ფეხბურთი

17:39 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ მარცვალაძე: “ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი საიდანაა”

რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ტიხვინის “ტოსნოს” ქართველმა ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ ინტერნეტპორტალ სპორტსდაილყ.რუ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას არ აპირებს.

- ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში საფეხბურთო ნაციონალური ლიგის თასზე “ტოსნომ” ბოლო ადგილი დაიკავა. ამ “ჩავარდნის” მიზეზი რა იყო?

- გუნდს შედეგის ჩვენება სურდა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა აქცენტი სხვა რამეზე გააკეთა. შემადგენლობაში ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. მწვრთნელიც ახალი იყო. მთავარი მიზანი შეთამაშება და ჩემპიონატისთვის მომზადება იყო. სამწუხაროდ, ტურნირზე წარმატებით ვერ გამოვედით.

- თავის დროზე მახაჩყალის “ანჟისა” და ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” პრემიერლიგაში გადასვლაში დაეხმარეთ. თქვენ ამჟამინდელ კლუბსაც იგივე მიზანი აქვს. თავს იღბლიანად მიიჩნევთ?

- მართლაც, ამ კლუბებში გამიმართლა. იმედია, ახლაც ჩემს მხარეს იქნება იღბალი და პრემიერლიგაში გადავალთ.

- ბევრი ფიქრობს, რომ “ანჟის” პროექტი “ჩავარდა”. გუნდი, რომელმაც თავის დროზე პრემიერლიგაში ბევრი “იხმაურა”, ახლა იქ მოხვედრას ცდილობს. წარუმატებლობის მიზეზი რაა?

- მე არ მიმაჩნია, რომ “ანჟის” პროექტი “ჩავარდა”. ამ კლუბის შესახებ მთელმა საფეხბურთო სამყარომ გაიგო და არა მხოლოდ. ვფიქრობ, სულეიმან ქერიმოვმა რის მიღწევაც სურდა მიაღწია. “ანჟის” მოთამაშეთა უმეტესობა პრემიერლიგის დონისაა. ჩემი აზრით, გუნდის პრემიერლიგაში გადასვლის შემთხვევაში მათ იქ არ გაუჭირდებათ.

- “ვოლგას” მსგავსად “ანჟიშიც” თქვენთან ერთად რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. ახლაც “ტოსნოში” პარტნიორებს შორის თანამემამულეები გყავთ. თუმცა, ლეგიონერებზე ლიმიტი არსებობს. რუსეთის მოქალაქეობის მიღებას არ გეგმავთ?

- ეს უკვე არაფერს ცვლის. მაინც ლეგიონერი ვიქნები. ამაზე ფიქრი გვიანაა. გუნდში ლეგიონერები საკმაოდაა და სამწვრთნელო შტაბი ვის დაყენებასაც გადაწყვეტს, ის ითამაშებს.

- 2011 წელს კონტრაქტი “კრასნოდართან” გააფორმეთ. მართალია, რომ კარიერის ამ ეტაპის გახსენება არცთუ ძალიან გიყვართ, რადგან გუნდის მაშინდელ მთავარ მწვრთნელ სლავოლუბ მუსლინთან საერთო ენა ვერ გამონახეთ?

- რატომ? “კრასნოდარზე” ძალიან თბილი მოგონება დამრჩა, როგორც კლუბზე, ასევე მწვრთნელსა და ფეხბურთელებზე. ხდება, რომ მწვრთნელთან საერთო ენას ვერ გამოძებნი და მშვიდობიანად დავშორდით.

- თქვენი საფეხბურთო გეოგრაფია საკმაოდ მასშტაბურია. ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაშიც” გამოდიოდით. შორეულ აღმოსავლეთში თამაში რთულია?

- ძალიან რთულია. გულწრფელად გეუბნებით. ალბათ, ფეხბურთელებს, რომლებიც იქ თამაშობენ, ორმაგი ხელფასი უნდა გადაუხადონ. მომზადება წარმოუდგენლად რთულია. არც ვიცი საათობრივ სარტყელებში სხვაობის პრობლემა როგორ უნდა მოაგვარო.

- პრემიერლიგის თამაშებს თვალს ადევნებთ?

- რა თქმა უნდა, ვცდილობ. ამჟამინდელი “კრასნოდარი” ძალიან მომწონს. კარგი გუნდია. ისე, “ზენიტი” მესიმპათიურება. გუნდში ძლიერი ფეხბურთელები შეიკრიბნენ, რომელთა სათამაშო მანერა მომწონს.

- “ტოსნოს” ამჟამინდელი შემადგენლობა პრემიერლიგის კლუბებთან იპაექრებს?

- ჩვენ ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს. შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერლიგის დონის. ამიტომ, პრემიერლიგაში არ გაგვიჭირდება, რადგან ფეხბურთელებს იქ თამაშის გამოცდილება აქვთ და კარგად იციან მათგან რას ითხოვენ. ახალგაზრდა მოთამაშეებიც საკმაოდ პერსპექტიულები არიან.

- პრემიერლიგაში გადასვლის შემთხვევაში დიდი ალბათობით გუნდი ახალი ლეგიონერებით გაძლიერდება. კარიერის განმავლობაში ბევრ უცხოელთან გითამაშიათ. საერთო ენის გამონახვა ვისთანაა ადვილი და ვისთან ძნელი?

- ქართველებთან საერთო ენის გამოძებნა ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი საიდანაა. ურთიერთობა ყველასთან შეიძლება. მთავარია, რომ გუნდი მეგობრული იყოს და ატმოსფეროც შესაბამისი იქნება

0.133947