თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ევროლიგის ტოპ-16-ის მორიგ ტურში სტუმრად “ნიჟნი ნოვგოროდს” ლამის პირველიდან ბოლო წუთამდე უგებდა, თუმცა, დასკვნით წამებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 85:89.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 32:12 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკე გაცილებით შედეგიანი იქნებოდა, თამაშიდან უფრო ზუსტად რომ ესროლა.
საბოლოოდ, შენგელიამ 9-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბასკური კლუბის რიგებში ყველაზე შედეგიანი ლატვიელი დავის ბერტანსი იყო 21 ქულით, 10-ქულიან ზღვარს კი ფაბიენ კოსიე (13), მაიკ ჯეიმსი (11), მირზა ბეგიჩი (11) და დარიუს ადამსი (10) ასცდნენ.
ლევან ფაცაციას ყოფილი კლუბიდან ამერიკელი ტრეი ტომპკინსი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 10 მოხსნა.
“ლაბორალ კუჩას” 4 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა და ტოპ-16-ის F ჯგუფში მე-5 ადგილზე რჩება. მე-11 ტურში, რომელიც 20 მარტს შედგება, ბასკური კლუბი ლიდერ პირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს.