ფეხბურთი

12:55 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოროზია: “ამერიკაში საოცარი გარემო იყო”

გიორგი გოროზია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ “სტაბეკის” ოფიციალურმა ვებგვერდმაც აღნიშნა.

გოროზიამ “სტაბეკთან” ერთად ათდღიანი შეკრება ამერიკაში გაიარა, შემდეგ ბობ ბრედლის გუნდი ნორვეგიაში დაბრუნდა, ამჟამად კი მეორე უცხოურ შეკრებას ესპანურ ლა მანგაში გადის - იქ, სადაც ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის ბაზა მდებარეობს.

19 წლის ნახევარმცველს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, 23 მარტს კი თურქულ შეკრებაზე შეუერთდება ახალგაზრდულ ნაკრებს. იქ ჩივაძის გუნდი უკრაინისა და ბოსნიის ნაკრებებთან გამართავს ამხანაგურ მატჩებს.

“სტაბეკი” ამხანაგური მატჩებში Major League Soccer-ში მონაწილე კლუბებს, “ჩიკაგოს,” “ვანკუვერსა” და “პორტლენდს” დაუპირისპირდა. გოროზიამ ამერიკულ შეკრებაზე ცნობილი შოტლანდიელი ფეხბურთელის, შონ მელონის წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ “ჩიკაგოს” ფეხბურთელი გახდა.

ნორვეგიული კლუბის ქართველ ფეხბურთელს ესპანეთში დავუკავშირდით და რამდენიმე თემაზე ვესაუბრეთ.

გიორგი გოროზია: _ მოხარული ვარ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებით. იმედი მაქვს შანსს მაქსიმალურად გამოვიყენებ. საქართველოსახალგაზრდული ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა, შედეგის მიღწევა კი მხოლოდ ერთსულოვნებითაა შესაძლებელი. წარმატების იმედი მაქვს.

- კლუბში რა გითხრეს მიწვევის შესახებ?

- “სტაბეკის” სპორტულ დირექტორ ინგე ანდრე ოლსენს ვესაუბრე, მას გაუხარდა და მომილოცა ნაკრებში მიწვევა. ამ თემაზე ბობ ბრედლისთან საუბარი ჯერ არ მქონია.

- როგორ მიდის მოსამზადებელი ციკლი?

- კმაყოფილი ვარ, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივია და ცოტა რთულია შეგუება. ათდღიანი შეკრება ამერიკაში, პორტლენდის ქალაქ ორეგონში გავიარეთ, შემდეგ ნორვეგიაში დავბრუნდით, ახლა კი მეორე უცხოურ შეკრებაზე ესპანეთში ვიმყოფებით.

- “ბოდო გლიმტთან” შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღე. როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- “ბოდო გლიმტთან” შეხვედრაში ტერფი ვიტკინე. დამაბიჯეს და ძვალი გამისივდა. თამაშის შემდეგ დღეს გუნდთან ერთად არ მივარჯიშია, ინდივიდუალურად ვივარჯიშე. ისე, რომ ფეხს დიდი დატვირთვა არ მიეღო. 16 მარტს ამხანაგურ შეხვედრა “რუსენბორგთან” არის დაგეგმილი. ჯერ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა.

- რამდენიმე ნორვეგიული კლუბის ესპანეთში ყოფნა რას უკავშირდება?

- ლა მანგაში ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის ბაზა მდებარეობს. ნორვეგიულ კლუბებს კი აქ მომზადება შედარებით იაფი უჯდებათ

- ამერიკული შეკრება ბობ ბრედლის იდეა იყო?

- დიახ. ნორვეგიული კლუბები ამერიკაში არ დადიან. მხოლოდ ამერიკაში ჩასვლა არ არის საკმარისი, Major League Soccer-ის კლუბებთან სათამაშოდ კარგი კავშირებია საჭირო.

- ამერიკაში NBA- მატჩს ხომ არ დაესწარი?

- ვერ დავესწარი, თუმცა ვნახე “პორტლენდის” კალათბურთელები, რომლებიც ჩვენს სასტუმროში ისვენებდნენ.

- მოახერხე ორეგონის დათვალიერება?

- ამერიკა ძალიან მომეწონა, ორეგონში კი მხოლოდ ახლომდებარე ადგილები დავათვალიერე.

- რას იტყვი შენი ნორვეგიული კარიერის შესახებ. როგორც ფეხბურთელი ვითარდები?

- “სტაბეკში” გადმოსვლის შემდეგ, როგორც ფეხბურთელი, ყველა კუთხით ვვითარდები. ვგრძნობ, რომ მუდმივად ვპროგრესირებ და ვცდილობ, სრულად გამოვამჟღავნო ჩემი პოტენციალი.

- გამოცდილების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნებოდა ამერიკული შეკრება

- რა თქმა უნდა. სტადიონებზე საოცარი ატმოსფერო იყო. ვითამაშეთ “ჩიკაგოსთან,” “ვანკუვერთან” და “პორტლენდთან.” “ჩიკაგოსთან” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, “ვანკუვერთან” და “პორტლენდთან” კი წავაგეთ. სამივე მატჩში მივიღე მონაწილეობა.

- “ჩიკაგოში” ახლახან გადავიდა შოტლანიდელი შონ მელონი. ითამაშა მან?

- კი, იყო მოედანზე და მომიხდა მასთან თამაში.

- რა რჩევებს გაძლევს ბობ ბრედლი?

- ძირითადად ტაქტიკურ რჩევებს, კონკრეტულად რა უნდა შევასრულო მოედანზე.

- როგორი ფეხბურთის მიმდევარია?

- ბობი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია. ყოველი თამაშში შეტევას გვთხოვს. აქცენტი დაცვით ფეხბურთზე არასდროს გაუკეთებია.

- “სტაბეკში” შენს კონკურენტებს როგორ შეაფასებ?

- ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ნორდსიელანდის” ყოფილი ფეხბურთელი ქემალ ისა დავიმატეთ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია. მას გარდა ჩემი კონკურენტები არიან ამერიკელი კოულ გროსმანი და კოტ დივუარელი ლუკ კასი. ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს.

- როდის ბრუნდებით ნორვეგიაში?

- ესპანეთში 17 მარტამდე ვრჩებით და შემდეგ ვბრუნდებით ნორვეგიაში, სადაც ერთი ამხანაგური გვაქვს დაგეგმილი, 22 მარტს “სარპსბორგს” ვეთამაშებით, 23-ში კი ნაკრებს თურქეთში შევუერთდები.

- რა იქნება “სტაბეკის” მიზანი ნორვეგიის ჩემპიონატში?

- გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა და რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ. ფაქტიურად ახალი გუნდი იქმნება, ამ ეტაპზე მიზანზე საუბარი რთულია.

0.129052