ფეხბურთი

19:23 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი 1/4-ფინალისტები დღეს გაოფიციალურდება

პორტუ-ბაზელი (პირველი მატჩი 1:1)

სამი კვირის წინათ გამართულ მატჩებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, დღევანდელი წყვილებიდან ინტრიგა მხოლოდ “პორტუსა” და “ბაზელის” მატჩს აქვს შერჩენილი. თუმცა, გამოკვეთილი ფავორიტი ამ დაპირისპირებასაც ჰყავს. შვეიცარიაში გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ “პორტუ” “ბაზელზე” უკეთესი გუნდია და პორტუგალიელები ამის საკუთარ კედლებში დამტკიცებას შეეცდებიან.

3 კვირის წინათ გამართული შეხვედრა ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იყო. “პორტუს” შვეიცარულ კლუბებთან სულ 7-ჯერ უთამაშია. პორტუგალიელბმა სამ-სამჯერ მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო ერთხელ წააგეს. საკუთარ კედლებში ჩატარებული 3 შეხვედრიდან “პორტუმ” 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

“ბაზელმა”, პორტუგალიურ გუნდებთან გამართული 11 შეხვედრიდან 2 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 5 დათმო. შვეიცარელებს, მეტოქის მოედანზე ჩატარებულ 5 მატჩში 3 ფრე და 2 მარცხი აქვთ.

“პორტუ” დღევანდელ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. ლოპეტეგის გუნდმა, პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო 6 თამაში მშრალად მოიგო და ლიდერ “ბენფიკასთან” ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

“ბაზელმა”, “პორტუსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ შვეიცარიის ჩემპიონატში კი წააგო, მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ ორ მატჩში იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა, რასაც თასის ნახევარფინალში გასვლაც მოაყოლა.

“პორტუს”, ტრავმების გამო, ოლივერი და ადრიანი არ ეყოლება. საეჭვოა ჯექსონ მარტინესის თამაშიც. “ბაზელი” დღევანდელ მატჩს ტრავმირებული ივანოვისა და დელგადოს, ასევე დისკვალიფიცირებული სუხის გარეშე ხვდება.

  • ამ გუნდებს შორის 3 კვირის წინათ გამართულ შეხვედრაში “ბაზელმა” კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყა;
  • 3 კვირის წინათ გამართულ მატჩში მსაჯმა 9 ყვითელი ბარათი აჩვენა, რაც მიმდინარე გათამაშების რეკორდია;
  • “პორტუ” ერთ-ერთია იმ სამ გუნდს შორის, რომლებსაც მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ წაუგიათ;
  • “პორტუს”, ევროტურნირებზე გამართულ ბოლო 8 საშინაო შეხვედრაში წაგება არ აქვს;
  • “პორტუმ”, ევროტურნირის ფლეი ოფში, მეტოქის მოედანზე ჩატარებული პირველი თამაში ფრედ მეათედ დაამთავრა. პორტუგალიელები, წინა 9 შემთხვევიდან მომდენო ეტაპზე 7-ჯერ გავიდნენ;
  • “ბაზელმა”, ფლეი ოფის პირველ მატჩში ფრედ მერვედ ითამაშა. წინა 7 შემთხვევიდან შვეიცარიელები შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 2-ჯერ გავიდნენ;
  • “პორტუმ”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 8 თამაშიდან 7 მოიგო;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, პირველი თამაშის 1:1 დასრულების შემდეგ, “პორტუს” მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაახლოებით 76% არის.

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარკანო, სანდრო, ნევესი, კაზემირო, ერერა, ტელიო, მარტინესი, ბრაიმი.

ბაზელი (4-2-3-1): ვაცლიკი, ქსაკა, შერი, სამუელი, საფარი, ფრაი, ელნენი, გონსალესი, ზუფი, გაში, შტრელერი.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

რეალი-შალკე (პირველი მატჩი 2:0)

ამ გუნდებს შორის გელზენკირხენში გამართულმა დაპირისპირებამ ყველა კითხვას პასუხი გასცა. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ “რეალს” 1/4-ფინალის საგზური უკვე განაღდებული აქვს და დღევანდელი მატჩი მხოლოდ ფორმალობაა.

“რეალის” უპირატესობაზე გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაც მეტყველებს. მადრიდელებმა “შალკესთან” ჩატარებული სამივე თამაში მოიგეს, გაიტანეს 11 და გაუშვეს 2 გოლი.

“რეალს”, გერმანულ გუნდებთან გამართულ 59 შეხვედრაში 28 მოგება, 10 ფრე და 21 წაგება დაუგროვდა. საკუთარ კედლებში ჩატარებული 27 თამაშიდან “სამფო კლუბმა” 21 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 2 დათმო.

“შალკე” ესპანეთის წარმომადგენლებს 27-ედ დაუპირისპირდება. წინა 26 შეხვედრიდან გელზენკირხენელებმა 7-7 მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 12 წააგეს. ესპანეთში გამართულ 13 მატჩში “შალკეს” 2 მოგება, 5 ფრე და 6 წაგება აქვს.

“რეალმა”, 3 კვირის წინათ გამართული შეხვედრის შემდეგ, შიდა ასპარეზზე მდგომარეობა გაიუარესა. გელზენკირხენში მოგებულ თამაშს მადრიდელებმა “ელჩესთან” მოგება კი მოაყოლეს, მაგრამ ბოლო 2 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღეს და ლიდერობა დათმეს.

“შალკეში” საპირისპირო სიტუაციაა. გელზენკირხენელებმა, “რეალთან” წაგების შემდეგ, ბუნდესლიგის 2 შეხვედრაში 1 ქულა აიღეს, მაგრამ გასულ უქმეებზე მოიგეს.

“რეალი” დღევანდელ მატჩს ტრავმირებული ხამეს როდრიგესისა და სერხიო რამოსის გარეშე ხვდება. “შალკე” მადრიდს კიდევ უფრო დიდი დანაკლისით ეწვია. გელზენკირხენელებს დისკვალიფიცირებული ბოატენგი, ასევე ტრავმირებული აოგო, დრაქსლერი, ფერმანი, ფარფანი, გიფერი, კირხოფი, კოლასინაცი და ობასი არ ეყოლებათ.

  • “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ზედიზედ მეთვრამეტედ მოხვდა, რაც ტურნირის რეკორდია. მადრიდელები, ბოლო 4 სეზონში, მინიმუმ ნახევარფინალამდე მისვლას ახერხებდნენ;
  • “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 21 საშინაო თამაშიდან 19 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა;
  • “რეალი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში ყველა მატჩი მოიგო;
  • თუ დღეს “რეალმა” მოიგო, ეს მადრიდელების მე-11 გამარჯვება იქნება და “სამეფო კლუბი” ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდსმენი გახდება;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “რეალმა” მეტოქის კარის მიმართულებით 134-ჯერ დაარტყა, საიდანაც 53 დარტყმა კარში წავიდა. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა;
  • “რეალის” მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი გოლების 72% პირველ ტაიმში გავიდა;
  • “რეალი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც, მიმდინარე გათამაშებაში, მე-2 ტაიმში გოლი ჯერ არ გაუშვია;
  • “რეალმა” კარი მშრალად ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაშში შეინახა. მადრიდელებს ასეთი შედეგი 1998 წლის შემდეგ პირველად აქვთ;
  • “რეალმა”, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული ბოლო 21 საჩემპიონთალიგო თამაშიდან გოლი ყველაში გაიტანა;
  • “რეალს”, ევროტურნირების ფლეი ოფის პირველ მატჩში, მეტოქის მოედანზე, აქამდე 29-ჯერ მოუგია. მადრიდელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა 28-ჯერ მოახერხეს;
  • “შალკემ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • “შალკეს” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველ მატჩში საკუთარ კედლებში აქამდე 4-ჯერ წაუგია და გელზენკირხენელები გათამაშებას ოთხივე შემთხვევაში გამოეთიშნენ;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, “რეალის” მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი 97%-ს უდრის.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, ვარანი, პეპე, მარსელო, ილიარამენდი, კროოსი, ისკო, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.

შალკე (3-5-2): ველენროიტერი, ჰიოვედესი, აიანი, ნასტასიჩი, ბარნეტა, ჰიოგერი, ნოიშტადტერი, მაიერი, ფუხსი, ჰუნტელაარი, ჩუპო-მოტინგი.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

0.120301