ხუთშაბათ საღამოს ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება და გუნდების რაოდენობა განახევრდება. პირველი მატჩების შემდეგ, ორბურთიანი უპირატესობა ოთხმა გუნდმა მოიპოვა, სამ შემთხვევაში მასპინძლებმა მინიმალური სხვაობა დააფიქსირეს, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა.
აი როგორი სტატისტიკით ხვდებიან გუნდები 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრებს:
მოსკოვის “დინამომ” ნეაპოლში 1:3 წააგო და სტატისტიკის მიხედვით, შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. “დინამოს” იტალიელები საკუთარ მოედანზე არასდროს დაუმარცხებია (1 ფრე, 1 წაგება), მაგრამ მეორე მხრივ, არც “ნაპოლის” მოუგია რუსეთში (1 ფრე და 1 მარცხი). “თეთრ ცისფერების” ამჟამინდელმა თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმა “ნაპოლი” 1991 წელს ჩემპიონთა თასზე დაამარცხა. მაშინ ის “სპარტაკში” თამაშობდა და ძირითადი დროის 0:0 დასრულების შემდეგ, რუსებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში 5:3 იმარჯვეს.
“ფიორენტინამ” “რომა” “ოლიმპიკოზე მიმდინარე სეზონში უკვე დაამარცხა. იტალიის თასის 1/4-ფინალში ფლორენციელებმა 2:0 მოიგეს და რატომ ვერ უნდა შეძლონ იგივეს გაკეთება ევროპის ლიგაზე? ეს იყო ფლორენციელთა თავკაცის, ვინჩენცო მონტელას პირველი გამარჯვება თავის ყოფილ გუნდთან. იტალიის ჩემპიონატში ამ გუნდებმა რომში სულ 159-ჯერ ითამაშეს და “რომამ” 52 მათგანი მოიგო, “ფიორენტინამ” 49-ჯერ იმარჯვა, ხოლო 58 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.
კიევის “დინამოს” ინგლისურ კლუბებთან 23-ჯერ აქვს ნათამაშები და მხოლოდ ოთხჯერ მოახერხა გამარჯვება. მეორე მხრივ, კიეველებმა საკუთარ მოედანზე ევროთასების ბოლო ოთხი თამაში ორი, ან მეტბურთიანი სხვაობით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ევერტონი” სტუმრად ჯერ არ დამარცხებულა (2 მოგება და 2 ფრე).
“აიაქსს” უკრაინული კლუბისთვის ევროთასებზე ერთადერთხელ უმასპინძლია. 2010/2011 წლების ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მათ კიევის “დინამო” 2:1 დაამარცხეს. ამჟამად ჰოლანდიელებს მსგავსი შედეგი ხელს არ აძლევთ, რადგან სტუმრად 0:1 დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშებიან. “დნიპროს” ჰოლანდიურ კლუბებთან სამი თამაში აქვს ჩატარებული, სამივეჯერ ორი ბურთი გაიტანა და ერთხელაც არ დამარცხებულა (2:2, 2:1 და 2:1).
“ტორინო” ევროთასებზე საკუთარ მოედანზე აგერ უკვე 10 თამაშია არ აგებს - 7 მოგება და 3 ფრე. ეს წაუგებელი სერია 1993 წლის ოქტომბრიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ ზემოთნახსენები სამი ფრიდან ორი ახლახანს, ბოლო ორ საშინაო მატჩებში დაფიქსირდა. “ზენიტს” იტალიაში ოთხჯერ აქვს ნათამაშები ორჯერ დამარცხდა, თითო-თითო შემთხვევაში კი, მოგება და ფრე დააფიქსირა.
კარგი სერია აქვს “ინტერსაც”, რომელსაც ევროთასებზე აგერ უკვე 11 საშინაო თამაშია არ წაუგია (7 მოგება და 4 ფრე). წელს საკუთარ მოედანზე ჩატარებული ხუთი თამაშიდან, მილანელებმა საკუთარი კარი მშრალად შეინახეს. “ინტერს” ევროთასებზე 388 თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო “ვოლფსბურგს” მხოლოდ 59.
“სევილიამ” ევროთასებზე ესპანურ კლუბებთან ჩატარებული ბოლო ოთხი თამაში მოიგო. განვლილ სეზონში თასის მოქმედმა ჩემპიონმა “ბეტისის” ბარიერი გადალახა, არადა, სტუმრად 0:2 ჰქონდა წაგებული. ახლა მსგავსი გმირობის ჩადება “ვილიარეალს” მართებს.
“ბეშიქთაში” ბელგიურ კლუბთან საკუთარ მოედანზე არასდროს დამარცხებულა (2 მოგება და 1 ფრე). მეორე მხრივ, მიმდინარე გათამაშებაში “ბრიუგე” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მარცხის სიმწარე არ განუცდია - 13 თამაშიდან ბელგიელებმა 10 მოიგეს და სამი ფრედ დაასრულეს.
ევროპის ლიგა 1/8-ფინალი. განმეორებითი მატჩები. 19-20 მარტი
დინამო (მოსკოვი, რუსეთი) - ნაპოლი (იტალია) (პირველი მატჩი 1:3)
რომა (იტალია) - ფიორენტინა (იტალია) (1:1)
დინამო (კიევი, უკრაინა) - ევერტონი (ინგლისი) (1:2)
აიაქსი (ჰოლანდია) - დნიპრო (უკრაინა) (0:1)
ტორინო (იტალია) - ზენიტი (რუსეთი) (0:2)
ინტერი (იტალია) - ვოლფსბურგი (გერმანია) (1:3)
სევილია (ესპანეთი) - ვილიარეალი (ესპანეთი) (3:1)
ბეშიქთაში (თურქეთი) - ბრიუგე (ბელგია) (1:2)