ფეხბურთი

8:06 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიტოლოს რეკორდი და იგუაინის ჰეთ თრიკი

ევროპა ლიგის 1/8-ფინალის ესპანური დერბის პირველ მატჩში, “სევილიას” ფეხბურთელმა ვიტოლომ ევროპა ლიგის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. მატჩი რომ დაიწყო, მან კევინ გამეიროსთან კედელი გაითამაშა და ანგარიში მე-14 წამზე გახსნა. მასპინძლებს წონასწორობის აღდგენა საპასუხო შეტევისას შეეძლოთ, მაგრამ ვიეტოს დარტყმული ზედა ძელს მოხვდა, ჩერიშევის დამატებული კი, არაზუსტი იყო. მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ მომენტებს ევროპა ლიგის მოქმედი მფლობელი ქმნიდა და 26-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა - მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მბიამ “ვილიარეალის” კარში თავით გადაგზავნა. თამაში რომ განახლდა, ვიეტომ ევროპა ლიგის ამ გათამაშებაში თავისი მერვე გოლი გაიტანა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ ორიოდე წუთში გამეირომ მასპინძლები მესამედ დაამწუხრა. ამის შემდეგ მასპინძლებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლეს და “სევილიამ” ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

იტალიურ დერბიში ანგარიში “ფიორენტინამ” მე-17 წუთზე გახსნა. “რომას” კაპიტანი დანიელე დე როსი მოედნის ცენტრში შეცდა, მოჰამედ სალაჰმა 20 მეტრი იარა, იოსიპ ილიჩიჩს კარგი გადაცემა გაუკეთა და მანაც არ უმტყუნა. რომაელებს სხვა უბედურებებიც ელოდათ - პირველ ტაიმში დაშავდნენ და შესაცვლელი გახდნენ დე როსი და კოსტას მანოლასი. მე-60 წუთზე სტუმრებმა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ ცუდად დარტყმული მეკარის ნადავლი გახდა. და მაინც, 77-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კეიტამ გოლად აქცია, მატჩი ფრედ დასრულდა და ამ წყვილიდან შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველია.

ლივერპულში წვიმდა, მაგრამ კიევის “დინამომ” ბრიტანულ ამინდს ადვილად აუღო ალღო და მე-14 წუთზე გუსევმა ანგარიში გახსნა. სტუმრებს მეორე გოლის გატანის შანსიც მალე მიეცათ, მაგრამ სიდორჩუკს ტიმ ჰოვარდმა ეფექტური ნახტომით აუღო. მალე გამოსვლისას ალექსანდრ შოვკოვსკი შეცდა, თუმცა რომელუ ლუკაკუმ 35 მეტრიდან ბურთი ცარიელ კარს ააცილა. მერე შოვკოვსკიმ ლუკაკუს სახიფათო ჯარიმა აუღო, 39-ე წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრდა - ლუკაკუ სამ მცველს გასცდა, ნეისმიტს კარგი გადაცემა გაუკეთა და მანაც უპრობლემოდ გაიტანა. “ევერტონი” მეტოქეს სჯობდა და საბოლოოდ საწადელსაც მიაღწია. 82-ე წუთზე დანილო სილვამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შანსი არ გაუშვა - 2:1.

ნეაპოლში მოსკოვის “დინამო” მეორე წუთზე დაწინაურდა, როდესაც კურანიმ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავით მასპინძელთა კარში გადაგზავნა. “ნაპოლი” ასე ადვილად როგორ დანებდებოდა და ტაიმის შუაში იგუაინმა ჩაწოდებულ ბურთზე თავით სამბას დაასწრო - 1:1. მალევე ვალბუენამ საჯარიმოში დრის მარტენსი წააქცია და არგენტინელმა დუბლი გაიფორმა. დაიწყო მეორე ტაიმი და “დინამო” მოედანზე კაცნაკლული დარჩა. 55-ე წუთზე იგუაინმა ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დაიმორჩილა და 3:1.

პირველი მატჩი სხვებზე ერთი საათით ადრე სანქტ პეტერბურგში დაიწყო. თამაში მხოლოდ 28 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბენასიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “ტორინო” “ზენიტთან” 10 კაცის შემადგენლობით დარჩა. ამის შემდეგ მასპინძლების უპირატესობა აშკარა გახდა და სმოლნიკოვის დარტყმული მეკარეს მოხვდა, მაგრამ დამატებაზე ვიტცელმა ანგარიში გახსნა. აბა ასეთ სიტუაციაში ერთბურთიან უპირატესობას ვინ დასჯერდებოდა და მართალია, ჰალკის დარტყმული ძელმა აისხლიტა, მაგრამ ბურთთან პირველი კრიშიტო გაჩნდა და “ზენიტის” უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

“დნეპრმა” ევროპის ლიგის ზედიზედ მესამე საშინაო მატჩი მოიგო მშრალად. ამჯერად ჯაბა კანკავას გუნდი ქართველი ლეგიონერის გარეშე ჰოლანდიურ გრანდ “აიაქსს” დაუხვდა და ზოზულიას ერთადერთი გოლით დაამარცხა. “აიაქსმა” სტუმრად ჩატარებული მატჩების სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, რადგან ზოზულიას გოლს ვერაფრით უპასუხა. უკრაინელებს სადარდებელი ყვითელი ბარათების სიმრავლე გაუხდებათ, რადგან ამ მიზეზით განმეორებით მატჩს ფედეცკი, როტანი და ზოზულია გამოტოვებენ.

“ვოლფსბურგმა” “ინტერი” მძიმე ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. მატჩის დებიუტში სტუმრები დაწინაურდნენ - მაურო იკარდის გამჭოლ გადაცემას საჯარიმოში როდრიგო პალასიო გამოეხმაურა. ამის შემდეგ ინიციატივას “მგლები” დაეუფლნენ და მართალია პაბლო კარისომ დანიელ კალიჯურის თავური მოიგერია, მაგრამ კუთხურს ნალდოს გოლი მოყვა. გერმანელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმართა მეკარე კარგად ირჯებოდა. იტალიელებს კონტრშეტევაზე შანსი მიეცათ, მაგრამ პალასიოს მიზანმა უმტყუნა. “ვოლფსბურგმა” თავისი შანსი არ გაუშვა, ვიეირინიამ კარისოსა და მცველების შეცდომით ისარგებლა, ბურთი ჩაჭრა და დე ბრეინემ მასპინძლები დააწინაურა. დე ბრეინემ 76-ე წუთზე ჯარიმიდან ბურთი შორეულ კუთხეში ჩაახვია და “ვოლფსბურგს” განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა შეუქმნა.

“ბეშიქთაში” “ბრიუგესთან” საწყის წუთებში დომინირებდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ამათმა მათ ერთმა კურიოზულმა მომენტმაც შეუშალა ხელი. “ბრიუგეს” კარის დარაჯის უკან, მოულოდნელად სტადიონის მორწყვის სისტემა ამუშავდა და ამან თურქების სახიფათო მომენტი ჩაშალა, მერე კი, მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ. და მაინც, გეკხან ტერემ სტუმრები მეორე ტაიმის დებიუტშივე დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა 62-ე წუთზე აღადგინეს, როდესაც დე სუტერმა საჯარიმოს გარედან დარტყმულ ბურთს ფეხი დაახვედრა და მიმართულება შეუცვალა. დარჩენილ დროში “ბრიუგე” ბურთს აკონტროლებდა, 79-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც რაფაელოვმა ტურნირში თავის მეექვსე გოლად აქცია და მასპინძლებს 2:1 მოაგებინა.

ევროპის ლიგის 1/8-ფინალი. პირველი მატჩები

12 მარტი

ზენიტი (რუსეთი) - ტორინო (იტალია) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვიტცელი (38), 2:0 კრიშიტო (53)

გაფრთხილება: ხავი გარსია (34), სმოლნიკოვი (64), რიაზანცევი (87) - ბენასი (12, 28), გლიკი (87), მოლინარო (90+4)

გაძევება: ბენასი (28)

დნიპრო (უკრაინა) - აიაქსი (ჰოლანდია) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ზოზულია (30)

გაფრთხილება: ფედეცკი (49), როტანი (51), ზოზულია (88), შახოვი (89) - ბოილესენი (23), ბაზური (50)

ვოლფსბურგი (გერმანია) - ინტერი (იტალია) 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 პალასიო (6), 1:1 ნალდო (28), 2:1 დე ბრეინე (63), 3:"1 დე ბრეინე (76)

გაფრთხილება: ნალდო (71) - იკარდი (30), დ’ამბროზიო (35), ვიდიჩი (75)

ბრიუგე (ბელგია) - ბეშიქთაში (თურქეთი) 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 გეკხან ტერე (46), 1:1 დე სუტერი (62), 2:1 რაფაელოვი (79 პ.)

გაფრთხილება: დე სუტერი (16), ულარე (85) - თოლღაი არსლანი (39), ნეჯილ უისალი (42), ჯენკ გენენი (69)

ნაპოლი (იტალია) - დინამო (მოსკოვი, რუსეთი) 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 კურანი (2), 1:1 იგუაინი (25), 2:1 იგუაინი (31 პ.), 3:1 იგუაინი (55)

გაფრთხილება: გულიამი (28) - ვალბუენა (30), ზობნინი (32, 46), ჯურჯაკი (41), გაბოჩანი (78), სამბა (80)

გაძევება: ზობნინი (46)

ევერტონი (ინგლისი) - დინამო (კიევი, უკრაინა) 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 გუსევი (14), 1:1 ნეისმიტი (39), 2:1 ლუკაკუ (82 პ.)

გაფრთხილება: მირალიასი (16) - მბოკანი (90)

ფიორენტინა (იტალია) - რომა (იტალია) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (17), 1:1 კეიტა (77)

ლიაიჩმა (რომა) მე-60 წუთზე ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

გაფრთხილება: პისარო (31), ალონსო (33), ილიჩიჩი (45+1), ნეტო (59), ბადელი (67) - ნენგოლანი (30)

ვილიარეალი (ესპანეთი) - სევილია (ესპანეთი) 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ვიტოლო (1), 0:2 მბია (26), 1:2 ვიეტო (48), 1:3 გამეირო (50)

გაფრთხილება: ჰაუმე კოსტა (21), მოი გომესი (35), კემპბელი (67) - კრიხოვიაკი (9), ალექს ვიდალი (90+2)

საპასუხო მატჩები 19 მარტს ჩატარდება

0.16334