ჩემპიონატში სტუმრად ბათუმის “დინამოსთან” წაგების და საქართველოს თასის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში თბილისში ადგილობრივ “დინამოსთან” მარცხის მერე, “დილამ” უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “ზუგდიდს” უმასპინძლა და სამი ქულა აიღო. გორელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი ნიკა კვეკვესკირმა დაიდო, რომელმაც პროფესიონალური კარიერა ზუგდიდში დაიწყო.
გორელთა მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა. წელს საწყის თერთმეტეულში მეკარე გიორგი სომხიშვილი, ცენტრალური მცველი გივი ქარქუზაშვილი, ნახევარმცველები თენგიზ წიქარიძე და რომან ახალკაცი პირველად მოხვდნენ.
გორელებს დისკვალიფიცირებული კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე აკლდათ, რომელიც “დინამოსთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გააძევეს. ფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ ტრავმა მოირჩინა და 18-კაციან განაცხადში იყო.
ზუგდიდელებს ცენტრალური თავდამსხმელი ირაკლი ქობალია ვერ ეხმარებოდა, რომელსაც ტრავმა გაუმიზეზდა.
მატჩის დებიუტში კვეკვესკირმა მოედნის ცენტრში რეიდი განახორციელა და ქუსლით ბურთი ლაშა გვალიას დაუტოვა, რომლის ზუსტი პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფ მიხაილ გორელიშვილმა ნახტომში თავით კარს ოდნავ ააცილა.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში მინდია ბობღიაშვილმა ბურთი ამოიტანა და ლაშა კუკავა ცენტრალურ მცველებს, ალან ბაგაევსა და ქარქუზაშვილს გაექცა, ხოლო კარიდან საჯარიმოს გარეთ გამოსულმა სომხიშვილმა ხელით ითამაშა. მთავარმა მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ ზუგდიდელებს შეტევის გაგრძელების საშუალება მისცა, მაგრამ ბურთი რომ დაიკარგა, სომხიშვილს მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა.
არადა, ბოლო იმედის ჯარიმისთვის ასეთ დროს წითელს აძლევენ. გარდა ამისა, ვადაჭკორიამ ზუგდიდელთა სასარგებლოდ ჯარიმა იმ ადგილზე დანიშნა, სადაც მასპინძელთა მეკარემ თამაშის წესი დაარღვია. ერთი სიტყვით, ვადაჭკორია ცოტა უცნაურად მოიქცა.
“დილას” საპასუხო შეტევის დროს პარტნიორმა ზუგდიდელთა კართან მარტო გორელიშვილა დატოვა, რომელმაც ვარდნაში ბურთი კი გაიჩერა, მაგრამ ვეღარ შეინარჩუნა და ბობღიაშვილის ნადავლი გახდა.
გორელებმა მორიგი იერიში მალევე განახორციელეს და მარჯვენა ფლანგიდან დავით ხურცილავას ჩამოწოდებული ბურთი სტუმართა კართან ახლოს მყოფმა ახალკაცმა თავით დაარტყა, მაგრამ “ზუგდიდი” გოლის გაშვებას გადარჩა.
26-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე რომან ახალკაცმა შეტევა წამოიწყო და კარგი პასი მისცა ნიკა კვეკვესკირს, რომელმაც ერთი შეხებით საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0.
გატანილი გოლიდან ხუთ წუთში, ახალკაცმა კვლავ გაუწია ასისტენტობა კვეკვესკირს, რომელმაც კვლავ ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა.
ტაიმის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ გიორგი პაჭკორიამ თავით ბურთი ლევან წურწუმიას გადააწოდა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან სახიფათოდ და მცირედ არაზუსტად დაარტყა.
შესვენებამდე “დილამ” კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მარჯვენა ფლანგზე ახალკაცმა ერთ მოწინააღმდეგეს გვერდი აუარა და საჯარიმოში კარგ პოზიციაში მყოფი კვეკვესკირი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით დუბლი შეასრულა – 2:0.
შესვენებაზე, გორული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა და სელექციონერმა გელა ქორიძემ, “დილას” 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები დააჯილდოვეს, რომლებმაც თბილისში ჩატარებულ “მშვიდობის თასზე” გაიმარჯვეს. “დილას” 2003 წელს დაბადებულმა მოთამაშეებმა ამავე ტურნირში მეორე ადგილი დაიკავეს, რომლებსაც ასევე ჯილდოები გადასცეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში წურწუმიამ მარჯვენა ფლანგზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი გორელთა კარის შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც მყოფმა ლუკა გუგუჩიამ ძალიან მახვილი კუთხიდან თავით ააცილა.
მეორე ტაიმის შუაწელში ლუკა რაზმაძის კარგი პასის შემდეგ, ახალკაცმა დათო მეგრელიშვილთან ორთაბრძოლაში სახიფათოდ დაარტყა და ბურთმა ზუგდიდელი მცველის ფეხიდან კარის ძელს ახლოს ჩაუარა.
ხსენებული ეპიზოდიდან მცირე ხანში კვეკვესკირმა და გორელიშვილმა სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ პირველმა მათგანმა დამამთავრებელ ფაზაში პარტნიორს ზუსტი პასი ვერ მისცა და მომენტიც განიავდა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთი ადრე, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა გვალიამ კარგი პოზიციიდან თავად არ დაარტყა და ბურთი კვეკვესკირს გადააწოდა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა – 3:0.
“დილა” მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო. მასპინძელთა კონტრშეტევის დროს, რაზმაძემ გორელთა საჯარიმოში პასი არ დაუგვიანა გორელიშვილს, რომელმაც მახვილი კუთხიდან თავისი შანსი არ გაუშვა – 4:0.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “ზუგდიდის” მთავარმა მწვრთნელმა ბესო შეროზიამ განაცხადა, რომ საჯარიმოს გარეთ ბურთზე ხელით თამაშისთვის მსაჯს “დილას” მეკარე გიორგი სომხიშვილი უნდა გაეძევებინა: “კოლეგას გამარჯვებას ვულოცავ და “დილას” წარმატებას ვუსურვებ. როდესაც აუტსაიდერი ლიდერთან სათამაშოდ ჩადის და ქართულ ფეხბურეთში ინტრიგის შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ, მსაჯს მასპინძლების მეკარე უნდა გაეძევებინა. სხვა ხარვეზებიც იყო მსაჯობაში, თუმცა წაგებას მთლიანად არბიტრებს არ ვაბრალებ. შეცდომები ჩვენც გვქონდა. “დილა” ნორმალური გუნდია და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. დარჩენილ ტურებში “ზუგდიდი” ბოლომდე იბრძოლებს და უმაღლესი ლიგიდან არ გავარდება”.
უჩა სოსიაშვილი: “ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ურთულეს სიტუაციაში ვიყავით, რადგან ზედიზედ 2 მატჩი წაგვეგო. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ. პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აქტიურად ვითამაშეთ და 2 გოლი გავიტანეთ. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თამაში 90 წუთი გრძელდება. მეორე ტაიმში 4-4-2 ტაქტიკიდან 4-3-3-ზე გადავეწყვეთ, ამის მერე კიდევ 2 გოლი გავიტანეთ.
-“ზუგდიდთან” მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები ალბათ იმიტომ განახორციელეთ, რომ განვლილ 2 შეხვედრაში გუნდის თამაშით კმაყოფილი არ იყავით...
-ჩვენ 22 ძლიერი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ვენდობით. იმ მატჩებიდან გამომდინარე, გუნდის თამაში არ გვაკმაყოფილებდა. ის ფეხბურთელები ვათამაშეთ, ვინც ამ ეტაპზე დასახულ ამოცანას თავს კარგად ართმევენ. 22-ვე მოთამაშე ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იმ ფეხბურთელებსაც, ვინც სათადარიგოთა სკამზე ზის გუნდში თავისი როლი აქვთ.
-თქვენი აზრით სომხიშვილი გასაძევებელი იყო?
-მსაჯებს თავისი უფროსები ჰყავთ და ისინი განსჯიან. ზოგ ეპიზოდებში ჩვენ უძლურნი ვართ. ამ ეპიზოდს ახლა ვერ შევაფასებ. ვიდეოფირს როდესაც ვნახავ მაშინ გამოჩნდება იყო მეკარე გასაძევებელი თუ არა.
დილა (გორი) – ზუგდიდი 4:0 (2:0)
დილა: სომხიშვილი (კ), მარიჩი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (რაზმაძე, 62), გვალია (თექთურმანიძე, 76), კვეკვესკირი, გორელიშვილი, ახალკაცი (ერისთავი, 71).
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ლაშა ღონღაძე, პაჭკორია, მეგრელიშვილი (ფარჯიკია, 74), ტყემალაძე (კობერიძე, 29), გუგუჩია, ლევან წურწუმია, შოთა ლომია (კ) (ენდელაძე, 46), კუტალია, კუკავა.
მთავარი მწვრთნელი: ბესო შეროზია
გოლები: 1:0 კვეკვესკირი (26), 2:0 კვეკვესკირი (40), 3:0 კვეკვესკირი (75), 4:0 გორელიშვილი (80).
გაფრთხილება: სომხიშვილი (8), მარიჩი (49), ხურცილავა (72), კუტალია (80), ბობღიაშვილი (80)
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია
1. | დინამო თბ | 19 | 12 | 2 | 5 | 32:17 | 38 | |
2. | დილა გორი | 19 | 11 | 4 | 4 | 29:15 | 37 | |
3. | დინამო ბთ | 19 | 11 | 3 | 5 | 24:15 | 36 | |
4. | ცხინვალი | 19 | 10 | 3 | 6 | 20:23 | 33 | |
5. | სამტრედია | 19 | 9 | 4 | 6 | 22:15 | 31 | |
6. | გურია | 19 | 7 | 7 | 5 | 19:25 | 28 | |
7. | ჩიხურა | 19 | 7 | 6 | 6 | 21:21 | 27 | |
8. | მეტალურგი | 19 | 6 | 6 | 7 | 19:19 | 24 | |
9. | შუქურა | 19 | 6 | 6 | 7 | 18:19 | 24 | |
10. | ზესტაფონი | 19 | 5 | 8 | 6 | 37:30 | 23 | |
11. | მერანი | 19 | 5 | 7 | 7 | 15:17 | 22 | |
12. | ტორპედო | 19 | 4 | 9 | 6 | 20:21 | 21 | |
13. | კოლხეთი | 19 | 5 | 6 | 8 | 15:20 | 21 | |
14. | ზუგდიდი | 19 | 4 | 6 | 9 | 10:23 | 18 | |
15. | სიონი | 19 | 4 | 5 | 10 | 17:29 | 17 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 19 | 3 | 4 | 12 | 16:25 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარკვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)
6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია),Lლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;