ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ჰარუ ბაშოზე მოგებათა რაოდენობა ათამდე აიყვანა. მან საკმაოდ ძლიერი ბრაზილიელი კაისეი, რომელიც დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯება, ოშიდაშით დაჯაბნა.
შეგახსენებთ, რომ თავად გაგამარუ ოსაკას სუპერტურნირზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ირჯება და რეიტინგში საგრძნობი წინსვლა გარანტირებული აქვს. გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰო იქნება.
მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) საფრთხის წინაშე დგას ტოჩინოშინის შიკონათი მოასპარეზე ლევან გორგაძე. მან 6 მოგების წილ მე-7 მარცხი (იორიკირით) ოძეკი გოეიდოსთან განიცადა.
ახლა, ქართველ გოლიათს, რომელიც დოჰიოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით გადის, დარჩენილი ორივე შერკინების მოგება მართებს. ტოჩინოშინს შემდეგი შერკინება დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან ელის.
მოულოდნელად დაიძაბა ბრძოლა “იმპერატორის თასისთვის”. სეკივაკე ტერუნოფუჯიმ იოკოძუნა ჰაკუჰო იორიკირით დაამარცხა (დიდმა ჩემპიონმა 36 გამარჯვების შემდეგ, პირველად წააგო) და მონღოლ ფავორიტს ერთ მოგებამდე დაუხლოვდა. ხვალ, ჰაკუჰო ოძეკი კისენოსატოს შეერკინება, ტერუნოფუჯი კი – დასავლეთის პირველ მაეგაშირა იჩინოჯოს.
მარტის ბაშოს მე-13 დღის მიმოხილვა