ფეხბურთი

4:12 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

„მეთოფეებს“ ერთი გასროლა დააკლდათ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების ბოლოსწინა სათამაშო დღე ძალზე საინტერესო გამოდგა. მონაკოსა და მადრიდში გუნდებმა გულშემატკივრებს ძალიან დაძაბული ბრძოლები შესთავაზეს. მონაკოში, „არსენალს“ ერთი ბურთი დააკლდა, ხოლო მადრიდში, ადგილობრივ გუნდს „ლევერკუზენის“ დასამარცხებლად თერთმეტმეტრიანების სერია დასჭირდა.

„არსენალი“ მონაკოს ძალიან რთული ამოცანით ეწვია. ვენგერის გუნდს მეტოქისთვის მინიმუმ 3 ბურთი უნდა გაეტანა და ეს მაშინ, როდესაც „მონაკოს“, მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ მოედანზე გოლი გაშვებული არ ჰქონდა.

ლონდონელთა შემტევი სასტარტო შემადგენლობის მიუხედავად, შეხვედრის სტარტზე თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ. თუმცა, ჟარდიმის გუნდს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. მასპინძელმა გუნდმა, პირველ ტაიმში, კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც არაზუსტად.

„არსენალმა“ უპირატესობა ხელთ მალევე იგდო და ლონდონელებმა, შესვენებამდე, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, რომელთაგან ერთი წარმატებითაც დაასრულეს. 36-ე წუთზე, სუბასიჩმა ოლივიე ჟირუს დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ ფრანგმა შემტევმა, რომელიც სტუმართაგან ყველაზე აქტიური იყო, დამატებაზე ივარგა.

„ლუი II“-ზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევდა. ლონდონელებმა, პირველ 45 წუთში, კარში ზუსტად დარტყმა 4-ჯერ მოახერხეს და ერთხელ გაიტანეს. 3 კვირის წინათ, ამ გუნდებს შორის გამართულ დაპირისპირებაში, „მეთოფეებს“ იგივე სტატისტიკური მონაცემები მთელს 90 წუთში ჰქონდათ.

შესვენების შემდეგ უპირატესობას კვლავ სტუმარი გუნდი ფლობდა, თუმცა ლონდონელთა შეტევები ისეთივე მწვავე აღარ იყო, როგორც პირველ ტაიმში. „მეთოფეებმა“ ერთი გოლის გატანა და სიტუაციის უკიდურესად დაძაბვა მაინც მოახერხეს. 79-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა აარონ რემზიმ კურზავას კარგი საჩუქარი შეირგო და ანგარიში 0:2 დააფიქსირა.

უელსელის გოლი ნიშნავდა, რომ კიდევ ერთ ზუსტ დარტყმას „არსენალი“ მომდევნო ეტაპზე გაჰყავდა. არსენ ვენგერის გუნდი, რა თქმა უნდა, ბევრს ეცადა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია და ჩემპიონთა ლიგას კვლავ 1/8-ფინალიდან გამოეთიშა.

საინტერესოა, რომ „არსენალს“, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის განმეორებით მატჩში ბოლო 4 შემთხვევაში არ წაუგია, მაგრამ ლონდონელები გათამაშებას ოთხივეჯერ გამოეთიშნენ. „მეთოფეებმა“ ჩემპიონთა ლიგა ამ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ დატოვეს. „რეალის“ რეკორდამდე მათ მხოლოდ ერთი წარუმატებლობა აშორებთ.

„ატლეტიკოსა“ და „ლევერკუზენის“ პირველი დაპირისპირება გერმანელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული. მადრიდულმა გუნდმა ეს ჩამორჩენა „ვისენტე კალდერონზე“ გამართული თამაშის პირველივე ტაიმში აღმოფხვრა. 27-ე წუთზე, მარიო სუარესმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, რასაც რიკოშეტი და გოლი მოჰყვა.

ამ დროისთვის, „ატლეტიკოს“ მეკარე მიგენ ანხელ მოია, ტრავმის გამო, უკვე შეცვლილი იყო. ცვლილება 23-ე წუთზე განხორციელდა. საინტერესოა, რომ 2010 წელს, როდესაც მოია „ვალენსიაში“ თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგაზე „ბურსასპორთან“ დაპირისპირების დროს, ის ასევე 23-ე წუთზე შეცვალეს. 30 წლის ესპანელი კარის დარაჯი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მეკარეა, რომელიც 25-ე წუთამდე 2-ჯერ შეცვალეს.

შეხვედრის დარჩენილ ნაწილში სახიფათო მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ჯერ დამატებითი ტაიმები, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა.

თერთმეტმეტრიანების სერია „ატლეტიკოს“, ისტორიის გათვალისწინებით, კარგს არაფერს უქადდა. საქმე ისაა, რომ არცერთ ესპანურ გუნდს, ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან), საფეხბურთო ლატარეად წოდებულ დაპირისპირებაში მოგება არ ჰქონდა. თავად „როხიბლანკოს“, ევროტურნირებზე ჩატარებული სამივე თერთმეტმეტრიანების სერია წაგებული ჰქონდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ „ლევერკუზენის“ კარის დარაჯს, ბერნდ ლენოს, კარიერის განმავლობაში, მის კარში დარტყმული პენალტების 37% აღებული ჰქონდა, ხოლო მადრიდელთა კიპერის, იან ობლაკის შედეგი მხოლოდ 10% იყო. ამ მეკარეებმა, დღეს, თითო თერთმეტმეტრიანი მოიგერიეს, მაგრამ ლენო თანაგუნდელებმა დააღალატეს - „ლევერკუზენის“ ფეხბურთელებმა კარს 2-ჯერ ააცილეს და 1/4-ფინალის საგზური „ატლეტიკოს“ დაუთმეს.

ბოლოს კი ერთი საინტერესო სტატისტიკა - უკანასკნელ 26 შემთხვევიდან, როდესაც ესპანური გუნდი სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ევროტურნირის ფლეი ოფში დაუპირისპირდა, ესპანელებმა მომდევნო ეტაპზე 24-ჯერ გააღწიეს.

მონაკო-არსენალი 0:2 (პირველი მატჩი 3:1)

მონაკო, “ლუი II

მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, ფაბინიო, აბდენუ, უოლასი, კურზავა, კონდოგბია, ტულალანი, დირარი (ელდერსონი 86), მოუტინიო, მარტიალი (ფერეირა 60), ბერბატოვი (სილვა 70).

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი (გიბსი 83), კოკელინი (რემზი 63), კასორლა, სანჩესი, იოზილი, უელბეკი (უოლკოტი 72), ჟირუ.

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

გოლები: 0:1 ჟირუ (36), 0:2 რემზი (79).

გაფრთხილებები: კონდოგბია 52 – სანჩესი 42.

მსაჯი: სვეინ-ოდვარ მოენი (ნორვეგია).

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 3 (0)-16 (7), კუთხური: 0-5, თამაშგარე: 4-2, სეივი: 5-0, ჯარიმა: 13-11.

ატლეტიკო-ლევერკუზენი 1:0 (პენ: 3:2) (პირველი მატჩი 0:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): მოია (ობლაკი 23), ხუანფრანი, მირანდა, ხიმენესი, გამესი, კანი (გარსია 46), კოკე, სუარესი, თურანი, მანჯუკიჩი (ტორესი 83), გრიზმანი.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჰილბერტი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ვენდელი, კასტრო, ბენდერი (პაპადოპულოსი 104), ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი (როლფესი 77), დრმიჩი (კისლინგი 69).

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი.

გოლი: 1:0 სუარესი (27).

თერთმეტმეტრიანების სერია: 0:0 გარსია, 0:0 ჩალჰანოღლუ, 1:0 გრიზმანი, 1:1 როლფესი, 2:1 სუარესი, 2:1 თოფრაქი, 2:1 კოკე, 2:2 კასტრო, 3:2 ტორესი, 3:2 კისლინგი.

გაფრთხილებები: ხიმენესი 30, გამესი 72, სუარესი 75, ტორესი 110 – სპაჰიჩი 26, თოფრაქი 65, ჩალჰანოღლუ 78, ვენდელი 89, კისლინგი 102, პაპადოპულოსი 113.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 12 (5)-7 (3), კუთხური: 11-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 10-25.

0.327806