ფეხბურთი

10:43 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდია: “მთავარია ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო”       

ინტერნეტში არსებობს ერთი ცნობილი ვიდეო: მოედნის ცენტრში ბურთს იღებს ლუკა ზარანდია, მეტოქე გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელს ცდება, მეკარესთან პირისპირ გადის და გოლი გააქვს. ქართველ ფეხბურთელთა შესრულებით, ამ 12-წამიან ვიდეოზე ასახული მომენტი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შთამბეჭდავია.

ლუკა ზარანდია კარიერის ბელგიაში გაგრძელებამდე თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელი იყო, გასული სეზონის პირველი ლიგის 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ზაფხულში “გენკის” ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ამ დრომდე ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა სეზონის წინ ამხანაგურ შეხვედრაში “ლომელის” კარში კარგი გოლი გაიტანა. ის თამაში “გენკმა” ზარანდიას გოლით მოიგო.

19 წლის ფეხბურთელს ბელგიაში დავუკავშირდით, სხვადასხვა თემებზე ვესაუბრეთ, ფეხბურთსაც გავცდით. მასთან საუბარი საინტერესო გამოვიდა, რადგან თითქმის ყველა კითხვაზე ქონდა საკუთარი აზრი.

- ბავშვობიდან რა გახსენდება?

- ჩემი ძმაკაცები, სოლოლაკი, მეიდანი. მეგობრებთან ერთად დავბოდიალობდი აქეთ-იქით. გართობა, მაშინ ბავშვები სხვანაირად ვერთობოდით, ეხლა სხვანაირად ერთობიან. ვსწავლობდი 43-ე სკოლაში, შემდეგ 35-ში გადავედი. ბავშვობაში მე-6, მე-7 კლასამდე ყველა კარგად სწავლობდა, შემდეგ იყო “შატალოები” კუს ტბაზე, ზოოპარკში. განსაკუთრებით მახსენდება ჩემი ძმაკაცი ლევანჩო სარალიძე. სულ ერთად ვიყავით თბილისში თუ ახალდაბის აგარაკზე. შემდეგ საცხოვრებლად საბურთალოზე გადავედი. 35-ე სკოლაში განვაგრძე სწავლა და ფეხბურთის თამაში. ახალ გარემოში ახალ ადამიანებს დავუმეგობრდი და მათთან დღემდე ახლო ურთიერთობა მაქვს. ჩვეულებრივი ბავშვობა გამოვიარე, თბილისელი ბიჭები, ხულიგნობა, მაიმუნობა, გართობა, თამაში. მაშინ სხვანაირი ცხოვრება იყო, ბავშვები ხშირად გავდიოდით ქუჩაში. რაც სტივ ჯობსმა Apple მოიგონა, შეიცვალა სამყარო. ოჯახში ბევრ რამეს სწავლობ და რასაც ოჯახში ვერ სწავლობ, ქუჩაში სწავლობ. ქუჩა ადამიანებთან ურთიერთობებს გვასწავლიდა.

- საყვარელი ფილმი?

- A Perfect World. არვიცი რატომ, მაგრამ როცა ამ კითხვას მისვამენ, ეს ფილმი მახსენდება. შესაძლოა არ არის მაღალი დონის, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. პატარა ვიყავი, როცა ვნახე. ფილმში გამტაცებელი და მის მიერ გატაცებული პატარა ბიჭი დამეგობრდებიან, ფილმს სევდიანი დასასრული აქვს. გამტაცებელს კლავენ, ამ მომენტზე ძალიან დამწყდა გული.

- შენი საუკეთესო პარტნიორი მოედანზე

- პატარაობაში ჩემი საუკეთესო პარტნიორები იყვნენ ცოტნე მესხი და სანდრო კახნიაშვილი. მაშინ ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა ჩვენს სანახავად. ბავშვთა ფეხბურთი მაინც სულ სხვაა, ამდროს თამაშით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდით. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებებს, ძალიან ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, ამიტომ თავს შევიკავებ.

საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, რაც უნდა ცუდ შედეგს აჩვენებდნენ, ყოველთვის ჰყავთ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ გულშემატკივარს სიამოვნება მიანიჭონ. ამიტომ მე მათთან თამაში მიადვილდება და ბევრის დასახელება შემიძლია.

- შენი აზრით, რომელ საათზე უნდა იძინებდეს ფეხბურთელი?

- სპორტსმენი რეჟიმს უნდა იცავდეს. ვფიქრობ ძილის საკითხი ინდივიდუალურია, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს.

- ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც ფეხბურთი გითამაშია

- ყველგან მითამაშია ფეხბურთი, სადაც შეიძლებოდა. ფეხბურთი მითამაშია სახლში, რაც ზოგჯერ ფანჯრების ჩამტვრევით სრულდებოდა. ალბათ ფეხბურთი ყველას უთამაშია ქუჩაში, ორი ქვის დადება და ამდროს მანქანის გამოვლა, გააჩერე და ჰოპ გაიარა, გააგრძელეთ, ჩვეულებრივი ამბავი იყო.

ბავშვობაში ფეხბურთი გვითამაშია ყველგან, სადაც მოგვდომებია. ყველაზე უცნაური ადგილი კი მაინც სტადიონია (იცინის).

- ყველაზე ხშირად რას უსმენ?

- მუსიკა ძალიან მიყვარს. ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს, როკის გარდა თითქმის ყველაფერს. ჩემთვის სასიამოვნო მოსასმენია ჯაზი, ბლუზი და რეპი.

Youtube-ზე მაქვს ჩემი საყვარელი სიმღერების ნაკრები. შეიძლება ერთ მომენტში ერთი სიმღერა ამოვიჩემო და მთელი კვირა მოვუსმინო. საუბრის დაწყების წინ სომხური ჯგუფის Brothers Nalbandyan and Amiryan Mish-ის სიმღერა Violet Tulip-ს ვუსმენდი.

- ერთი კითხვა დაუსვი ღმერთს

- რა არის ადამიანის ყველაზე დიდი მტერი?

- ყველაზე მაგარი პასი

- გუტის პასი. მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, თითქოს უნდა დაერტყა, ამ დროს კი ქუსლით ბენზემას გაუკეთა პასი.

- ყველაზე მაგარი ართმევა

როცა თბილისში ჩამოვდივარ ჩემი მეგობარი მართმევს კეტებს. ეს არის ყველაზე მაგარი ართმევა (იცინის).

- შენი საყვარელი მწერალი

- ბოლო დროს თბილისურ ამბებზე ვეცნობი წიგნებს. ვკითხულობ აკა მორჩილაძეს, ასევე დათო ტურაშვილს. დათოს პირადად ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

ნაკრების იტალიურ შეკრებაზე ყოფნისას გიორგი დევდარიანმა მაჩუქა წიგნი ნიკოლოზ სერბის შესახებ. ნიკოლოზ სერბი სასულიერო პირი იყო, წიგნში კი მისი წერილებია შესული. კითხვა დავიწყე და ძალიან მომწონს, გირჩევთ წაიკითხოთ.

- საქართველოში არის ტრადიცია, როცა ახალდაბადებულს ბებია-ბაბუის სახელს არქმევენ. შენს შემთხვევაშიც ასე იყო?

- არა, ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. ორი არჩევანი ყოფილა, ან ლუკა უნდა დაერქავთ ჩემთვის ან საბა. მამიდაჩემის იდეა იყო სახელი ლუკა, მოეწონათ ეს სახელი და დამარქვეს ლუკა.

- ფეხბურთისგან მონიჭებული ყველაზე დიდი სიხარული

- სასიხარულოა ნებისმიერი მოგებული მატჩი. ძალიან დიდი სიხარული იყო 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა. რაც შეეხება ინდივიდუალურ პრიზებს, რამდენჯერმე საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო ფორვარდად დამასახელეს, თუმცა ვფიქრობ ყოველთვის უმჯობესია გუნდმა მიაღწიოს წარმატებას.

- ევროპის ჩემპიონატზე ვინ დაგამახსოვრდა?

ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. სერბი მიტროვიჩი, სერბეთის ნარების მეკარე რაიკოვიჩი, ასევე დანილო პანტიჩი, რადონიჩი, ფრანგი მარტიალი, პსჟ-ს ფეხბურთელი რაბიო.

“გენკში” ჩემი თანაგუნდელები არიან სერბეთის ნაკრების წევრები ალექსანდრ ჩავრიჩი და მილინკოვიჩ-სავიჩი. ჩავრიჩი ძალიან სწრაფია, მილინკოვიჩ-სავიჩი კი სხვა სტილის ფეხბურთელია. ორივე ძალიან ნიჭიერია.

- როგორი ურთიერთობა გაქვს ალექს მაკლიშთან?

- მაკლიში დადებითი პიროვნებაა. მას გუნდის ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს, ასევეა ჩემს შემთხვევაშიც. იგი ხშირად მოდის, მესაუბრება, მამშვიდებს და რჩევებს მაძლევს. ალექსი მაღალი დონის მწვრთნელია. ხშირად იცავს ფეხბურთელებს და ცდილობს გუნდში კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობდეს. მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მიწევს, მასთან მუშაობა დიდი გამოცდილების მომტანია.

- რა არ მოგწონს თანამედროვე ფეხბურთში?

- თუ მხედველობაში ავიღებთ ძლიერ საფეხბურთო ლიგებს, ვფიქრობ პრობლემები თითქმის არ არსებობს. იქ ისეთ ფეხბურთს თამაშობენ, რომელსაც გულშემატკივრისთვის სიამოვნება მოაქვს და ეს ყველაზე მთავარი მგონია.

ჩვენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა ევროპაში არაერთი ვარსკვლავი თამაშობს. მესი, რონალდო, ნეიმარი და სხვები. ყოველ ტურში ვხედავთ არაერთ ლამაზ კომბინაციას, ლამაზი გოლს. ამ მომენტებს გულშემატკივრის ემოცია ემატება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას აუცილებელი ფაქტორია.

- როგორ ფიქრობ ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობისა და კომუნიკაციის მხრივ რა განსხვავებაა ქართულ და ევროპულ რეალობას შორის?

- ევროპაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებააა. საქართველოში შეიძლება ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ასაკში საკმაოდ დიდი სხვაობა იყოს, თუმცა მათ ურთიერთობაზე გავლენა ვერ მოახდინოს. ვგულისხმობ იმას, რომ ასეთ შემთხვევებში ჩვენთან ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ხშირად მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა ყალიბდება, უცხოეთში კი ასე არ არის. ქართველი მწვრთნელები უშუალო და მეგობრულ ურთიერთობას ამყარებენ ფეხბურთელებთან და ამის უამრავი მაგალითი არსებობს.

- ფეხბურთმა რა გასწავლა?

- ადამიანებთან ურთიერთობა.

- ქართულ საფეხბურთო მატჩებს ხშირად ესწრება სასულიერო პირი, არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩიკაშვილი. მას ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობა აქვს, როგორია შენი და მამა ანთიმოზის ურთიერთობა და როგორ დაახასიათებდი მას?

- როგორც მახსოვს სამებაში გავიცანი. ასაკობრივ ნაკრებთან ერთად პატრიარქთან დასალოცად ვიყავი მისული და გიორგი დევდარიანმა გამაცნო მამა ანთიმოზი. მას ვესაუბრე, სასიამოვნო საუბარი გამოგვივიდა და შემდეგ ჩემი მოძღვარი გახდა. ასევეა სხვა ქართველი ფეხბურთელების მოძღვარი. მის შესახებ ხშირად შეურაცხმყოფელი ფრაზები მესმის, რაც ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს. ვიღაცისთვის ასეა, ვიღაცისთვის ისეა. პირადად ჩემთვის კი ძალიან საყვარელი ადამიანია, მას უზომოდ უყვარს ფეხბურთი და როგორც გულშემატკივარს, როგორც მეგობარსა და როგორც მოძღვარს ძალიან დიდ პატივს ვცემ.

- მეტსახელი ბრაზოვიჩი ვინ შეგირჩია და რატომ?

მამა ანთიმოზის იდეა იყო. როგორც მითხრა, მე ბრაზის შვილი ვარ და ჩემი მეტსახელიც აქედან გამომდინარეობს – ბრაზოვიჩი.

- ფეხბურთელი, რომელმაც შენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

- ანდრეი შევჩენკო. მისი თამაში ძალიან მომწონდა, ამიტომაც ბავშვობაში სათამაშოდ 7 ნომრიან მაისურს ვირჩევდი. ასევე მომწონდა ბრაზილიელი რონალდო, რონალდინიო, შემდეგ მესი და კრიშტიანუ. გემოვნებაზე ბევრს დაობენ, მე კი ყველა დიდი ფეხბურთელი მომწონს, ამიტომაც ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს ვერ დავასახელებ.

ისტორიული კადრებიდან მომწონს მესხის, ჩივაძისა და ყიფიანის თამაში. მართალია მათი თამაშის მხოლოდ მცირე მონაკვეთი მაქვს ნანახი, თუმცა ვფიქრობ მაღალი კლასის ფეხბურთელები იყვნენ. დაახლოებით იგივეს ვიტყოდი გიო ქინქლაძისა და შოთა არველაძის შესახებ.

- გიფიქრია სხვა პროფესიაზე?

- არ მიფიქრია. ძალიან იშვიათი შემთხვევაა დავჯდე ტელევიზორთან და ფეხბურთს ვუყურო, თამაშით კი ყოველთვის ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ვფიქრობ ძალით გაკეთებული საქმე არასდროს გამოვა, რასაც აკეთებ უნდა გსიამოვნებდეს, მე კი ფეხბურთის გარდა ძალიან ბევრი რამე არ მიყვარს და ალბათ ამიტომაც არ მიფიქრია სხვა პროფესიაზე. ფეხბურთის თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ და როდესაც საყვარელი საქმის კეთებაში ხელფასს იღებ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს.

- წაგებული თამაშის შემდეგ ხასიათის გამოსწორებას როგორ ახერხებ?

- პირველყოვლისა უნდა გესმოდეს, რომ ფეხბურთი წაგებისა და გამარჯვების გარეშე არ არსებობს. წაგებული თუ მოგებული თამაში წარსულის ნაწილია. ნებისმიერი თამაშის შემდეგ ამ ლოგიკას უნდა გავყვეთ. თუ დიდხანს იფიქრე წაგებულ ან მოგებულ თამაშზე და ჩაიციკლე, შესაძლოა ცუდი შედეგი მოგიტანოს, შენს ფსიქოლოგიაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

მარცხის შემდეგ მწვრთნელი და გულშემატკივრები მეხმარებიან კონცენტრაცია, ყურადღება შემდეგ თამაშზე გადავიტანო. ალბათ ამ დროს მნიშვნელოვანია როგორ გარემოში იმყოფები. პირადად მე მუდამ პოზიტიურ განწყობაზე ვარ და ესეც მნიშვნელოვანი ნიუანსია.

- მოედნის გარდა შენი ნახვა ყველაზე ხშირად სად შეიძლება?

- მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. განსაკუთრებით ხშირად ვარ მათთან ერთად, როდესაც თბილისში ჩამოვდივარ. მონატრებული ოჯახი, მეგობრები, ახლობლები. საყვარელ ადამიანებთან ერთად თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, მათთან ყოფნა მიხარია.

0.163486