სხვა

14:49 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ორივემ მოიგო!

ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი და გაგამარუ ოსაკაში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს ორივე ქართველმა გამარჯვება იზეიმა და ორივეს დადებითი ბალანსი გააჩნია.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ ერთადერთი მარცხის წილ მე-4 გამარჯვება დასავლეთის მე-6 მაეგაშირა კაისეისთან იზეიმა. დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა ბრაზილიელი სეკიტორი იორიკირით დაამარცხა.

ახლა, გორგაძე მხოლოდ ლიდერებს – იოკოძუნა ჰაკუჰოს, სეკივაკე ტერუნოფუჯის და რიგით მაეგაშირებს – ამინიშიკის და ჩიიოოტორის ჩამორჩება, რომელთაც მარცხის სიმწარე ჯერაც არ შეუგრძვნიათ. ოძეკებმა – გოეიდომ და კოტოშოგიკუმ კი პირველად წააგეს და ახლა, ტოჩინოშინის დარი ბალანსი გააჩნიათ.

ქართველი სეკიტორი მომდევნო ორთაბრძოლას აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ტოიონოშიმასთან გამართავს, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებშიც 4:7 მარცხდება.

მიმდინარე ტურნირზე დადებით ბალანსზე პირველად გავიდა თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელმაც სტარტზე განცდილი 2 მარცხის კვალად მე-3 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ოსაკაში დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მორიგ წარმატებას კი დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ჩიიომარუსთან მიაღწია. თეიმურაზმა მოწინააღმდეგე ოშიდაშით დაჯაბნა.

ჰარუ ბაშოს მე-6 დღეს გაგამარუ დასავლეთის მე-12 მაეგაშირა კოტოიუკის გაეჯიბრება, რომელთანაც ორივე გასული შერკინება წაგებული აქვს.

მარტის ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 0:09-დან, ტოჩინოშინის - 5:45-დან

0.114983