ფეხბურთი

18:29 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალი” დამსახურებულად მეოთხეა

მე-19 ტურის ცენტრალური დაპირისპირება სატურნირო ცხრილის უშუალო მეზობლებს “ცხინვალსა” და “სამტრედიას” შორის შედგა. მასპინძლები მეტოქეს ერთი ქულით ჩამორჩებოდნენ და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებდნენ. თავის მხრივ, “სამტრედიას” წარმატების შემთხვევაში მესამე პოზიციაზე აღზევების შანსი ჰქონდა თუ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ბათუმის “დინამო” მარტვილში ადგილობრივ “მერანთან” წააგებდა.

ორშაბათს ორივე გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალში ითამაშა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა. ოთხშაბათს ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, “სამტრედია” თასის ფინალში მოსახვედრად “ჩიხურასთან” იბრძოლებს, ხოლო “ცხინვალი” – თბილისის “დინამოსთან”.

მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედნის ტრიბუნაზე სამტრედიელი გულშემატკივარი სჭარბობდა, რომელიც თავის გუნდს მხარდაჭერას შინ და გარეთ არ აკლებს. ისიც უნდა ითქვას, რომ წელს ამდენი მაყურებელი ხსენებულ არენაზე არ შეკრებილა.

“ცხინვალს” ტრავმების გამო დავით იმედაშვილი, გიორგი ივანიშვილი, ნიკა ჯიშკარიანი და ლევან ჭაფოძე აკლდნენ, რომლებიც ამ გუნდისთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენენ.

მატჩს ვეტერან ფეხბურთელებთან უფროს დავით მუჯირთან და ნოდარ ხიზანიშვილთან ერთად, ალბანეთის “ფლამურტარის” ფორვარდი ნიკა გელაშვილიც დაესწრო, რომელმაც შარშან ნომბერში ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

“ცხინვალმა” პრინციპული შეხვედრა დამსახურებულად მოიგო და სატურნირო ცხრილშიც წინ წაიწია. კაჭარავას შეგიდების გამარჯვება შემთხვევითი ნამდვილად არ იყო, რადგან მასპინძლებმა სტუმრებზე გაცილებით გააზრებული და გამართული ფეხბურთი ითამაშეს. ორი ტაიმის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოლეს და ლამაზი გოლებიც გაიტანეს.

მატჩის დაწყებიდან ათ წუთში საჯარიმოს ფარგლებს გარედან რევაზ გეწაძემ დაარტყა და ბურთი მეტოქის ფეხიდან კარს უკან ჩაეშვა. რამდენიმე წუთში ბაქარ ქარდავა დავით კვირკველიას გასცდა და მეტოქის საჯარიმოში არშესულმა დაარტყა – რევაზ თევდორაძემ ბურთი მოიგერია.

მე-18 წუთზე ლაშა შინდაგორიძემ მარჯვენა ფრთაზე გვერდი ჯერ გეწაძეს აუარა, მერე ლევან შარიქაძეს და სამტრედიელთა საჯარიმოს ხაზიდან ცაციათი თევდორაძეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა – 1:0.

ტაიმის შუაწელში გეწაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური შეასრულა და პირდაპირ კარში წასული ბურთი ნადირაძემ გაჭირვებით მოიგერია.

ცოტა ხანში სტუმართა კონტრშეტევას მარჯნიდან გრიგოლ დოლიძის პასი მოჰყვა მეტოქის კარის წინ მყოფი ალექსანდრე იაშვილის მიმართ, რომლის ქუსლით დარტყმულს მცველი გადაეღობა, გადმოვარდნილ ბურთს ახლო მანძილიდან თორნიკე გორგიაშვილმა დაამატა და ნადირაძემ ცხინვალელები გოლის გაშვებისგან იხსნა.

თუმცა, “სამტრედიამ” კუთხურის უფლება მოიპოვა, რომელიც გეწაძემ შეასრულა და კვირკველიას თავურის მერე, ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა.

33-ე წუთზე, “სამტრედიამ” ანგარიში გაათანაბრა, როდესაც დოლიძემ მარცხნიდან კუთხური შეასრულა და ლევან კაკუბავამ თავით თითქმის კარის ხაზიდან გაიტანა. ამ ეპიზოდში “ცხინვალის” ფეხბურთელები მთავარ მსაჯ არსენ ნონიკაშვილს მიუთითებდნენ, რომ სამტრედიელმა ფეხბურთელმა ნადირაძე ხელით დაიჭირა და კარიდან გამოსვლის საშუალება არ მისცა. იგივე უთხრა “ცხინვალის” პრეზიდენტმა მურთაზ შელიამ ტრიბუნაზე მყოფ მსაჯთა დამკვირვებელ მერაბ მალაღურაძეს.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთი რომ რჩებოდა, თამაში შეჩერდა, რადგან ნონიკაშვილმა კახა კაჭარავას ემოციების დაოკებისკენ მოუწოდა. შესვენებას ბევრი არაფერი აკლდა, რომ შინდაგორიძემ მარცხენა ფლნგზე სისწრაფეში კაკუბავას აჯობა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ნიკა კაჭარავა ბურთს ვერ მიწვდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში “ცხინვალის” კონტრშეტევის დროს გიორგი ცერცვაძემ მარჯვნიდან ჩამოაწოდა და ბიძინა მახარობლიძემ ახლო მანძილიდან თავით ვერ გაიტანა.

58-ე წუთზე, დოლიძემ შეტევაში ბურთი დაკარგა, რასაც “ცხინვალის” კონტრშეტევა მოჰყვა, რომლის დროს რატი ცაცკრიალაშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად და რაც მთავარია ზუსტად დაარტყა – 2:1. ამ შემთხვევაში თევდორაძეს უკეთესად მოქმედება მართებდა.

“ცხინვალი” დაწინაურების შემდეგაც უტევდა და ჯერ ლექვთაძის შორეული დარტყმის მერე ბურთი კარს გადაცდა, ხოლო შემდეგ ცაცკრიალაშვილის შეუჩერებელი დარტყმული სახიფათო აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის შუაწელში შინდაგორიძე-კაჭარავა-მახარობლიძის სამსვლიანი კომბინაცია, ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან არაზუსტი დარტყმით დაასრულა და ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ამას მახარობლიძის რეიდი მოჰყვა, რომელმაც სამ მოწინააღმდეგეს გვერდი აუარა და მასპინძელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა დაარტყა – თევდორაძემ ბურთი უკუაგდო.

ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, რომ “ცხინვალის” მორიგი კონტრშეტევისას ლექვთაძემ მახარობლიძე მოძებნა, რომელმაც ცაცკრიალაშვილი “სამტრედიას” მეკარეს შეატოვა, მაგრამ მასპინძელთა გამთამაშებელმა ერთი შეხებით ვერ გაიტანა.

85-ე წუთზე, შინდაგორიძესთან ორთაბრძოლაში ხიზანიშვილმა და თევდორაძემ შეუთანხმებლად ითამაშეს, ხოლო კაკუბავამ ცარიელი კარისკენ გაგორებული ბურთი მოიგერია.

კახა კაჭარავა: “სტადიონზე მოსულ მაყურებელს მადლობა მინდა გადავუხადო. ნაწყენი არ წავიდოდნენ. მოგებას ვიმსახურებდით. ორი ტაიმის განმავლობაში მეტოქეს ვაჯობეთ. “სამტრედიაში” გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ჩვენმა ახალგაზრდებმა არაფერი დაუთმეს. ყველა ასპექტში ვაჯობეთ. საგოლე მომენტები სრულად რომ გამოგვეყენებინა, უფრო დიდი ანგარიშით გავიმარჯვებდით”.

ზაზა ზამთარაძე: “ცხინვალს” გამარჯვება მინდა მივულოცო. პრინციპული თამაში იყო და სამწუხაროდ დავმარცხდით”.

- მეტოქის დაუფასებლობას ადგილი ხომ არ ჰქონდა?

- ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ყოველ სამ ან ოთხ დღეში თამაში გაუჭირდათ. მათ კონდიციები არ ჰქონდათ სრულფასოვნად რომ ეთამაშათ.

ცხინვალი – სამტრედია 2:1 (1:1)

13 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.

ცხინვალი: ნადირაძე (კ), ქარდავა, შინდაგორიძე, მახარობლიძე, კაჭკაჭიშვილი, , ვარლამ გიორგის ძე კილასონია, ლექვთაძე (მარკოზაშვილი, 89), ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, ცაცკრიალაშვილი (მაისაშვილი, 83), ნიკა კაჭარავა (თარხნიშვილი, 77).

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

სამტრედია: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, გორგიაშვილი (ლეონარდო რამოსი, 73), დათო კვირკველია (კ), ბეჭვაია, შარიქაძე (ბოლქვაძე, 59), თორნიკე გრიგალაშვილი, გეწაძე, დოლიძე, იაშვილი (კაპანაძე, 58).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე.

გოლი: 1:0 შინდაგორიძე (18), 1:1 კაკუბავა (33), 2:1 ცაცკრიალაშვილი (58)

გაფრთხილება: კაკუბავა (54), ხიზანიშვილი (90+1), თარხნიშვილი (90+3)

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.

1.

დინამო ბთ.

19

11

3

5

24:15

36

2.

დინამო თბ.

18

11

2

5

31:17

35

3.

დილა

18

10

4

4

25:15

34

4.

ცხინვალი

19

10

3

6

20:23

33

5.

სამტრედია

19

9

4

6

22:15

31

6.

ჩიხურა

18

7

5

6

21:21

26

7.

გურია

18

6

7

5

18:25

25

8.

შუქურა

18

6

6

6

18:18

24

9.

ზესტაფონი

19

5

8

6

37:30

23

10.

მეტალურგი

18

6

5

7

19:19

23

11.

მერანი

19

5

7

7

15:17

22

12.

კოლხეთი

18

5

6

7

15:19

21

13.

ტორპედო

18

3

9

6

19:21

18

14.

ზუგდიდი

18

4

6

8

10:19

18

15.

სიონი

19

4

5

10

17:29

17

16.

ვიტ ჯორჯია

18

3

4

11

16:24

13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარკვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია),Lლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.43846