ფეხბურთი

15:00 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეძლებს “არსენალი” შეუძლებელს?

მონაკო-არსენალი (პირველი მატჩი 3:1)

1/8-ფინალების პირველ მატჩებში ყველაზე მოულოდნელი შედეგი “არსენალისა” და “მონაკოს” წყვილში დაფიქსირდა. ევროტურნირებზე თამაშის მცირე გამოცდილების მქონე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფს დაჩვეულ “არსენალს” იმ სხვაობით მოუგო, რომელიც ლონდონელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის მიზერულ შანსს უტოვებს.

დღეს, “არსენალმა” “მონაკოს” მინიმუმ 3 ბურთი უნდა გაუტანოს. იმის გათვალისწინებით, რომ ლეონარდუ ჟარდიმის გუნდმა, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 7 მატჩში მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, არსენ ვენგერის გუნდის ამოცანა შეუსრულებელი ჩანს.

“მონაკოს”, ინგლისურ გუნდთან, ერთხელ წაუგია იმ ანგარიშით, რომელიც დღეს ხელს “არსენალს” აძლევს. ეს 1995 წელს მოხდა, როდესაც “ლიდს იუნაიტედმა” მონაკოში 3:0 მოიგო. “მონაკოს”, ინგლისურ გუნდებთან სულ გამართულ 11 თამაშში 6 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება დაუგროვდა. საკუთარ კედლებში ჩატარებული 5 მატჩიდან საფრანგეთის წარმომადგენლებმა 3-ჯერ მოიგეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და ერთხელ წააგეს.

“არსენალს”, ფრანგულ გუნდებთან ჩატარებულ 21 დაპირისპირებაში 12 მოგება, 6 ფრე და 3 მარცხი აქვს. ლონდონლეებმა საფრანგეთში 10-ჯერ ითამაშეს. “მეთოფეებმა” 7-ჯერ მოიგეს და 3 მატჩი ფრედ დაასრულეს.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება. “მონაკო”, მთელი სეზონის განმავლობაში, კარგი დაცვით გამოირჩევა, ბოლო დროს კი, ჟარდიმის შეგირდებმა ბევრი გოლის გატანაც დაიწყეს. “მონაკომ” ლიგა ერთის ბოლო 2 თამაში მოიგო და ორივე ამ მატჩში 3-3 გოლი გაიტანა.

“არსენალმა”, “მონაკოსთან” წაგების შემდეგ, ოთხივე თამაში მოიგო. ლონდონელებმა 3-ჯერ პრემიერლიგაში იმარჯვეს და მე-2 ადგილზე მყოფ “სიტისთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შემაცირეს, ხოლო ინგლისის თასზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს.

მასპინძელ გუნდს, ტრავმების გამო, ბაკაიოკო, რაგი და ლასინა ტრაორე არ ეყოლება. ტულალანის, კონდოგბიასა და ფერეირა-კარასკოს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“არსენალს”, რა თქმა უნდა, მეტოქეზე მეტი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. არსენ ვენგერი დებუშის, დიაბის, ჩემბერლენსა და არტეტას მოისაკლისებს. უილშირისა და როსიცკის თამაში კი საეჭვოა.

  • “მონაკოს” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 თამაში მოგებული აქვს;
  • “მომაკომ”, ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კედლებში ჩატარებული თამაშების 75% მოიგო. ამაზე უკეთესი შედეგი (76%) მხოლოდ მადრიდის “რეალს” აქვს;
  • “მონაკოს”, მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ კედლებში გამართულ 3 საშინაო შეხვედრაში გოლი გაშვებული არ აქვს;
  • “არსენალს”, ფრანგულ გუნდებთან სტუმრად ჩატარებულ ბოლო 11 თამაშში წაგება არ აქვს. თუმცა, ლონდონლებმა, ამ 11 შეხვედრიდან, ერთზე მეტი ბურთის სხვაობით ვერცერთი მოიგეს;
  • “არსენალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 31 გასვლითი თამაშიდან კარი მშრალად მხოლოდ სამში შეინახა;
  • “არსენალი”, ბოლო 4 სეზონის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგაზე 1/8-ფინალიდან ეთიშებოდა;
  • “არსენალი”, ევროტურნირის ფლეი ოფში, ფრანგულ გუნდს მეხუთედ გადაეყარა. წინა 4 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან ლონდონელებმა ყველა მოიგეს;
  • “არსენალმა”, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი ორბურთიანი სხვაობით ზედიზედ მე-3 სეზონში წააგო;
  • ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ფლეი ოფის პირველი მატჩის საკუთარ კედლებში წამგები გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა. ორივე შემთხვევაში პირველი თამაში 0:1 იყო დასრულებული;
  • “მონაკომ”, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 7 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა;
  • “მონაკომ”, ევროტურნირის ფლეი ოფში, პირველი მატჩის სტუმრად მოგება მეათედ მოახერხა. წინა 9 შემთხვევაში გუნდი მომდევნო ეტაპზე გასვლას ყოველთვის ახერხებდა;
  • “არსენალს”, საფრანგეთში გამართულ 10 თამაშში წაგება არ აქვს;
  • “არსენალს”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში, აქამდე 3-ჯერ წაუგია და ლონდონელები გათამაშებას სამივე შემთხვევაში გამოეთიშნენ;
  • “მონაკოს”, საკუთარ კედლებში, 2011 წლის სექტემბრის შემდეგ არ წაუგია იმ ანგარიშით, რომელიც დღეს ხელს “არსენალს” აძლევს;
  • “მონაკომ”, ბოლო 22 თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო. ამ 22 მატჩში ჟარდიმის გუნდმა მხოლოდ 7 გოლი გაუშვა;
  • “არსენალმა”, მიმდინარე სეზონში, 9 თამაში მოიგო იმ ანგარიშით, რომელიც დღეს ვენგერის გუნდს აწყობს. აქედან 2 მეტოქის მოედანზე;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, მეტოქის მოედანზე 3:1 მოგება “მონაკოს” მომდევნო ეტაპზე გასვლის 98%-იან შანსს აძლევს.

სავარაუდო შემადგენლობები

მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, ტურე, აბდენუ, უოლასი, კურზავა, კონდოგბია, ტულალანი, დირარი, მოუტინიო, ფერეირა-კარასკო, ბერბატოვი.

არსენალი (4-2-3-1): შჩეზნი, ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი, რემზი, კოკელინი, კასორლა, იოზილი, სანჩესი, ჟირუ.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

ატლეტიკო-ლევერკუზენი (პირველი მატჩი 0:1)

“ლევერკუზენი”, პირველ მატჩში დაფიქსირებული ანგარიშით კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ფლეი ოფის პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში მშრალად მოგება ცუდი შედეგი არასდროსაა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მეტოქე ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტია. თამცა, 1:0 მოგება გერმანელებს არაფრის გარანტიას აძლევს, რადგან “ატლეტიკოს” მსგავსი სიტუაციიდან გამოსვლის გამოცდილება უკვე აქვს.

“ატლეტიკოს” გერმანულ გუნდებთან 33-ჯერ უთამაშია. მადრიდელებმა 15-ჯერ მოიგეს, 6-ჯერ ფრედ ითამაშეს და 12-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში გამართული 15 დაპირისპირებიდან “ატლეტიკომ” 10 მოიგო და აქედან 8 იმ ანგარიშით, რომელიც მადრიდელებს დღეს აწყობთ. დანარჩენი 5 შეხვედრიდან “როხიბლანკომ” 2 ფრედ დააასრლა და 3 წააგო.

“ლევერკუზენს”, ესპანურ გუნდებთან გამართულ 30 თამაშში 10 მოგება, 5 ფრე და 15 წაგება დაუგროვდა. გერმანელებმა, მეტოქის მოედანზე ჩატარებული 13 მატჩიდან 3 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 8 წააგეს. ამ 8 თამაშიდან “ლევერკუზენმა” 7 იმ ანგარიშით წააგო, რომლის დღეს გამეორებაც გერმანელებს 1/4-ფინალს მიღმა დატოვებს.

“ატლეტიკო” დღევანდელ მატჩს ცუდ ფორმაში ხვდება. დიეგო სიმეონეს გუნდმა, ლევერკუზენში წაგების შემდეგ, პრიმერას სამივე თამაში ფრედ დაასრულა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

“ლევერკუზენს” საქმეები კარგად მისდის. 3 კვირის წინათ “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ, შმიდტის შეგირდებმა ბუნდესლიგაში 3-ჯერ და გერმანიის თასზე ერთხელ იმარჯვეს. “ლევერკუზენს” ამ 4 მატჩში გოლი არ გაუშვია.

დიეგო სიმეონეს გუნდი “ლევერკუზენს” სერიოზული დანაკლისით მასპინძლობს. მადრიდელებს დისკვალიფიცირებული ტიაგო და დიეგო გოდინი, ასევე ტრავმირებული საულ ნიგესი არ ეყოლებათ. გილერმე სიკეირას თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

“ლევერკუზენის” ერთადერთი დანაკლისი რობი კრუზეა. მცირე ტრავმები აწუხებთ ბენდერს, ჟედვაისა და სპაჰიჩსაც, მაგრამ მათი თამაში გამორიცხული არაა.

  • “ატლეტიკოს”, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლი უკვე 205 წუთია არ გაუტანია, რაც 1/8-ფინალისტებს შორის ყველაზე ცუდი სერიაა;
  • “ატლეტიკომ”, საკუთარ მოედანზე ჩატარებულ ბოლო 8 საჩემპიონთალიგო მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა;
  • დიეგო სიმეონემ, სამწვრთნელო კარიერაში, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული 9 საშინაო თამაშიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • “ლევერკუზენმა”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გამართული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან 5 წააგო;
  • “ატლეტიკომ” მიმდინარე გათამაშებაში გამართული სამივე საშინაო შეხვედრა მოიგო, გაიტანა 10 და გაუშვა 0 გოლი;
  • “ატლეტიკომ”, ევროტურნირებზე საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 22 თამაშიდან 20 მოიგო;
  • “ატლეტიკომ” გერმანულ გუნდებთან გამართულ ბოლო ხუთ ორრაუნდიან დაპირსიპირებაში წარმატებას მიაღწია;
  • “ატლეტიკოს”, ევროტურნირის ფლეი ოფში, პირველი მატჩი მეტოქის მოედანზე აქამდე 19-ჯერ წაუგია. მადრიდელები მომდევნო ეტაპზე 10-ჯერ გავიდნენ. ანგარიშით 0:1 “ატლეტიკომ” 5-ჯერ წააგო და ესპანურმა გუნდმა ორრაუნდიანი დაპირისპირება 2-ჯერ შემოაბრუნა;
  • “ლევერკუზენმა”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში მეთორმეტედ მოიგო. გერმანელები, წინა 11 შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასვლას ყოველთვის ახერხებდნენ;
  • “ლევერკუზენმა”, ესპანურ გუნდებთან გამართული ბოლო 4 ორრაუნდიანი დაპირისპირება წააგო;
  • “ატლეტიკომ” ბოლო 14 თამაშიდან მხოლოდ 5 მოიგო;
  • “ატლეტიკომ”, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 5 თამაში წააგო. მთელს გასულ გათამაშებაში მადრიდელებს მხოლოდ 4 წაგება ჰქონდათ;
  • “ლევერკუზენს” გოლი უკვე 5 თამაშია არ გაუშვია;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, 1:0 მოგება “ლევერკუზენს” მომდევნო ეტაპზე გასვლის 58%-იან შანსს აძლევს.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხუანფრანი, მირანდა, ხიმენესი, სიკეირა, გარსია, გაბი, სუარესი, თურანი, გრიზმანი, მანჯუკიჩი.

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი, თორფაქი, ვენდელი, ბენდერი, კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი, დრმიჩი.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

0.439183