ქუთაისის “ტორპედოში” იჯარით 23 წლის უკრაინელი მეკარე ალექსეი შევჩენკო ითამაშებს, რომელსაც კონტრაქტი კიევის “დინამოსთან” აკავშირებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა ინტერნეტპორტალ football.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა. კიეველებმა შევჩენკო შარშან დონეცკის “ოლიმპიკში” გაანათხოვრეს, ხოლო “ტორპედოში” გადასვლამდე გოლკიპერი სათამაშო ფორმას “დინამო 2”-ში ინარჩუნებდა.
-მოლაპარაკება დიდი ხანი გრძელდებოდა? “ტორპედო” რატომ აირჩიეთ?
- ჩემი მენეჯერი ვადიმ შაბდილი გუნდს თებერვლიდან ეძებდა, როგორც უკრაინაში, ასევე საზღვარგარეთ. საჭირო იყო კლუბის მოძებნა, სადაც ასროცენტიანი სათამაშო პრაქტიკის გარანტია მექნებოდა. “ტორპედოს” წარმომადგენლები ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ და ქუთაისში ჩასვლა შემომთავაზეს.
- ამჟამად, “ტორპედოს” საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში მე-14 ადგილი უკავია. მიმდინარე სეზონში თქვენი გუნდი და პირადად თქვენ რა მიზნებს ისახავთ?
- 13 მატჩი დარჩა. მინიმუმ 10 უნდა მოვიგოთ. ასეთ შემთვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, მაღალი ადგილის დაკავება სრულად შესაძლებელია.
- უკრაინელ ფეხბურთელებთან ვისაც საქართველოში უთამაშიათ კონსულტაცია გაიარეთ? იმავე ქუთაისში შემოდგომაზე კიევის “არსენალის” ყოფილი მოთამაშეები ბონდარენკო და დრევალი გამოდიოდნენ. საერთოდ, ამჟამად საქართველოს ჩემპიონატში უკრაინელი ლეგიონერები საკმაოდ ბევრნი არიან...
- არა, ჯერ არავისთან მისაუბრია.
- “ტორპედოზე” და საერთოდ საქართველოს ჩემპიონატზე რა იცით?
- ვიცი, რომ ადრე “ტორპედო” კარგად გამოდიოდა და “დინამოს” დიდ კონკურენციას უწევდა. ამის შემდეგ პრობლემები და დაღმასვლა ჰქონდა. თუმცა, “ტორპედო” უმაღლესი ლიგის კლუბია, სადაც ღია ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, რაც უკვე საინტერესოა.