ფეხბურთი

13:11 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდის მე-600 მატჩი პრემიერლიგაში

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდმა პრემიერლიგის გათამაშებაში რიგით მე-600 მატჩში მიიღო მონაწილეობა. “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი “ბარნლისთან” სტუმრად წაგებულ (0:1) შეხვედრაში მოედანზე 81-ე წუთზე იაია ტურეს ნაცვლად შევიდა.

ლამპარდი ინგლისის ჩემპიონატში უკვე 19 წელია თამაშობს, დებიუტი “ვესტ ჰემის” რიგებში 1996 წლის იანვარში “ქოვენთრის” წინააღმდეგ 17 წლის ასაკში ჰქონდა. პრემიერლიგაში ყველაზე მეტი მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთ ლეგენდას რაიან გიგზს აქვს ჩატარებული, მან “წითელი ეშმაკების” მაისური 632 შეხვედრაში მოირგო.

მეორე ადგილზე გარი სპიდი (“ლიდსი”, “ნიუკასლი”, “ბოლტონი”, “ევერტონი”) 614 მატჩით იმყოფება, ხოლო მესამეზე 607 შეხვედრით – დევიდ სიმენი (“არსენალი”, ქპრ, “მანჩესტერ სიტი”, “ბირმინგემი”).

ლამპარდმა “ქალაქელთა” მაისურით მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 23 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტური დარჩა, შესაბამისად, მას მაქსიმუმ სიმენის შედეგის გაუმჯობესება შეუძლია.

600 მატჩის განმავლობაში ფრენკმა მოედანზე 48 346 წუთი დაჰყო და ლონდონის “ჩელსისთან” ერთად პრემიერლიგა 3-ჯერ მოიგო. ლამპარდი ‘სიტიმდე” “ვესტ ჰემში”, “სუონსისა” და ლონდონის “ჩელსიში” გამოდიოდა.

0.114015