უელსის ნაკრებმა ექვსი ერის მეოთხე ტურში ირლანდია 23:16 დაამარცხა, მეტოქეს ტურნირის “დიდი სლემით” (ყველა თამაშის მოგება) მოგების შანსი მოუსპო, თავად კი, ბოლო ტურის წინ პირველობის შანსი შეინარჩუნა.
მასპინძლებს კარგი დასაწყისი ჰქონდათ და ლი ჰალფპენიმ მე-13 წუთისთვის 4 ზუსტი ჯარიმა შეასრულა - 12:0. ჯონათან სექსტონმა ერთი ჯარიმა გაქვითა, 27-ე წუთზე “დრაკონები” სემ უორბარტონის სინბინით დაისაჯნენ და სექსტონმა ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ კაცნაკლულმა მასპინძლებმა დენ ბიგარის არეკნით ანგარიში 15:6 გახადეს. სექსტონმა შესვენებამდე მესამე ჯარიმაც გაიტანა – 15:9.
მეორე ტაიმის უმეტესი დრო უელსმა დაცვაში გაატარა, მაგრამ საკუთარ 22-ში კარგად ითამაშა და ჯამში 289 ბოჭვა შეასრულა, მაგრამ საათის თავზე სკოტ უილიამსმა ხაზი გაჭრა და ლელოში შეცურდა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 20:9.
ირლანდიამ უპირატესობა ერთადერთხელ, საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე გამოიყენა, როდესაც მათი მოლი მცველებმა წესების დარღვევით შეაჩერეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. ზუსტი გარდასახვის შემდეგ სხვაობა 4 ქულამდე დავიდა და სტუმრებმა გამარჯვებისთვის გაიბრძოლეს, მაგრამ ჰალფპენიმ ჯარიმა იქით გაიტანა.
კელტებს ფრის იმედი ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ ჯონათან დევისი სინბინით დაისაჯა, მაგრამ უელსმა გაძლო, 23:16 იმარჯვა და ქულებით ლიდერებს გაუტოლდა. უელსი დასკვნით ტურში იტალიაში, ხოლო ირლანდია შოტლანდიაში თამაშობს.
ინგლისი - შოტლანდია 25:13
1. | ინგლისი | 4 | 3 | 0 | 1 | 102:65 | 6 | |
2. | ირლანდია | 4 | 3 | 0 | 1 | 79:46 | 6 | |
3. | უელსი | 4 | 3 | 0 | 1 | 85:73 | 6 | |
4. | საფრანგეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 39:46 | 2 | |
5. | იტალია | 3 | 1 | 0 | 2 | 42:92 | 2 | |
6. | შოტლანდია | 4 | 0 | 0 | 4 | 63:88 | 0 |
დღეს, 19:00 - იტალია - საფრანგეთი
ბოლო ტური, 21 მარტი:
იტალია - უელსი
შოტლანდია - ირლანდია
ინგლისი - საფრანგეთი