კიშინიოვის “დაჩიას” ახალწვეულმა დავით სირაძემ მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალ დივიზიაში (უმაღლესი ლიგა) პირველი გოლი გაიტანა.
21-ე ტურში, “დაჩიამ” სტუმრად “საქსანი” 1:0 დაამარცხა და ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, თავი 42-ე წუთზე გამოიჩინა. სირაძე 73-ე წუთზე მარიან სტოლერუმ შეცვალა. ფორვარდი ჯაბა დვალი სასტარტოში იმყოფებოდა და 59-ე წუთზე პეტრუ ლეუკეთი ჩაანაცვლეს. ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილმა “საქსანში” 88 წუთი დაჰყო. “დაჩია” 36 ქულით 11 გუნდში მეორეა, ხოლო “საქსანი” 23 ქულით მეხუთეა.
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ყაზანის “რუბინმა” თავის მოედანზე ტულის “არსენალს” 1:0 აჯობა. ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ ყაზანელებში 90 წუთი ითამაშა, ხოლო “რუბინის” კიდევ ერთი უკანახაზელი მამუკა კობახიძე სათადარიგო იყო. “რუბინი” 30 ქულით 16 გუნდში მეექვსეა.
დანიის სუპერლიგის მე-20 ტურში “ოდენსემ”, სადაც ფორვარდი ლადო დვალიშვილი ირიცხება სტუმრად “ვესტსიელანდთან” 2:1 გაიმარჯვა. ქართველი ლეგიონერი “ოდენსეს” 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. წელს დვალიშვილს პირველ გუნდში არ უთამაშია და მხოლოდ დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა. არადა, ტრავმირებული არაა და ზამთრის მოსამზადებელი პერიოდიც გაიარა.