მადრიდის “ატლეტიკოს” ახალგაზრდა მეკარე იან ობლაკი As-ის ჟურნალისტებს შეხვდა და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე ესაუბრა.
“როხიბლანკომ” ძირითად დროში მარიო სუარესის გოლით იმარჯვა, ხოლო პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა “ლევერკუზენი”. ბევრმა შეხვედრის გმირად სლოვაკი მეკარე აღიარა, რომელიც მოიას ტრავმის გამო ჩაერთო თამაშში, თუმცა ობლაკმა სხვანაირად ისაუბრა.
“შეხვედრის გმირი მე არ ვარ. გმირია უკლებლივ ყველა, ვინც დღეს სტადიონზე იმყოფებოდა.
მოიასთვის ცუდი დღე იყო და ვიმედოვნებ, რომ მალე დაბრუნდება. ასეთ თამაშში ჩართვა იოლი არაა, თუმცა ყველაფერი შესანიშნავად წარიმართა. გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ”, - განაცხადა ახალგაზრდა კიპერმა.
შეგახსენებთ, რომ ობლაკმა ჰაკან ჩალჰანოღლუს მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია.
22 წლის მეკარე “ატლეტიკოში” გასულ ზაფხულს გადავიდა “ბენფიკადან”, თუმცა კლუბის ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ჯერჯერობით მიგელ ანხელ მოიას დუბლიორობა უწევს. მან მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის თასზე, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე გაისარჯა და ჯამში 11 გოლი გაუშვა.