ფეხბურთი

18:52 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი – წყნარი ლიდერი

აბრუცოს მხარეში მშვენიერი, პატარა ქალაქია სახელად – პესკარა. იტალიის სამხრეთით მდებარე, ცხელი და გარშემო რომ ადრიატიკის ზღვა ესაზღვრება, სწორედ ის ადგილია პესკარა.

განსაკუთრებული საფეხბურთო წარსულით ეს ქალაქი დიდად ვერ დაიკვეხნის. თუმცა, 1992 წლის 5 ნოემბერს, პესკარაში მარკო ვერატი დაიბადა. ვერატი კი ის ფეხბურთელია, რომელსაც უკვე აიგივებენ იტალიური ფეხბურთის გენიოს ანდრეა პირლოსთან და იტალიის ნაკრების მომავალ წარმატებებს მასთან აკავშირებენ.

ფიზიკურად არაფრით გამორჩეული, ჩია ტანის საყრდენი ნახევარმცველი, რომლის პროფესიონალური დებიუტი იტალიის სერია B-ში 2008-2009 წლების სეზონში შედგა. მაშინ, მარკო მხოლოდ 16 წლის იყო. უკვე მომდევნო სეზონიდან კი “პესკარას” ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ხვდება. და მაინც, არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა, რომ არა 2011-2012 წლების სეზონი და ცნობილი ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი. სწორედ ზემანის ხელმძღვანელობით ადრიატიკულმა გუნდმა დიდხნიანი პაუზის შემდგომ ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო გუნდის მთავარი მოთამაშე, ჩირო იმობილესთან და ლორენცო ინსინიესთან ერთად, სწორედ შეუმჩნეველი ვერატი გახლდათ.

ფეხბურთი გამორჩეული სპორტის სახეობა იმიტომ არის, რომ მოულოდნელობებითაა აღსავსე და მას მწვანე მინდორზე არაორდინალური ქმედებები ავსებს და ალამაზებს. ვერატი არც გატანილი გოლებით გამოირჩევა, არც განსაკუთრებული დრიბლიორია, მაგრამ აქვს რაღაც თვალუწვდენელი ქარიზმა, ის ქარიზმა, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მეტოქეს მისი ტერორის ქვეშ ამყოფებს, ისე, როგორც ეს ცოტა ხნის წინათ იყო, ბევრად გამოცდილი ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ.

უცნაურია თავად ის ფაქტიც, რომ უკვე 22 წელს მიტანებულ ვერატის მშობლიური ქვეყნის უძლიერეს ლიგაში არასდროს უთამაშია. 2012 წელს, “პესკარამ” სერია A-ს საგზური კი მოიპოვა, მაგრამ იმავე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელს კარლო ანჩელოტი დაუკავშირდა პარიზიდან და ბუნებრივია, რომ ვერატის დაყოლიება ფინანსურად მძლავრ პსჟ-ს არ გასჭირვებია. ეს იმის მიუხედავად, რომ მარკოს სარფიან კონტრაქტებს “რომა”, “ნაპოლი” და “იუვენტუსიც” სთავაზობდა. ვერატის მაშინდელი გადაწყვეტილება ბევრმა შეცდომად მონათლა, რადგან მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი უცხო გარემოში თავს ვერ დაიმკვიდრებდა. ახლა უკვე კარგად ჩანს თუ ვინ ცდებოდა მაშინ...

იტალია უცნაური ქვეყანაა. ალბათ, აპენინია ერთადერთი ადგილი, სადაც ახალგაზრდების ნდობა ყველაზე მეტად უძნელდებათ. მარკო ვერატი ამ მხრივაც გამონაკლისი აღმოჩნდა და მისი დებიუტი “სკუადრა აძურას” მაისურით 2012 წლის აგვისტოში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მაშინ იგი მხოლოდ 19 წლის იყო. ვერატიმ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლი 2013 წლის თებერვალში გაიტანა, როცა “ამსტერდამ არენაზე” ჰოლანდია დაამწუხრა და ამხანაგური მატჩი მეგობრული შედეგით დაასრულა (1:1).

იტალიის ნაკრების ექს თავკაცი ჩეზარე პრანდელი ხშირად ენდობოდა და საბოლოოდ, 2014 წლის მსოფლიო პირველობაზეც იახლა. ბრაზილიაში იტალიელებს სრული ფიასკო ელოდათ, თუმცა პირველი შეხვედრა, რომელიც მათ ინგლისელებს მოუგეს (2:1) ვერატიმ დიდებულად ჩაატარა. იმ დღეს იგი “აძურას” შუა ხაზში ანდრეა პირლოს მხარდამხარ ირჯებოდა...

პრანდელი ანტონიო კონტემ ჩაანაცვალა. ჯერჯერობით “იუვენტუსის” ექს დამრიგებელი ვერატის “სკუადრა აძურაში” დიდად არ სწყალობს და თამაშის საშუალებას ძირითადად შეცვლებზე აძლევს. არადა, თვითონ კონტეც კარგად ხვდება, რომ ვერატის სახით მას გუნდში ნამდვილი ბრილიანტი ჰყავს...

და მაინც, რატომ კვეთს ვერატის გზა მაესტროს გზას? – მათ ხომ განსხვავებული სათამაშო სტილი აქვთ, მარკო არც სტანდარტული მდგომარეობების შთამბეჭდავი შესრულებით გამოირჩევა... არის ბევრი სხვა განსხვავებებიც, თუმცა მთავარი მსგავსება მაინც ის ლიდერის თვისებებია, რომელიც მოედანზე 90 წუთი ვიზუალურად შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სადაც კი პირლოს უთამაშია, გუნდის დირიჟორი იყო. ასეა მარკო ვერატიც. მარკოს კიდევ ერთი პლიუსი აქვს. მას მსოფლიო ფეხბურთის რამდენიმე ვარსკვლავის გვერდით უწევს ამ თვისებების გამომჟღავნება.

ახალი პირლო არ გამეორდება, მაგრამ იტალიას და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს უკვე ჰყავს მარკო ვერატი...

0.109651