საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ნახევარფინალში უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან უშანსოდ წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პაპინაშვილი მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას დაუპირისპირდება. მეორე ბრინჯაოსთვის ყაზახი იელდოს სმეტოვი და უზბეკი დიორბეკ უროზბაევი იბრძოლებენ. ფინალში კი ლუტფილაევი გერმანელ ტობიას ენგლმაიერს შეხვდება.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 66 კილოგრამშიც გამოვლინდებიან, სადაც დილის პროგრამის შეხვედრები ჯერ არ დასრულებულა.
16:30 საათზე სპორტის სასახლეში გრან პრის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ფინალური ბლოკის შეხვედრები კი 17:00 საათიდან დაიწყება.