ქ. რუსთავში 13 მარტს ჩატარდა საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი საკალათბურთო კლუბ „რუსთავსა“ და საკალათბურთო კლუბ „ბათუმს“ შორის. აღნიშნულ შეხვედრაში რუსთავის საკალათბურთო კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთზე გაიმარჯვა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის ჩაშლის საფრთხე იყო, რადგან დარბაზში დამონტაჟებული დროის და ანგარიშის დამთვლელი ელექტრონული ტაბლო დაზიანდა. სავსებით შესაძლებელი იყო ბათუმის გუნდს უარი ეთქვა ასეთ პირობებში თამაშის ჩატარებაზე. ამ შემთხვევაში რუსთავის კლუბს ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდა და საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ უთამაშებლად გადიოდა კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ფინალში.
მიუხედავად ამისა, საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ არ დაარღვია ე.წ. Fair Play-ის პრინციპი და არჩია ბრძოლით გაეკვლია გზა ფინალისკენ.
აღნიშნული ქმედება მხოლოდ ღირსებას ჰმატებს ბათუმის კლუბის თითოეულ კალათბურთელს, მწვრთნელთა ჯგუფს და კლუბის ხელმძღვანელობას.
ზემოთ აღნიშნულის გამო რუსთავის საკალათბურთო კლუბი, მისი გულშემატკივრები მადლობას ვუხდით ბათუმის კლუბს ღირსეული და სპორტული პოზიციისთვის და მომავალში წარმატებას ვუსურვებთ დიდი ტრადიციების მქონე საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს საკალათბურთო კლუბს.
საკალათბურთო კლუბ „რუსთავის“ პრესსამსახური







