ფეხბურთი

19:43 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურულებმა სტუმრად მინიმალურად გაიმარჯვეს

ეროვნული პირველობის XIX ტურის საშინაო მატჩი ფოთის “კოლხეთმა” ქუთაისში ჩაატარა ჩაატარა, სადაც ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა. მოგეხსენებათ, “საფეხბურთო მექას” წარმომადგენლები საშინაო მატჩებს ლანჩხუთში “ევგრაფი შევარდნაძეზე” მართავენ, ახლა კი, როდესაც “გურიასთან” პაექრობა მოუწიათ, სათამაშო ადგილად ქუთაისი შეარჩიეს.

შეხვედრის დებიუტში დაწინაურება მასპინძლის რანგში მყოფ კოლხებს შეეძლოთ. მე-5 წუთზე მოედნის სიღრმიდან გიგაურის პასის შემდეგ ლანჩხუთელთა კიპერის პირისპირ შენგელია გავიდა, რომელმაც ამ მომენტისას ორჯერ ცადა ბედი, მაგრამ ორივე შემთხვევაში ფორვარდს კარის დარაჯმა აჯობა. “გურიას” მეკარე გოგუაძე სადებიუტო წუთების ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო. გოგუაძემ სულ მალე გურეშიძის არასასურველი დარტყმაც მოიგერია კუთხურზე, ხოლო ცოტა ხანში კოლხთა ფლანგური გადაცემა ჩაჭრა თავგანწირულ ნახტომში.

მეკარის დამაჯერებელმა თამაშმა გურულები დაამშვიდა, ნელ-ნელა ლანჩხუთელებმა ბურთი მოედნის ცენტრისაკენ გადაიტანეს და მოწინააღმდეგის კარისკენაც გაიხედეს. მე-18 წუთზე გურულთა სწრაფი კონტრშეტევა კინაღამ გოლით დასრულდა. კოლხთა მცველების უყურადღებობის წყალობით ვილი ისიანი ოდნავ მახვილი კუთხიდან გავიდა მეკარესთან პირისპირ და ცაციათი ხარიხა შეაზანზარა. დამატებაზე კოშკაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ მის მცდელობას სიზუსტე დააკლდა. ორიოდ წუთში “გურიას” კაპიტანმა თავისი შანსი უზადოდ გამოიყენა და მეტოქის საჯარიმოს შიგნიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. ისე უნდა აღინიშნოს კოლხთა მცველების უსუსური თამაში, თორემ გოლი ისეთი გამოვიდა მის ავტორობაზე ხელს ნებისმიერი რანგის ვარსკვლავი მოაწერდა.

გაშვებულმა გოლმა რიონისპირელები დააბნია, რამაც გურულებს კიდევ რამდენიმე სახიფათო შეტევის განხორციელების საშუალება მისცა. თავდაპირველად ინგოროყვას თავისუფალი პოზიციიდან დარტყმული მცირედით აცდა მიზანს, ხოლო კოშკაძის ჩაწოდებულ სტანდარტულზე სეფიაშვილმა მთლად დამაჯერებლად ვერ ითამაშა, თუმცა კიპერს ბურთის კუთხურზე გადაგდება გამოუვიდა.

რამდენიმეწუთიანი “უძრაობის” შემდეგ სათამაშო ინიციატივას ისევ კოლხები დაეუფლნენ, თუმცა ეს ყველაფერი სახიფათო მომენტებში არ გადაზრდილა. ტაიმის ბოლომდე დრო ისე გავიდა კოლხებმა სერიოზული საფრთხე მოწინააღმდეგის კართან მხოლოდ ერთხელ შექმნეს, როდესაც ზოზულიას შეცდომის შემდეგ შენგელიამ გარღვევაზე გაიყვანა ჯიქია, რომელმაც მახვილი კუთხიდან ბურთი მეკარეზე ფეხებში გაძვრენა კი მოახერხა, მაგრამ გატანა არ მოხერხდა, რადგანაც ბურთი აცდა გურულთა კარს. შესვენებაზე კი კოლხები ერთბურთიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მეორე ტაიმი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და პირველივე წუთზე ისიანმა ითამაშა ეფექტურად, ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მეურვე და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ სეფიაშვილს პოზიცია სწორად ჰქონდა შერჩეული და ბურთს იოლად დაეუფლა. ამის შემდეგ მოედანზე დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. რამდენიმეჯერ მატჩი გაჩერდა იმის გამო, რომ მოედნის საფარზე ტრავმირებული ფეხბურთელი იწვა. მართალია, მატჩი უხეშობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ზემოაღნიშნული შემთხვევები მაინც იყო.

“მშრალი პერიოდის” შემდეგ ხიფათი ისევ კოლხთა კართან შეიქნა, როდესაც შალამბერიძის ჩაწოდებულ კუთხურს თავურით მიმართულება კილაძემ შეუცვალა. ბურთი მცირე მანძილით აცდა ფოთელთა კარს. ცოტა ხანში კოლხებს ზოზულია დაემუქრა შორეული, თუმც ოდნავ არაზუსტი დარტყმით. პირველი დარტყმა თამაშის განახლების შემდეგ მეტოქის კარისკენ ფოთელებმა 75-ე წუთზე განახორციელეს, როდესაც ჯიქიას ჩაწოდების შემდეგ გოგონაია ცდილობდა ახლო მანძილიდან დარტყმას, მაგრამ ბურთი კილაძეს მოხვდა და ისე მიუვიდა გოგუაძეს. ცოტა ხანში ლემონჯავას გადაცემის შემდეგ შენგელია ცდილობდა გატანას, მაგრამ ბურთი კილაძეს შეეხო და კუთხურზე გადავარდა.

81-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ფატალურად არ გაუმართლათ. გურეშიძის ჩაწოდებულ კუთხურზე შენგელიამ თავით დაუგდო ბურთი ჯიქიას, რომელმას დაახლოებით სამი მეტრიდან ბურთის ძელზე გარტყმა “მოახერხა” და საგოლე მომენტიც განიავდა. თამაშის მიწურულს კოლხებს კიდევ შეეძლოთ ხიფათის შექმნა, როდესაც სიჭინავას შეეძლო გატანა, მაგრამ წინ გაგდებული ბურთი ფეხბურთელმა ვერ დაიმორჩილა და ხიფათიც განიმუხტა.

“კოლხეთი” -“გურია“ 0:1 (0:1)

14 მარტი. 15:00. ქუთაისი. “ცენტრალური. 400 მაყურებელი

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, გიორგი კილასონია, ჩაკვეტაძე, თევზაძე (სიჭინავა, 39), თედო კაკულია (ლემონჯავა, 62), ლევან კაკულია (ჟიშკარიანი, 73), გოგონაია, გურეშიძე, ჯიქია, გიგაური, ლევან შენგელია.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

“გურია”: გოგუაძე, ცინცაძე, მჭედლიშვილი, კილაძე, ბენაშვილი, კოშკაძე, მოსიაშვილი (გაბრიჩიძე, 78), ინგოროყვა (შეველი, 69), შალამბერიძე, ისიანი (კუკულაძე, 90+3), ზოზულია.

მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია

გოლები: 0:1 კოშკაძე (20).

გაფრთხილება: შეველი (84), სიჭინავა (89), ცინცაძე (90+4).

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)

1. დინამო თბ 19 12 2 5 32:17 38
2. დილა გორი 19 11 4 4 29:15 37
3. დინამო ბთ 19 11 3 5 24:15 36
4. ცხინვალი 19 10 3 6 20:23 33
5. სამტრედია 19 9 4 6 22:15 31
6. გურია 19 7 7 5 19:25 28
7. ჩიხურა 19 7 6 6 21:21 27
8. მეტალურგი 19 6 6 7 19:19 24
9. შუქურა 19 6 6 7 18:19 24
10. ზესტაფონი 19 5 8 6 37:30 23
11. მერანი 19 5 7 7 15:17 22
12. ტორპედო 19 4 9 6 20:21 21
13. კოლხეთი 19 5 6 8 15:20 21
14. ზუგდიდი 19 4 6 9 10:23 18
15. სიონი 19 4 5 10 17:29 17
16. ვიტ ჯორჯია 19 3 4 12 16:25 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია),Lლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.111515