ფეხბურთი

3:05 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” მესამე ადგილზე გადავიდა

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტური “მესტალიაზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა. “ვალენსიამ” ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლა და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

90 წუთის განმალობაში “ღამურები” უდიდეს უპირატებას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარს გასაღები პირველ ნახევარში ვერ მოარგეს. ალვარო ნეგრედოს რამდენიმე ძალიან კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა 29 წლის ფორვარდს არ უმართლებდა.

მეორე ტაიმშიც პირველი საგოლე ეპიზოდები კვლავ ალვარო ნეგრედოს შეექმნა, თუმცა ფაბრიმ ორ შემთხვევაში აჯობა. 61-ე წუთზე კი მასპინძლებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს - პაბლო პიატი ხუანფრანმა წააქცია, ხოლო 11-მეტრიანის შესასრულებლად დანიელ პარეხო მივიდა ბურთთან და მიმდინარე ლა ლიგაში თავის მეცხრე გოლი გაიტანა. მასპინძელთა კაპიტანს მალევე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა ოდნავ ააცილა. სამაგიეროდ, გაიტანა ნეგრედომ, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და 71-ე წუთზე ალვარომ მოწყენილმა დატოვა მოედანი, რომელიც ნუნუ ესპირიტო სანტომ და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა გაამხნევა. გაუმართლა ნეგრედოს ნაცვლად შემოსულ პაკო ალკასერს, რომელმაც მოედანზე შემოსვლიდან ერთ წუთში ბურთთან პირველივე შეხებით მოახერხა გოლის გატანა. პაკო ერთთვიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს და უმალ მოახერხა თავის გამოჩენა, რითაც “მესტალიაზე” შეკრებილი პუბლიკა, რომელიც მთელი მატჩის განმალობაში პაკოს სახელს სკანდირებდა ძალიან გაახარა. გატანილ გოლში დიდი წვლილი მიუძღვით პიატისა და შეცვლაზე შემოსულ ფეგულის, რომელთაც მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს და შეტევა ალკასერს დაასრულებინეს. შეხვედრის ბოლოს “ვალენსიას” მესამეს გატანაც შეეძლო, თუმცა სოფიან ფეგულიმ ცარიელ კართან მდგომი დე პაული ვერ შენიშნა და პასი არ მისცა – 2:0.

“ვალენსიამ” 27 ტურის შემდეგ 57 ქულა დააგროვა, რითაც მესამე ადგილზე გადავიდა და თუ დღეს “ატლეტიკომ” გასვლაზე “ესპანიოლის” დამარცხება ვერ მოახერხა, აღნიშნულ პოზიციაზე დარჩება.

ცუდ დღეშია “დეპორტივო”, რომელსაც 25 ქულა აქვს და დიდი შანსია, რომ ტურის დასრულების შემდგომ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდეს. ამ მომენტისთვის გალისიელები საშიშ ზონას ქულით უსწრებენ, თუმცა კონკურენტებს ჯერ არ უთამაშიათ...

ვალენსია – დეპორტივო 2:0 (0:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): ალვეში, ვეზო, ოტამენდი, ბარაგანი, გაია, ე.პერესი, ფუეგო, გომეში, პიატი (დე პაული 84), როდრიგო (ფეგული 67), ნეგრედო (ალკასერი 71).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, ლუისინიო, ხუანფრანი, ბერგენტინოსი, ბორგესი, ხ.როდრიგესი (კუენკა 73), ლ.პერესი (ხ.დომინგესი 82), კავალეირო, რიერა (ფარინა 54).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

გოლები: 1:0 პარეხო (61 პენ.), 2:0 ალკასერი (72).
გაფრთხილებები: როდრიგო – კავალეირო, ლუისინიო
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 16(8)-5(2), ჯარიმა: 12-17, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-5, სეივი: 2-6

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”), ლეო მესი (“ბარსელონა”) -30. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 17. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), კარლოს ბაკა (“სევილია”) -14.

თეგებილა ლიგა
0.157786