გასულ ტურში მოპოვებული საგარეო გამარჯვების შემდეგ “ტორპედოს” ერთგული ქომაგები სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ “ცხინვალთან” მხოლოდ მოგებას ელოდნენ. როგორც გამოჩნდა, ქუთათურებმა სტუმრად ვეტერინარებთან გამარჯვებით ფსიქოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორეს და საკმაოდ სერიოზულ მეტოქეს დამაჯერებლად სძლიეს.
არადა მატჩის დასაწყისი თითქოს რიონისპირელებს კარგს არაფერს უქადდა. ცხინვალელებს უკვე მე-3 წუთზე შეექმნათ სახიფათო მომენტი, როდესაც მახარობლიძის ძლიერად “გასროლილი” შეყრილაძემ მოიგერია. სულ მალე ქუთაისელთა კიპერმა ისევ იყოჩაღა და მასთან მახვილი კუთხიდან პირისპირ გასულ სიჭინავას გატანის საშუალება არ მისცა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ცხინვალელთა შემტევი ბურთს მეურვესთან ჭიდილში ურტყამდა.
მასპინძლებმა სადებიუტო ნერვიულობა მალევე დაძლიეს და მეტოქეს თავადაც შეუტიეს. საკუთარი გუნდის შეტევებში ყველაზე აქტიურები დავით კირკიტაძე და ირაკლი კლიმიაშვილი იყვნენ. კირკიტაძე ტრადიციულად შეტევის მარჯვენა ფლანგზე ირჯებოდა და მეურვეებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდათ. რაც შეეხება კლიმიაშვილს, იგი საუცხოოდ ასრულებდა სტანდარტულებს და მატჩის ერთ-ერთი გმირიც სწორედ ის შეიქმნა. ცხინვალელთა კართან პირველი სახიფათო მომენტი სწორედ სტანდარტულიდან შეიქმნა, როდესაც კლიმიაშვილის დარტყმული ძელს მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ. 28-ე წუთზე კი ის რაც ირაკლიმ გააკეთა, ამას ფეხბურთის ქომაგები უიშვიათესად ხედავენ. ქუთაისელთა შუახაზელმა გოლის გატანა პირდაპირ კუთხურიდან შეძლო. მართალია, ამ მომენტში შიდაქართლელთა კარის დარაჯს უკეთესად გარჯა მართებდა, მაგრამ ფაქტია რომ დღეიდან კლიმიაშვილი იმ ფეხბურთელთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც ამ რთული სიტუაციიდან აქვთ გოლი გატანილი – 1:0.
ქუთათურებმა მოწინააღმდეგეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს და მალე ანგარიშის გაორებაც შეძლეს. ამჯერად რიონისპირელებმა პენალტი გაიტანეს, რომელიც გიორგი ქიმაძის წაქცევისათვის დაინიშნა. ქუთაისელთა მარცხენა ფლანგელმა კლიმიაშვილისაგან ქუსლით უზადო გადაცემა მიიღო, თავადაც კარგად ითამაშა და ცრუ მოძრაობით კაჭკაჭიშვილიც გააცურა, რომელიც ახალგაზრდა ტორპედოელს უხეშად ეთამაშა და არბიტრმაც ხელი საპენალტე ნიშნულისაკენ გაიშვირა. ბექა ტუღუშის დარტყმა უნაკლო გამოდგა და გიორგი ნადირაძეს კარის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა – 2:0.
ორბურთიან ჩამორჩენას სტუმრები არ დაუბნევია და ისინი შეეცადნენ მოწინააღმდეგისათვის მედგრად შეეტიათ. მართალია, მცდელობას არ აკლებდნენ, მაგრამ რეალური ხიფათის შექმნა მათ ვერ შეძლეს. თავის მხრივ არც ქუთაისელები მოდუნებულან და ტაიმის მიწურულს საბანაძე დაემუქრა მოწინააღმდეგის კარს, მაგრამ ნადირაძემ ამჯერად საიმედოდ ითამაშა და სიტუაცია განმუხტა.
მეორე ტაიმი ისევ სტუმრების უპირატესობით და შეტევებით დაიწყო. 48-ე წუთზე შეყრილაძეს შინდაგორიძის ძლიერი დარტყმულის მოგერიება მოუხდა, ხოლო ორიოდ წუთში რიონისპირელთა კიპერმა ბაჩიაშვილის რთულად ასაღები ბურთი მოიგერია დამაჯერებლად. მასპინძლებმა ინიციატივის დათმობა არ ინებეს და მალევე შეძლეს თამაშის გათანაბრება. 63-ე წუთზე შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან სიტყვიერი შეურაცყოფის გამო ნიკა სიჭინავა გააძევა, რითაც “ცხინვალის” მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაურესდა. კაცნაკლული შიდაქართლელები არ მოშვებულან, მაგრამ მეტოქისათვის რაიმე სირთულის შექმნა აღარ გამოდიოდათ.
სამაგიეროდ “ტორპედოს” დიდი ანგარიშით მოგების შანსიც კი გაუჩნდა, როდესაც ხორავამ მახარობლიძის ხელით თამაშის გამო მეორე პენალტი დადო, მაგრამ ბუდუ ზივზივაძემ ამ შანსის გამოყენება ვერ მოახერხა. ახალგაზრდა ფორვარდს ორიოდ წუთში ისევ მიეცა გატანის რეალური შესაძლებლობა, მაგრამ მას მიზანმა ისევ უმტყუნა. არბიტრის მიერ დამატებულ დროში გატანა დავით კირკიტაძესაც შეეძლო, მაგრამ ნადირაძემ ითამაშა კარგად და ქუთაისელთა ნახევარმცველს არ გაატანინა. ხორავას საფინალო სასტვენმა ქუთაისელთა ზედიზედ მეორე გამარჯვება დააფიქსირა, რითაც ტორპედოელებმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა.
“ტორპედო” – “ცხინვალი” 2:0 (2:0)
18 მარტი. 17:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1500 მაყურებელი
“ტორპედო”: შეყრილაძე, კირკიტაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ადამაძე, ზ. ჭელიძე, საბანაძე (ზივზივაძე, 73), კლიმიაშვილი (ბაბუნაშვილი, 58), იოსელიანი, მამასახლისი, ტუღუში (გოგუაძე, 86).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
“ცხინვალი”: ნადირაძე, ქარდავა, მახარობლიძე, ლექვთაძე (მარკოზაშვილი, 46), შინდაგორიძე, ვარლამ კილასონია, ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, კაჭარავა, ცაცკრიალაშვილი (თარხნიშვილი, 53), ცერცვაძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გოლები: 1:0 კლიმიაშვილი (28), 2:0 ტუღუში (33, პენალტით).
გაფრთხილება: კაჭკაჭიშვილი (32), ბაბუნაშვილი (69), კირკიტაძე (87).
გაძევება: სიჭინავა (63)
არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)
1. | დინამო თბ. | 20 | 13 | 2 | 5 | 34:17 | 41 | |
2. | დინამო ბთ. | 20 | 12 | 3 | 5 | 26:16 | 39 | |
3. | დილა | 20 | 11 | 5 | 4 | 29:15 | 38 | |
4. | სამტრედია | 20 | 10 | 4 | 6 | 25:15 | 34 | |
5. | ცხინვალი | 20 | 10 | 3 | 7 | 20:25 | 33 | |
6. | ჩიხურა | 20 | 8 | 6 | 6 | 26:22 | 30 | |
7. | გურია | 20 | 7 | 8 | 5 | 19:25 | 29 | |
8. | შუქურა | 20 | 7 | 6 | 7 | 21:20 | 27 | |
9. | ტორპედო | 20 | 5 | 9 | 6 | 22:21 | 24 | |
10. | მეტალურგი | 20 | 6 | 6 | 8 | 19:21 | 24 | |
11. | ზესტაფონი | 20 | 5 | 8 | 7 | 37:33 | 23 | |
12. | მერანი | 20 | 5 | 7 | 8 | 15:20 | 22 | |
13. | კოლხეთი | 20 | 5 | 6 | 9 | 16:25 | 21 | |
14. | ზუგდიდი | 20 | 5 | 6 | 9 | 13:23 | 21 | |
15. | სიონი | 20 | 4 | 5 | 11 | 18:32 | 17 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 20 | 3 | 4 | 13 | 17:27 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)
8 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),
6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;