ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით იყო მოლოდინი, რომ „რეალი“ მომდევნო ეტაპზე იოლად გავიდოდა, ხოლო „ბაზელი“ პორტუგალიაში იბრძოლებდა. თუმცა, პირიქით მოხდა - „შალკეს“ მოქმედი ჩემპიონის გამოგდებამდე ერთი ბურთი დააკლდა, ხოლო „პორტუმ“ შვეიცარული ბარიერი ადვილად დაძლია.
„შალკემ“ ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა, როდესაც კასილიასმა ფუხსის დარტყმის შემდეგ არადამაჯერებლად ითამაშა.
მადრიდელებმა მალევე გაათანაბრეს. 25-ე წუთზე, კროოსმა ბურთი კუთხურიდან მოაწოდა და რონალდუმ, თავური დარტყმით, ევროტურნირებზე თავისი 77-ე გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ლიონელ მესისა და რაულ გონსალესს გადაასწრო და ევროტურნირების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
პირველი ტაიმის ბოლო „შალკე“ წინ კიდევ ერთხელ გავიდა. კასილიასმა არადამაჯერებლად უკვე მაიერის დარტყმის შემდეგ ითამაშა, ბურთი წინ მოიგერია და „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელმს, ჰუნტელაარს გოლის გატანის საშუალება მისცა.
„რეალმა“ კვლავ სწრაფად გაათანაბრა. კიდევ 5 წუთის გასვლის შემდეგ, რონალდუმ ზუსტი თავური უკვე კოენტრაუს ჩაწოდებას მოაყოლა. მადრიდელთა მე-7 ნომერმა, ჩემპიონთა ლიგაზე მე-20 დუბლი გაიფორმა და ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენ მესის გაუთანაბრდა.
მე-2 ტაიმის დაწყებიდან 8 წუთში, ქარიმ ბენზემამ „შალკეს“ მთელს დაცვას გვერდი აუარა და „რეალი“ წინ გაიყვანა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სტუმარი გუნდი 1/4-ფინალისთვის ვეღარ იბრძოლებდა, მაგრამ საპირისპირო მოხდა.
57-ე წუთზე, თამაშში შეცვლაზე შესულმა ლეროი სანემ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩს ატარებდა, პირველივე დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 19 წლის ნახევარცველი „შალკეს“ მე-2 ფეხბურთლი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. პირველად ეს მარიო გავრანოვიჩმა მოახერხა.
ძირითადი დროის ამოწურვამდე 6 წუთი რჩებოდა და „შალკეს“ 2 გოლის გატანა ჭირდებოდა. ამ დროს, კლას იან ჰუნტელაარმა ბურთი „რეალის“ ფეხბურთელისგან მიიღო და ყოფილი გუნდის კარში მე-2 გოლი გაიტანა. ამ გოლმა სიტუაცია უკიდურესად დაძაბა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს და შინ თავაწეულად დაბრუნებას დასჯერდნენ.
„რეალმა“, ევროტურნირებზე, საკუთარ მოედანზე 4 გოლი ისტორიაში მეორედ გაუშვა. პირველად ეს ასევე გერმანულ გუნდთან დაპირისპირებაში მოხდა. 2000 წლის თებერვალში, „ბაიერნმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ანგარიშით 4:2 მოიგო.
„რეალის“ დღევანდელი მარცხი „ბაიერნს“ სხვა მხრივაც უკავშირდება. მადრიდელებს შანსი ჰქონდათ, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-11 თამაში მოეგოთ და ახალი რეკორდი დაემყარებინათ, მაგრამ ისინი პირველობის მიუნხენურ გუნდთან გაყოფას დასჯერდნენ.
„რეალის“ წაგება იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებლები მხოლოდ „ჩელსი“ და „პორტუ“ დარჩნენ. ამ უკანასკნელმა, შვეიცარიაში 1:1 თამაშის შემდეგ, „ბაზელს“ 4 უპასუხო ბურთ გაუტანა და 1/4-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა და მისი ავტორი ბრაიმი გახდა. პორტუგალიელთა შემტევი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც, მიმდინარე გათამაშებაში, საჯარიმო დარტყმით 2-ჯერ იხეირა.
მე-2 ნახევრის დაწყებიდან მალევე, ერერამ საჯარიმოს წინა ხაზიდან ზუსტად დაარტყა და მასპინძელი გუნდი წინ ანგარიშით 2:0 გაიყვანა.
ათიოდ წუთში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. კაზემირომ კარიდან დაახლოებით 30 მეტრში დანიშნული ჯარიმა ძალიან კარგად შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა.
შეხვედრის ბოლო გოლიც ლამაზი გამოვიდა. მასპინძელთა ცენტრფორვარდმა, ვენსან აბუბაკარმა, რომელიც 3 მეტოქით იყო გარშემორტყმული, საჯარიმოს გარედან გაისროლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე, „ბაზელის“ გამოცდილმა მცველმა, ვალტერ სამუელმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა მის გაძევებას თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა აღარ მოუხდენია.
რეალი-შალკე 3:4 (პირველი მატჩი 2:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): კასილიასი, არბელოა (ნაჩო 83), პეპე, ვარანი, კოენტრაუ (მარსელო 58), ხედირა (მოდრიჩი 58), კროოსი, ისკო, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
შალკე (4-4-2): ველენროიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, ფუხსი, მაიერი, ნოიშტადტერი, ჰიოგერი (გორეცკა 57), ბარნეტა (უჩიდა 81), ჩუპო-მოტინგი (სანე 29), ჰუნტელაარი.
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო.
გოლები: 0:1 ფუხსი (20), 1:1 რონალდუ (25), 1:2 ჰუნტელაარი (40), 2:2 რონალდუ (45), 3:2 ბენზემა (53), 3:3 სანე (57), 3:4 ჰუნტელაარი (84).
გაფრთხილებები: რონალდუ 31, კოენტრაუ 55 – ნოიშტადტერი 90+4.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 14 (9)-19 (10), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 6-6, ჯარიმა: 4-5.
პორტუ-ბაზელი 4:0 (პირველი მატჩი 1:1)
პორტუ, “დრაგაო”
პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო (მარტინს ინდი 22), მაიკონი, მარკანო, ალექს სანდრო, ერერა, კაზემირო, ევანდრო (კუარეჟმა 78), ტელიო, აბუბაკარი, ბრაიმი (ნევესი 74).
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.
ბაზელი (4-3-3): ვაცლიკი, ქსაკა, შერი (ემბოლო 58), სამუელი, საფარი, ელნენი, ფრაი (კაკიტანი 63), ზუფი, გონსალესი, შტრელერი, გაში (კალა 77).
მწვრთნელი: პაულუ სოუზა.
გოლები: 1:0 ბრაიმი (14), 2:0 ერერა (47), 3:0 კაზემირო (56), 4:0 აბუბაკარი (76).
გაფრთხილებები: მარკანო 55 – გაში 30, გონსალესი 38, სამუელი 49, საფარი 55.
გაძევება: სამუელი 90+1.
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13 (7)-6 (3), კუთხური: 3-1, თამაშგარე: 5-0, სეივი: 3-3, ჯარიმა: 6-19.