კალათბურთი

20:12 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში “რუსთავი” და “დინამო” იასპარეზებენ

რუსთავსა და ქუთაისში საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები გაიმართა. რუსთავში ადგილობრივი “რუსთავი” “ბათუმს” მასპინძლობდა. ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, როგორც შემადგენლობით, ასევე პირველ შეხვედრაში მოგებული თამაშიდან გამომდინარე.

დღევანდელ შეხვედრაში, როგორც პირველ მატჩში, სტუმრები დისკვალიფიცირებული ბობ ჯინ იანგისა და ტრავმირებული მამუკა ბოლქვაძის გარეშე თამაშობდნენ. შეხვედრის პირველმა ტაიმმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა, რომელიც “რუსთავმა” 8 ქულის სხვაობით 40:32 მოიგო. შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავად, მეორე ტაიმში ზღვისპირელებმა თამაში გამოასწორეს, რამდენჯერმე ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს, 71:77 დამარცხდნენ და თასისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ. სერიის საბოლოო ანგარიშია 2:0 “რუსთავის” სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა “ბათუმის” ფორვარდმა ამერიკელმა ლეგიონერმა ნიკოლას კელოგმა დააგროვა. 12 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა კელოგის თანამემამულე და თანაგუნდელი კლისტოფერ ფელჩერი. რუსთაველთა შორის ყველაზე კარგი შედეგი ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვილმა აჩვენა, რომელმაც 22 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მიმდინარე სეზონის საქართველოს თასის ფინალში “რუსთავი” და “დინამო” იასპარეზებენ. დინამოელებმა ქუთაისში, “ქუთაისი-2010” – “დინამოს” ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრაში, უაღრესად დაძაბული ბრძოლის შემდეგ მასპინძლები 76:73 დაამარცხეს, სერია 2:0 მოიგეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

“მსოფლიო სპორტი” დაწვრილებით ინფორმაციას “ქუთაისი-2010” – “დინამოს” შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით.

საქართველოს თასის ფინალური მატჩი 4 აპრილს ჩატარდება.

0.171212