ფეხბურთი

22:00 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩირგაძის დუბლი და სამი ქულა

უმაღლესი ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” სამი ქულა “მეტალურგთან” საშინაო თამაშში მოიპოვა. რუსთაველებს მოსამზადებელი ეტაპი ჩაუვარდათ, რამაც პირველ ყოვლისა გუნდის ფიზიკურ მომზადებას დაასვა დაღი. ეს ნაკლოვანება “მეტალურგის” ყოველ შეხვედრაში კარგად ჩანს.

თამაშიდან გამომდინარე, სტუმარი ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი გოლის არგაშვება იყო, თუმცა ამის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, “მეტალურგი” კონტრშეტევაზე გადასვლას ვერ ახერხებდა. ამიტომაც, მატჩის დიდმა ნაწილმა “დინამოს” შეტევებში ჩაიარა. შესვენების შემდეგ გოგიჩაიშვილის ფეხბურთელები მოეშვნენ და მათ თამაშში ნაკლები ენთუზიაზმი იგრძნობოდა. ამის მთავარი მიზეზი კი მეტოქე იყო, რომლისგანაც წინააღმდეგობა არ მოდიოდა.

ესპანელი მანუელის არყოფნაში “დინამოს” სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ჩირგაძემ ითამაშა. 24 წლის თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით კარგი პირველი გოლი იყო. მართალია ფორვარდს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა ჩირგაძემ ყოფილი კლუბის კარისკენ თავით ძალიან ზუსტად დაარტყა. ამ მომენტში ბედიაშვილს მოგერიების შანსი არ ქონდა. ასეთ სტილში, თავით მეკარისაგან შორეულ კუთხეში ქართველ თავდამსმხმელებს ძალიან იშვიათად გააქვთ გოლები და ამიტომაც გამოვარჩევდით პირველ გოლს.

თბილისური კლუბის შეტევის ხაზიდან ასევე შეიძლება კიტეიშვილის, ლობჟანიძისა და პარუნაშვილის გამორჩევა, რომლებიც კარგად კომბინირებდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებულ შეტევებს მოჰყვა.

შეტევებში კარგად ერთვებოდა ოთარ კაკაბაძე, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში სისტემატურად თამაშობს. დღევანდელ მატჩში თითქმის არ მოუწია უკანა ხაზში მოქმედება. მატჩის დიდი დრო მეტოქის ნახევარზე გაატარა. იგივეს თქმა შეიძლება ლაშა თოთაძის შესახებ, თუმცა თუ შეტევისას კაკაბაძის მთავარი დადებითი თვისებები სისწრაფესა და ტექნიკაში გამოიხატება, თოთაძის მთავარი პლიუსი ძლიერი დარტყმაა, განსაკუთრებით კი სტანდარტული სიტუაციებიდან. მის მიერ პირველ ტაიმში შესრულებული საჯარიმო დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

“მეტოქე გუნდს ბევრის უფლება მივეცით, ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა. სამწუხაროდ დავმარცხდით. ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. მიუხედავად პირობების არქონისა მაქსიმალურად ცდილობენ პოტენციალის გამომჟღავნებას. ვარჯიშის შემდეგ დაბანასაც ვერ ახერხებენ. ამ სიტუაციაში კი წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთულია” – აღნიშნა “მეტალურგის” მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ.

“მეორე ტაიმში ოდნავ მოვდუნდით. მიზანს მივაღწიეთ და მოვახერხეთ სამი ქულის მოპოვება. შემდეგ ტურში პრინციპული მატჩი გველის ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ და ჩვენი ყურადღება ამ შეხვედრისკენაა მიმართული” – განაცხადა “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა.

დინამო (თბილისი) –მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (2:0)

18 მარტი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა

დინამო თბილისი: ჰრდლიჩკა, თოთაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, კაკაბაძე, ჯანელიძე, პარუნაშვილი (შერგელაშვილი 83), ცინცაძე, ლობჟანიძე (ჯიღაური 63), კიტეიშვილი (ტაბატაძე 70 ), ჩირგაძე

მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი

რუსთავის მეტალურგი: ბედიაშვილი, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი, გელაშვილი, ნოზაძე, ექვთიმიშვილი (გუჯაბიძე 55), სარიშვილი, ბერუაშვილი, ბარაბაძე, ჯოხაძე (ციცქიშვილი 77), ოქროპირიძე

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გოლები: 1:0, 2:0 ჩირგაძე (16, 23)

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

გაფრთხილება: ხიზანეიშვილი (64)

1. დინამო თბ. 20 13 2 5 34:17 41
2. დინამო ბთ. 20 12 3 5 26:16 39
3. დილა 20 11 5 4 29:15 38
4. სამტრედია 20 10 4 6 25:15 34
5. ცხინვალი 20 10 3 7 20:25 33
6. ჩიხურა 20 8 6 6 26:22 30
7. გურია 20 7 8 5 19:25 29
8. შუქურა 20 7 6 7 21:20 27
9. ტორპედო 20 5 9 6 22:21 24
10. მეტალურგი 20 6 6 8 19:21 24
11. ზესტაფონი 20 5 8 7 37:33 23
12. მერანი 20 5 7 8 15:20 22
13. კოლხეთი 20 5 6 9 16:25 21
14. ზუგდიდი 20 5 6 9 13:23 21
15. სიონი 20 4 5 11 18:32 17
16. ვიტ ჯორჯია 20 3 4 13 17:27 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.226276