3 მატჩი წააგო და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. “ბორდო” ამ ტურამდე რვამატჩიანი წაუგებელი სერიით მოვიდა. ჟირონდელები 48 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ და პირველ სამეულს 6 ქულით ჩამორჩებიან. “ტულუზა” გასავარდნ ზონაშია, 29 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.

სენტ ეტიენი – ლილი

22 მარტი, 17:00 საათი

სენტ-ეტიენი, “სტად ჟოფრი-გიშარი”

მთავარი მსაჯი: საიდ ენჟიმი

კვირის მატჩები “ჟოფრი-გიშარზე” დაიწყება. “სენტ ეტიენი” მასთან ალოს მყოფ “ლილის” დაუპირისპირდება, მასპინძლებს მულინი, სალი, ბრისონი, დიომანდე და პოგბა დააკლდებიან, სტუმართა დანაკლისი კი სიდიბეს, ბერიას, მავუბასა და ფრეის არყოფნით შემოიფარგლება.

გუნდები ბოლო სამ მატჩში არ დამარცხებულან. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ცენტრალურ მატჩად “სენტ ეტიენისა” და “ლილის” დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ. მასპინძლები მე-5, სტუმრები კი მე-8 ადგილს იკავებენ.

რეიმსი – მონაკო

22 მარტი, 20:00 საათი

რეიმსი, “სტად ოგუსტ-დელუნ მეორე”

მთავარი მსაჯი: ფრანკ შნეიდერი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტი “მონაკო” გასვლით მატჩში “რეიმსს” დაუპირისპირდება. მასპინძლებს დევუ, ოლბეკი, ბასტიენი და სინორინო ვერ დაეხმარებიან. “მონაკოს” შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ ტრაორეს, რაჯის, ბაკაიკოსა და ვალასეს.

“მონაკო” სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილს იკავებს, “რეიმსი” კი მე-13 პოზიციაზეა. “რეიმსმა” ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა, “მონაკომ” კი უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმო.

ლანსი - მარსელი

23 მარტი, 00:00 საათი

პარიზი, “სტად დე ფრანსი”

მთავარი მსაჯი: ფრედი ფუტრელი

ჩემპიონობისთვის მებრძოლი “მარსელი” გასვლით მატჩს “ლანსის” წინააღმდეგ გამართავს. მასპინძლებს ნ’დიაე, ბაალი და კავარე დააკლდებიან, “მარსელს” კი ბარადა, მორელი და ნ’კულუ ვერ დაეხმარებიან.

ეს მატჩი ტურის დასკვნითი შეხვედრაა. “მარსელი” ჩემპიონისთვის იბრძვის და პირველ ადგილოსან “ლიონს” 4 ქულით ჩამორჩება, “ლანს” კი გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა სურს, მე-19 ადგილზეა და 7 ქულა აშორებს მე-17 ადგილოსან “ევიანთან”.

თეგებილიგა 1
0.178103