ანდალუსიური “კორდობას” ხელმძღვანელობამ კლუბის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ჯუკიჩი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას “ხალიფების” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
ჯუკიჩის დათხოვნის მიზეზი, კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგი გახდა. ანდალუსიელებმა ზედიზედ რვა მარცხი განიცადეს და მეორე წრეში უქულოდ იმყოფებიან. “კორდობა” გუშინ “მალაგასთან” გასვლაზე დამარცხდა (0:2), რამაც კლუბის ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა აუვსო და სერბ სპეციალისტს კარისკენ მიუთითეს.
“კორდობას” დროებით ხოსე ანტონიო რომერო გაწვრთნის, რომელიც აქამდე სარეზერვო გუნდს ავარჯიშებდა.
ჯუკიჩი “კორდობაში” გასული წლის 20 ოქტომბრიდან მუშაობდა. ანდალუსიელები ლა ლიგაში 27 ტურის შემდეგ 18 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან და მე-17 ადგილამდე რვა ქულა აშორებთ.