ფეხბურთი

20:46 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

უხარისხო და უგოლო მატჩი “ფოლადზე”

საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის ერთ-ერთი მატჩი რუსთავის “ფოლადის” სტადიონზე გაიმართა, “მეტალურგისა” და “ჩიხურას” დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.

თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი. სათამაშო ტემპი იყო ძალიან დაბალი, გუნდებს უჭირდათ გააზრებული შეტევების განხორციელება, რაც გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარეობს. კილასონიას გუნდს მოსამზადებელი ეტაპი ჩაუვარდა, “ჩიხურამ” კი, როგორც საჩხერელთა კლუბის ხელმძღვანელები ამბობენ, ნაყოფიერი შეკრება გაირა, თუმცა დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე დადებითზე საუბარი ძნელია. ერთი რამ ნათელია, სოსო ფრუიძეს გუნდში ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

რუსთავის “მეტალურგი” ღრმა ფინანსურ კრიზისშია. ქართული კლუბები სტადიონების სისუფთავაზე ნაკლებად ზრუნავენ, თუმცა “ფოლადის” სტადიონი ამ მხრივ მაინც “გამორჩეული” დაგვხვდა. პრეს-ლოჟის მაგიდები და სკამები მტვრით იყო დაფარული, ისე რომ დაჯდომა შეუძლებელი აღმოჩნდა.

პირველ წრეში “მეტალურგის” პრეს-სამსახური კლუბების განაცხადებს აკეთებდა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ჟურნალისტებს თავად მოგვიხდა განაცხადის შექმნა.

ახლა კი თამაშის შესახებ. ბურთის ფლობა “ჩიხურას” მხარეს იყო, რუსთაველები კი მწვავე კონტრშეტევებს ავითარებდნენ. სოსო ფრუიძის გუნდის შეტევების მთავარი ორგანიზატორი გიორგი განუგრავა იყო. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბურთს ხშირად იღებდა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებს ვერ უქმნიდა ფორვარდებს.

შესვენების შემდეგ “ჩიხურას” შეტევები უფრო მრავალფეროვანი გახდა. ფრუიძემ მოედანზე მიხეილ სარდალიშვილი და ლაშა კუჭუხიძე გამოიყვანა. “ზესტაფონის” ყოფილი მოთამაშე აქტიური იყო, სწრაფად მოძრაობდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მისი დარტყმული მცირე მანძილით აცდა კარს.

კუჭუხიძე კარგად თამაშობდა დასწრებაზე. როდესაც შეტევაზე “მეტალურგი” გადადიოდა, უკან იხევდა, “ჩიხურას” მოთამაშეები კი ბურთის დაუფლების შემდეგ ხშირად მისი მისამართით აკეთებდნენ პასებს. 23 წლის ტარანის ტიპის ცენტრფორვარდი დასწრებაზე კარგად მოქმედებდა, მოწინააღმდეგესთან პოზიციურად ზუსტად თამაშობდა და ბურთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. კუჭუხიძის ეს თვისება კარგად გამოჩნდა გასულ ევროტურნირებზე. “მერანის” ყოფილი თავდამსმხელის წილი თურქული “ბურსასპორის” დამარცხებაში მნიშვნელოვანია, რადგან დაცვაზე ორიენტირებულ გუნდს, კუჭუხიძის თვისებები, ბურთის დაჭერაში და შეტევაში უფრო დიდი ხნით გადასვლაში ეხმარება.

დღეს “ჩიხურა” კონტრშეტევაზე არ ფიქრობდა და პირველ ნომრად თამაშობდა, თუმცა თამაშის ხარისხი მაღალი არ იყო. ფრუიძის გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარა, “მეტალურგი” კი რუსთავში ვარჯიშობდა, “ჩიხურა” გაძლიერდა, რუსთავული კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, რასაც მწვავე ფინანსური პრობლემებიც ემატებოდა, აქედან გამომდინარე ლოგიკური არ არის გუნდებს შორის დაფიქსირებული ფრე.

“მეტალურგი” საკუთარ მოედანზე პირველ წრეში უმეტესწილად წარმატებით თამაშობდა. მოქმედი ჩემპიონი “დინამო” ყველაზე დიდი ანგარიშით და ყველაზე დამაჯერებლად “ფოლადზე” 3:0 დამარცხდა. ეს მოხდა სეზონის დასაწყისში.

ახალი დაწყებულია სეზონის მეორე ნახევარი და ისევ ამ ფაქტორზე გვიწევს ყურადღების გამახვილება. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივართა მცირე რაოდენობა ესწრება “მეტალურგის” საშინაო შეხვედრებს, კილასონიას გუნდი სახლის გუნდად ჩამოყალიბდა.

ეს არასათამაშო საკითხია. რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს, “ჩიხურას” ვერმოგება მასპინძელთა დაცვის ხაზის სწორმა თამაშმა განაპირობა. რუსთაველი მცველები ზონებს არ ტოვებდნენ, შეტევაზე თითქმის არ გადადიოდნენ, შეტევაზე გადასვლისას კი მოედნის შუაგულამდე იწევდნენ და შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ.

როგორც ზემოთ ვთქვით, მეორე ნახევარში “საჩხერელთა” შეტევები მრავალფეროვანი გახდა. მარჯვენა ფლანგიდან სარდალიშვილი აქტიურობდა, მარცხნიდან დეკანოიძე, ხოლო წინ ორი ფორვარდი მუმლაძე და კუჭუხიძე მოქმედებდნენ.

სარდალიშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი ოდნავ აცდა ქვილითაის კარს. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა მუმლაძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ სარდალიშვილის მსგავსად მის დარტყმას სიზუსტე დააკლდა.

სარდალიშვილის სახიფათო დარტყმის შემდეგ ბერუაშვილმა ორჯერ შორიდან და მოულოდნელად დაურტყა ქვილითაიას. პირველ შემთხვევაში მეკარემ კუთხურზე მოიგერია, შემდეგ შეტევა გაგრძელდა, რაც ბერუაშვილის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. “მეტალურგის” შემადგენლობიდან ასევე უნდა გამოვყოთ ჯოხაძე, რომელიც მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, ხშირად უკან იხევდა და ბურთის ატანაში ეხმარებოდა თანაგუნდელებს. მასპინძელთაგან გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ცვლილებაზე გამოსულ სტეფნიაშვილს მიეცა, რომელსაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჯოხაძემ კარგი პასი გაუკეთა, სტეფნიაშვილის თავური კი ოდნავ აცდა კარს.

სტეფნიაშვილის სახიფათო დარტყმის შემდეგ “ჩიხურას” ფორვარდი მუმლაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მეტოქის მცველები და მეკარე ფეხებში ჩაუვარდნენ და მომენტი განმუხტეს.

მე-19 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზე 27 ქულით “ჩიხურა” იმყოფება, 24 ქულით კი მე-9 ადგილს “მეტალურგი” იკავებს.

რუსთავის მეტალურგი – საჩხერის ჩიხურა 0:0

14 მარტი, რუსთავი, “ფოლადი”

მეტალურგი: ბედიაშვილი, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი (ციცქიშვილი 64), ნოზაძე, სარიშვილი (გუჯაბიძე 71), ბარამიძე, ბერუაშვილი, კილასონია (სტეფნიაშვილი 73), მიქაუტაძე, ბარაბაძე, ჯოხაძე

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ჩიხურა: ქვილითაია, ლუბჩაკი, კაშია, ჭელიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, დეკანოიძე, კორიფაძე, ტრაიანოვსკი (სარდალიშვილი 46), მანჯგალაძე (კუჭუხიძე 46), მუმლაძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: ბარამიძე (76)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

0.115899