რაგბი

0:36 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ხინჩაგიშვილი დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “რასინგ მეტროს” ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი, ექვსთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. 32 წლის ვეტერანმა სეზონის სტარტზე თოპ 14-ის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მე-4 ტურში მუხლი დაიზიანა და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

14 მარტს, სანაკრებო მატჩების პარალელურად, საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში მორიგი ტური რომ ჩატარდა, ხინჩაგიშვილი პარიზული კლუბის განაცხადში იყო და შეცვლაზე დასკვნითი 22 წუთი ითამაშა. საგულისხმოა, რომ მისი დაბრუნება იმ “ბრივთან” შედგა, სადაც 2007-იდან 2013 წლამდე ექვსი სეზონი გაატარა.

ამჟამად “ბრივის” ღირსებას ერთბაშად ოთხი ქართველი ბურჯი იცავს - გოდერძი შველიძე, კარლენ ასიეშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი და გიორგი ჟღენტი. მიუხედავად ამისა, შერკინებებში ქართული დერბი არ შედგა, რადგან შველიძე და ჟღენტი, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ზუსტად მაშინ შეცვალეს (ანუ 58-ე წუთზე), როდესაც თამაშში ხინჩაგიშვილი ჩაერთო. ასიეშვილმა “ბორჯღალოსნების” მაისურით რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და თავისი პირველი სანაკრებო ლელოც გაიტანა, ფეიქრიშვილიც თბილისში, ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა.

“ბრივმა” “რასინგ მეტრო” დასკვნით 10 წუთში გატეხა, ორი ლელო გაუტანა და რადგან პირველ ტაიმში ერთიც გატანილი ჰქონდა, 36:12 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ბრიველებს ჯამში 40 ქულა გაუხდათ, “ლა როშელს” დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და მე-11 ადგილზე არიან. “რასინგ მეტროს” 51 ქულა დარჩა და მე-4 ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ მდევრებმა მასთან ჩამორჩენა შეამცირეს.

“ლა როშელი” ვახსენეთ და ლექსო ყაულაშვილის გუნდმა “ოიონაქსი” 35:20 დაამარცხა, რის შემდეგაც ის “ბრივთან” ერთად გასავარდნ ზონას 6 ქულით დადაშორდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა. “ლა როშელს” პრემიალური ქულის აღების შანსიც ჰქონდა, რადგან 55-ე წუთისთვის სამი უპასუხო ლელო ჰქონდა გატანილი და 29:6 იგებდა, მაგრამ მერე სტუმრებმა ორი საპასუხო ლელო გაიტანეს, მასპინძლებმა მონაგარს მხოლოდ ორი ჯარიმა შემატეს და ჯამში 4 ქულას დასჯერდნენ.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” პარიზში მოულოდნელად დამარცხდა “გრენობლთან” - 21:30. ამ დროს ჟვანია რუსეთთან გატანილ ლელოს ზეიმობდა, ქუბრიაშვილმა კი ტრავმა მოიშუშა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა. პარიზელებმა ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვეს და 51-ე წუთისთვის 7:27 ჩამორჩნენ. “სტად ფრანსემ” დასკვნით 20 წუთში ხელი გამოიღო და ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ამით მხოლოდ ჩამორჩენა შეამცირა და პრემიალური ქულაც ვერ ჩაიწერა. შედეგად, “სტად ფრანსეს” 55 ქულა დარჩა, მე-3 ადგილზეა და ლიდერებს ჩამორჩა.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” “ლიონს” სტუმრად 22:14 აჯობა. ტულონელთა ქართველი ლეგიონერები ნაკრების ღირსებას იცავდნენ. დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” 31:23 დაამარცხა. ზირაქაშვილი ნაკრებთან ერთად რუსეთს ამარცხებდა, კოლელიშვილი ტრავმირებულია, ხოლო ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო. “ტულონი” და “კლერმონი” 61-61 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, ხოლო “ბორდო” 45 ქულით მე-8 ადგილზეა.

ვასილ კაკოვინის “ტულუზმა” მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” 18:13 დაამარცხა. კაკოვინი განაცხადში არ იყო, ნარიაშვილი “ბორჯღალოსანთა” მაისურით თამაშობდა. “ტულუზი” 49 ქულით მე-5 ადგილამდე აღზევდა, “მონპელიეს” პრემიალური ქულა ერგო და ჯამში 43 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

ტოპ 14-ის 21-ე ტური 27-28 მარტს გაიმართება.

0.11745